მედია / პროფესიონალები → სიახლეები → დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi დასრულდა
კინოფესტივალი მედიაში
2017-05-17

კავკასიის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi წელს უკვე მე-5 ჩატარდა. 6 დღის განმავლობაში კინოთეატრებსა თუ სხვადასხვა ღია სივრცეში უამრავი საინტერესო ფილმის ჩვენება, მასტერკლასი და დისკუსია გაიმართა. წლევანდელ ფესტივალში 60-მდე მოწვეული სტუმარი, 30 ქვეყანა და 67 დოკუმენტური ფილმი იღებდა მონაწილეობას.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ორი ქართული ფილმი მონაწილეობდა. საერთაშორისო კონკურსში ლევან კოღუაშვილის „გოგიტას ახალი ცხოვრება", რომლის პრემიერაც სწორედ CinéDOC-Tbilisi-ზე შედგა და Focus Caucasus-ში შორენა თევზაძის „დიდუბე, ბოლო გაჩერება".

კოღუაშვილის „გოგიტას ახალი ცხოვრება" - ეს არის ამბავი კაცზე, რომელიც ციხეში გატარებული 14 წლის მერე ცდილობს, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მართალია, მისი სურვილები ერთი შეხედვით საკმაოდ მოკრძალებულია, მას მხოლოდ საკუთარი სახლი და კარგ ქალზე ქორწინება სურს, მაგრამ ვის დააინტერესებს ღარიბი ფერმერი და ყოფილი მსჯავრდებული, რომელიც ისევ დედასთან ერთად ცხოვრობს?

შორენა თევზაძის ფილმის გმირი კი ნიკოა, კაცი, რომელსაც ქალაქის ყველაზე გადატვირთულ ადგილას - სადგურზე, ერთი პატარა ვეტერინარული მაღაზია აქვს, სადაც ის ცოლთან, ციცოსთან ერთად ზის და... ლექსებს წერს, თავისუფალ დროს კი ნოდარს და ლილის საკუთარ ოცნებებზე, სურვილებსა და მუსიკაზე ესაუბრება.

ფესტივალის საზეიმო დახურვა გუშინ გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ჟიურიმ გამარჯვებულები დააჯილდოვა: საერთაშორისო კონკურსი - „ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარ", (რეჟისორი პაველ ლოზინსკი, პოლონეთი), Focus Caucasus - „დიდუბე, ბოლო გაჩერება", (რეჟისორი შორენა თევზაძე, საქართველო), CivilDOC - „ადა მერად", (რეჟისორი პაუ ფაუსი, ესპანეთი).

 

 

მნახველთა რაოდენობა: 518