მედია / პროფესიონალები → სიახლეები → კიდევ ერთხელ “ჩემი ბედნიერი ოჯახის” შესახებ
კინოფესტივალი მედიაში
2017-06-23

მას შემდეგ რაც ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" საფრანგეთის კინოთეატრებში გამოვიდა (ჩვენებები 10 მაისს დაიწყო), ფილმი 60 ათასმა მაყურებელმა ნახა. ხოლო 13 ივლისს მას გერმანიის კინოთეატრებშიც გაუშვებენ.

ქართველი მაყურებელი ნანა და სიმონის პრიზირებული ფილმის ნახვას სექტემბერში, საქართველოს კინოთეატრებში შეძლებენ.

"ჩემი ბედნიერი ოჯახის" პრემიერა 2017 წლის იანვარში სიდნეის კინოფესტივალზე შედგა. მას შემდეგ ფილმი მრავალ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი და არაერთი პრიზი მიიღო - საუკეთესო რეჟისურისთვის, ოპერატორული ნამუშევრისთვის, საუკეთესო ფილმისთვის.

ივლისში ფილმი კარლოვი ვარის, ოდესის და ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამაში იღებს მონაწილეობას.

გამოსვლის დღიდან, ფილმს საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო პრესაში:

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" არ არის ისტორია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ თავისუფლდება ქალი წნეხისგან. ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს გადმოეცათ მანანას თანაცხოვრების დეტალები ოჯახში. ეს არის არაჩვეულებრივი ფილმი, სადაც ნაჩვენებია, თუ რას ნიშნავს და რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოჯახში სიყვარულიც და კამათიც თანაბრად არსებობს..."

"...გულისტკივილისგან ახალი შესაძლებლობები იბადება. უყურებ ამ ფილმს, უყურებ, და ხვდები, რომ რასაც ხედავ ეს უკვე აღარ არის კინო. ეს არის თავად ცხოვრება, მთელი თავისი არეულობით, საშინელებითა და ბრწყინვალებით."
"Village Voice", Bilge Ebiri (23.01.17)

"...ფილმის შემდეგ ამაღელვებელი ჰარმონიის შეგრძნება გეუფლება; შეგრძნება, რომელიც ყოველდღიურობასა და სიღმეს აერთიანებს. არ არსებობს ფილმისთვის ამაზე უკეთესი დასასრული - საზრიანი, თანაგრძნობით განსჭვალული და კომპლექსური.
"The Playlist", Andrew Crump (28.01.17)

"აუჩქარებელი, მაგრამ მუდმივად ჩამთრევი სურათის ფოკუსში ია შუღლიაშვილის ცენტრალური, მომნუსხველი სამსახიობო შესრულებაა მოქცეული. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მშვიდი და ჰეროიკული ინტოვერტი პერსონაჟი, რომელიც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ეკრანზე არ გვინახავს."
"Screen International", Lee Marshal (20.01.17)

"ეს არის უბრალო, გარკლეულწილად ყოველდღიური ამბავი, შესანიშნავი მსახიობებით და ნიჭიერი რეჟისორების მიერ მოთხრობილი. ის თანდათან ტრანსფორმირდება, როგორც ბერძნული ტრაგი-კომედია, სადაც ერთი უშიშარი ქალი ცდილობს საყვარელ ადამიანებს გაეცალოს, რომლებიც მას დანაშაულის გრძნობითა და სიყვარულით ახრჩობენ".
"The Hollywood Reporter", Jordan Mintzer (23.01.17)

"ფილმში არ არსებობს სულ მცირე წამიც კი, რომელიც არ არის მტკივნეულად მართალი".
"LA Weekly", Bilge Ebiri (23.01.17)

"აუცილებლად სანახავი ფილმი".
"Rolling Stone", David Fear (30.01.17)

"უდავოდ ფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი და ძლიერი მეტოქე წლის საუკეთესო ფილმებს შორის.
"Film Journal", Tomris Laffly (23.01.17, Sundance Film Festival)


"ჩემს ბედნიერ ოჯახს" აღებული აქვს პრიზები შემდეგ ფესტივალებზე:

ლეჩეს ევროპული ფილმების ფესტივალი: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო ოპერატორული ნამშევარი, FIPRESCI-ს პრიზი.

სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალი: საუკეთესო რეჟისურა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კინოფესტივალი, ვისბადენი: საუკეთესო რეჟისურა, FIPRESCI-ს პრიზი.

ჰონკონგის საერთაშორისო კინოფესტივალი: გრან-პრი საუკეთესო ფილმისთვის.

ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალი: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სამსახიობო შესრულება (ია შუღლიაშვილი).

სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი: ჟიურის სპეციალური აღნიშვნა.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 593