კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე"

კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე” 2002 წელს რამდენიმე თანამოაზრემ (გაგა ჩხეიძე, ნინო ანჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, დავით ბუხრიკიძე, ბესიკ დანელია, გუგა კოტეტიშვილი, გაგა ლომიძე, გიორგი ყაჯრიშვილი) დააარსა. ცენტრის საქმიანობის მთავარი მიზანი, სხვა პროექტების გარდა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შენარჩუნება იყო, რომელიც პირველად 2000 წელს ხელოვნების ფესტივალის “საჩუქრის” ფარგლებში ჩატარდა. ორი წლის განმავლობაში “საჩუქარს” ბევრი სპონსორი და მხარდამჭერი ჰყავდა, შესაბამისად, კინოფესტივალის პროგრამაც ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 2002 წელს “საჩუქარს” დახურვის საფრთხე დაემუქრა. ამ წელს კინოფესტივალი კინოხელოვნების ცენტრმა “პრომეთემ” დამოუკიდებლად, მწირი ფინანსებით ჩაატარა.

დროთა განმავლობაში “პრომეთემ” თავისი საქმიანობით სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესებაც შეძლო. 2004 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კერძო სპონსორებთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა, მომდევნო წლებში კინოცენტრს თბილისის მერია და კულტურის სამინისტროც შეუერთდა.