| საერთაშორისო ჟიური |
 |
ელენა ჯუფრიდა
დაიბადა ბოლონიაში, იტალიაში. ცხოვრობს და მუშაობს ტრიესტში. დაამთავრა ტრიესტის უნივერსიტეტი, კინოს ისტორიის ფაკულტეტი. 1998 წლიდან მუშაობს ტრიესტის კინოფესტივალზე, მოგვიანებით ის ასოციაცია Alpe Adria Cinema-ს პრეზიდენტის მოადგილედ დაინიშნა, რომელიც ფესტივალს მართავს. ელენა ჯუფრიდა ტრიესტის კინოფესტივალის რეგიონული კონკურსის ორგანიზატორია, რომელიც ყოველწლიურად იმართება ტრიესტის კინოფესტივალის წინ და ამ რეგიონში შექმნილ, ადგილობრივი რეჟისორების მიერ გადაღებულ ვიდეო- და კინოფილმებს ეძღვნება. ამჟამად ჯუფრიდას საკუთარი ყოველკვირეული რადიო-გადაცემა, რომელიც კინოთეატრებში გამოსულ ახალ ფილმებს მიმოიხილავს. |
 |
ჰიუ ჰადსონი
ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი ბრიტანელი კინორეჟისორი. ჰადსონი 1936 წელს, ლონდონში დაიბადა. განათლება იტონისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში მიიღო. მოგვიანებით, რიდლი სკოტთან ერთად სარეკლამო და საპროდიუსერო სფეროში დაიწყო მუშაობა, რამაც კინემატოგრაფში მოხვედრის საშუალება მისცა. 1978 წელს მან ალან პარკერის მეორე ასისტენტის რანგში „შუაღამის ექსპრესის“ გადაღებაზე იმუშავა. 1979–80 წლებში ჰადსონმა თავისი სადებიუტო და ყველაზე წარმატებული ფილმი „ცეცხლოვანი ეტლები“ გადაიღო – ორი ბრიტანელი სპორტსმენის – ღვთისმოსავი ქრისტიანისა და ამბიციური ებრაელის ისტორია 1942 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ითვლება, რომ სწორედ ამ ფილმმა გამოაცოცხლა ბრიტანული კინოინდუსტრია – „ცეცხლოვანი ეტლები“ ბრიტანეთის კინოაკადემიის ოთხი პრიზით დაჯილდოვდა, მათ შორის – საუკეთესო რეჟისურისთვის. |
 |
ლუჩანო გლორი
შვეიცარიული წარმოშობის პროდიუსერი ლუჩანო გლორი ევროპულ კინოინდუსტრიაში მუშაობის ხანგძლივი გამოცდილების მქონე ადამიანია. მისი საპროდიუსერო საქმიანობა უკავშირდება ისეთ წარმატებულ რეჟისორებს, როგორებიც არიან დენიელ შმიდი, ჟაკ რივეტი, ლეა პული, ოთარ იოსელიანი. 1989 წლიდან ლუჩანო გლორი ბერლინში არსებული საპროდიუსერო ფირმის Metripolis Filmprotuktion-ის მფლობელია, რომლის მონაწილეობით შეიქმნა რებეკა ჰორნის ფილმი “ბასტერის საძინებელი”, ჟაკ ვან დორმელის “გმირი” (“ოქროს კამერა” კანის კინოფესტივალზე 1991 წელს). გლორის პროფესიული საქმიანობა ძირითადად საერთაშორისო ბაზრობებზე ორიენტირებული კინოპროდუქციიის წარმოებას უკავშირდება. 20 წელზე მეტია ის შვეიცარიაში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიას CONSORT B.–ს განკარგავს. |
 |
ნინო კირთაძე
მსახიობი, რეჟისორი და ჟურნალისტი. დაიბადა 1968 წელს, თბილისში. 1999 წელს თავისი პირველი დოკუმენტური ფილმი - „ედუარდ შევარდნაძის სამი ცხოვრება“ გადაიღო. 1997 წლიდან საფრანგეთში დასახლდა, სადაც თანამშრომლობდა პიტერ ბრუკთან, ჟან–პიერ ამერისთან, ფილიპ მონიესა და ჟერარ პირესთან. ნინო კირთაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების უმრავლესობა პრესტიჟული საერთაშორისო პრიზებითაა აღნიშნული. მისი ბოლო ნამუშევარი „დურაკოვო – ბრიყვების სოფელი“ (2008) სანდანსის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთში წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს. |
 |
პიტერ იან სმიტი
დაიბადა 1953 წელს, კეიპთაუნში, სამხრეთ აფრიკაში. დამოუკიდებელი კინორეჟისორი. გადაღებული აქვს დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები. ნინო ფურცხვანიძესთან ერთად დააფუძნა კინოკომპანია PS Pictures. |
| ფიპრესის ჟიური |
 |
ანჯეი ვერნერი
სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1962 წლიდან დაიწყო რეცენზიების წერა კინოსა და ლიტერატურაზე, ამავე პერიოდში აქვეყნებს ესსეებს სხვადასხვა პოლონურ ჟურნალებში. 1968 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი წიგნისთვის „ჩვეულებრივი აპოკალიფსი“. ამჟამად მუშაობს პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურული კვლევის ინსტიტუტში. კინოსა და ლიტერატურის კრიტიკისა და ისტორიის სფეროში გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი (მათ შორის რამდენიმე წიგნი). კითხულობს ლექციებს პოლონურ უნივერსიტეტებსა და ხელოვნების სკოლებში (ვარშავის უნივერსიტეტი, ლოძის კინოსკოლა, თეატრის აკადემია ვარშავაში, ჰუმბოლტისა და „ფრაიე“ უნივერსიტეტები ბერლინში, ებრაული უნივერსიტეტი იერუსალიმში). 1996 წელს მიიღო პროფესორის ხარისხი. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ანჯეი ვერნერი ფიპრესის პოლონეთის ეროვნული განყოფილების თავმჯდომარეა. |
