თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის დებულება
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიზანია მისცეს მაყურებელს შესაძლებლობა, უფრო ღრმად ჩასწვდეს და დააფასოს კინოხელოვნება, აგრეთვე წაახალისოს და შთააგონოს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები მსოფლიო კლასის შემოქმედებთან და ექსპერტებთან პროფესიონალურ დონეზე გამართული შეხვედრების საშუალებით. ფილმების ჩვენებები, პროფესიული შეხვედრები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ტიპის ჩვენებები, რომლებიც ყოველ წელს იმართება, სტიმულს აძლევს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნიჭისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებას.
ორგანიზაცია
ფესტივალი ორგანიზებულია კინოხელოვნების ცენტრის “პრომეთეს” მიერ, რომელიც ფლობს საავტორო უფლებებს ფესტივალის სახელზე და ოფიციალურ ლოგოზე. კინოხელოვნების ცენტრის მისამართია: 1012 თბილისი, საქართველო, დავით აღმაშენებლის გამზირი #164.
ძირითადი წესები
ფესტივალში მონაწილეობისათვის საჭიროა წინამდებარე დებულების დაცვა; პროდიუსერები, დისტრიბუტორები და სხვა მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ ფილმებს ფესტივალზე საჩვენებლად, ვალდებულნი არიან დაასაბუთონ, რომ მათ ამის კანონიერი უფლებამოსილება აქვთ. ფესტივალის დირექტორი უფლებას იტოვებს მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც არ მოიცავს ეს დებულება. მას შეუძლია, აგრეთვე, დაუშვას გამონაკლისები განსაკუთრებულ შემთხვევებში. თუ დებულების რომელიმე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით დავა წარმოიშვება, სავალდებულოდ ჩაითვლება მისი ქართული ვერსია.
ფესტივალის პროგრამა
ფესტივალის პროგრამა მოიცავს საკონკურსო და კონკურსგარეშე სექციებს.
საკონკურსო სექცია
• საერთაშორისო კონკურსი
საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს რეჟისორების პირველი ან მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმები 35 მმ ფირზე და ოპტიკური ხმოვანი რიგით, რომელთა მინიმალური ქრონომეტრაჟია – 60 წთ. ფილმის DVD-ასლი ინგლისური სუბტიტრებით ფესტივალის კომისიის მიერ განსახილველად და შესარჩევად უნდა წარმოდგენილი იქნეს ფესტივალის ოფისში 2011 წლის 15 ოქტომბრამდე. ფილმები, რომლებიც 2010 წლის იანვრამდეა დასრულებული, განხილული არ იქნება. მას შემდეგ, რაც დამატებით შეტყობინებას მიიღებს ფილმის კონკურსში დაშვების შესახებ, რეჟისორმა/პროდიუსერმა უნდა წარუდგინოს ფესტივალის ოფისს შემდეგი საბუთები:
• შევსებული განაცხადის ფორმა;
• ფილმის სინოფსისი და ოფიციალური ტრეილერი; ოფიციალური ტრეილერები და ნაწყვეტები ფილმებიდან სარეკლამო მიზნებისთვის ნაჩვენები იქნება ტელევიზიით მხოლოდ პროდიუსერის ნებართვით;
• რეჟისორის ფოტო, ბიოგრაფია და ფილმოგრაფია;
• ორიგინალური დიალოგები და მათი ინგლისური თარგმანი;
• სრული შემოქმედებითი და ტექნიკური ტიტრები;
• სხვა სარეკლამო მასალები და პრესა;
შენიშვნა: DVD-ასლები მხოლოდ ჩვეულებრივი ფოსტით უნდა იქნეს გამოგზავნილი, რადგან ექსპრეს-ფოსტით სარგებლობა შეუძლებელია საბაჟოსთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გამო.