 |
იულია - იოანა ბლაგა
1990-1995 წლებში სწავლობდა ბუქარესტის უნივერსიტეტში უცხო ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე (სადიპლომო ნამუშევარი “კინო და მანიპულაცია”). 1995 წლიდან დღემდე იულია ბლაგა გაზეთ "Romania libera"-ს კულტურული განყოფილების რედაქტორია. 2005 წლიდან აქვს საკუთარი სვეტი ყოველკვირეულ გაზეთში "Suplimentul de cultura". მუშაობდა რუმინეთის ეროვნულ ტელევიზიაში მრჩევლად კინოს საკითხებში ყოველკვირეული კულტურული ტელეპროგრამისთვის " Plus Minus Arta". სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე იყო კრიტიკოსთა ჟიურის წევრი, 2003 წელს მედფილმ ფესტივალზე რომში იყო პრესის ჟიურის წევრი. ავტორია წიგნისა “ფანტაზია და რეალობა. მირჩეა საუკანის წიგნი”, რომელიც 2003 წელს რუმინეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის (UCIN) პრიზით აღინიშნა. |
 |
მაია ლინე
ჟურნალისტი, თარჯიმანი, კინოექსპერტი, ლატვიის კინემატოგრაფისტთა ასოციაციის წევრი, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი (1993 წლიდან). დაიბადა რიგაში 1951 წელს. დაამთავრა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი. მუშაობდა ლატვიის კინოკომიტეტში უფროს სპეციალისტად, რიგის საქალაქო კინოდეპარტამენტში - კინოექსპერტად, აგრეთვე ლატვიის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში. 1987 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად ჟურნალ-გაზეთებში. როგორც საპატიო სტუმარს, ჟიურის წევრსა და ჟურნალისტს მაია ლინეს რეგულარულად იწვევენ ლატვიის კინოფესტივალებზე ( „არსენალი”, „ბალტიის მარგალიტი” და „ბიმინი”) ასევე საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოსკოვში, გეტებორგში, კოტბუსსა და ლუბეკში. |
| Parajanov Jury |
 |
ერიკა გრეგორი
გოტინგენში, ლონდონში, მიუნჰენსა და ბერლინში ერიკა გრეგორი გერმანულ და ბრიტანულ ლიტერატურას, ისტორიასა და ფილოსოფიას სწავლობდა. 1963 წელს ულრიხ გრეგორთან ერთად მან დააარსა ასოციაცია “გერმანული კინემათეკის მეგობრები”, რომელსაც ამჟამადაც ხელმძღვანელობს. დაარსებიდან (1970) დღემდე ერიკა გრეგორი კინოთეატრ „არსენალის“ კინოჩვენებების ორგანიზატორი და კინოპროგრამების შემდგენელია. 80-90-იან წლებში იგი იყო რეტროსპექტივების, ეროვნული და თემატური კინოპროგრამების კურატორი (“მოდერნიზმის მსოფლმხედველობები”, “ებრაული ცხოვრების წესები”, “იაპონია და ევროპა”, “მოსკოვი-ბერლინი”, “გერმანული სახეები”). 1971-2004 წლებში ერიკა გრეგორი ბერლინის კინოფესტივალის ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის შესარჩევი კომისიის წევრი, აგრეთვე კინოფესტივალის ორგანიზატორი და კოორდინატორი, ფესტივალის ჟიურის და კინოდაფინანსების კომისიების წევრია. ულრიხ გრეგორთან ერთად იგი გამოსცემს კატალოგებს, წიგნებსა და პერიოდულ სერიას “კინემათეკის რვეულები” (დღემდე გამოცემულია 99 სერია, ბოლო გამოცემები ეძღვნებოდა სატიაჯიტ რეის, იასუძირო ოძუსა და იმ ქვონ-ტექს). |
 |
ჯეიმს სტეფენი
ჯეიმს სტეფენი ემორის უნივერსიტეტის კინემატოგრაფიული კვლევის და მედიის ბიბლიოთეკის თანამშრომელია. ახლახან მან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო ემორის უნივერსიტეტის ლიბერალურ ხელოვნებათა ინსტიტუტში. მისი სადისერტაციო თემა ეხებოდა ეროვნულობისა და ესთეტიკის პოლიტიკას საბჭოთა კავშირში სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების მაგალითზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, რედაქტორი იყო The Armenian Review-ს სპეციალური გამოცემისა, რომელიც ფარაჯანოვის შემოქმედებას მიეძღვნა. წერს აგრეთვე DVD რეცენზიებს Turner Classic Movies-თვის. |
 |
მიხეილ კალატოზიშვილი
რეჟისორი, პროდიუსერი. დაიბადა 1959 წელს, თბილისში. 1987 წელს დაამთავრა მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ეფიმ ძიგანის სახელოსნო). მუშაობდა კინოსტუდიებში “ქართული ფილმი” და “ლენფილმი”. 1973 წლიდან ცხოვრობს მოსკოვში. არის “მიხეილ კალატოზოვის ფონდის” პრეზიდენტი. |