პირობები
შერჩეულ მხატვრულ ფილმს ფესტივალზე წარადგენს მისი რეჟისორი/პროდიუსერი, ხოლო მგზავრობის და ცხოვრების ხარჯებს ფესტივალი დაფარავს.
არასაკონკურსო სექციები
გულისხმობს დამოუკიდებელი ევროპული კინოს უახლესი პროდუქციის ჩვენებას, კერძოდ იმ რეჟისორების შემოქმედების, რომლებიც წინა ფესტივალებზე იყვნენ წარმოდგენილი. არასაკონკურსო სექციებში შედის:
• ევროპული კინოს ფორუმი;
• დამზადებულია გერმანიაში;
• ფრანგული ფილმების ჩვენება;
• კადრშია იტალია;
• ჰორიზონტები;
• კინოსკოლები;
• რეტროსპექტივა;
• რეჟისორი ფოკუსში;
• სპეციალური ჩვენება;
• პარალელური ღონისძიებები;
• დოკუმენტური “ფიჩინგი” (დოკუმენტური ფილმების პროექტების წარდგენა)
ფესტივალის ჟიური და პრიზები
კონკურსს შეაფასებს სამი ჟიური:
• საერთაშორისო ჟიური
საერთაშორისო ჟიურის წევრებს და მის თავმჯდომარეს იწვევს ფესტივალის დირექტორი. ჟიური შედგება მსოფლიო კინოხელოვნების და კულტურის 5 გამოჩენილი წარმომადგენლისგან. საერთაშორისო ჟიური გადასცემს ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს;
• ფარაჯანოვის ჟიური
ჟიური შედგება სამი წევრისგან და ანიჭებს პრიზს განსაკუთრებული პოეტური ხედვისთვის
• ფიპრესის ჟიური
ჟიური შედგება სამი წევრისგან და ანიჭებს კინოკრიტიკოსთა ასოციაციის დიპლომს.
ფესტივალის პრიზებით დაჯილდოვებულ პირებს მოეთხოვებათ დახურვის ცერემონიაზე დასწრება და მიღებული პრიზის მოხსენიება თავიანთ სარეკლამო მასალებში როგორც საკუთარ ქვეყნებში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ოფიციალური პრიზები
ოქროს პრომეთე – საუკეთესო ფილმისთვის
ვერცხლის პრომეთე – საუკეთესო რეჟისურისთვის
ასლების ტრანსპორტირება და დაზღვევა
კონკურსში მონაწილე ფილმის ასლის გამოგზავნის ხარჯები გამომგზავნმა მხარემ უნდა დაფაროს, ხოლო ფესტივალი პასუხისმგებელია მის დაბრუნებაზე.
შერჩეული ფილმის ასლი უნდა მიეწოდოს ფესტივალის ოფისს 2011 წლის 25 ნოემბრამდე.
ფილმის ასლის მიღებიდან უკან გაგზავნის მომენტამდე მასზე პასუხისმგებლობას ფესტივალი იღებს. თუ ფირი დაზიანდა ან დაიკარგა, ფესტივალის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ განაცხადის ფორმაში მითითებული თანხით.
დასკვნითი დებულება
განაცხადის ფორმის შევსებით განმცხადებელი ეთანხმება ზემოთ მითითებულ წესებს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პოლიტიკა არ ითვალისწინებს ახსნა-განმარტების მიცემას იმ ფილმებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იქნა შერჩეული ფესტივალის პროგრამისთვის.
ფესტივალის სტუმრები
ფესტივალზე მოსაწვევ სტუმრებთან, მათი ფესტივალზე ყოფნის პირობებთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფესტივალის დირექტორატი იღებს.
ფესტივალზე აკრედიტაციის განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნეს 2011 წლის 10 ნოემბრამდე.
მისამართი:
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
0112 თბილისი, საქართველო
დავით აღმაშენებლის გამზირი #164
ტელეფონი: + 995 32 356760
ფაქსი: + 995 32 356760
office@tbilisifilmfestival.ge