მედია / პროფესიონალები → სიახლეები → „ოქროს გარგარი“ გუშინ საზეიმოდ გაიხსნა!
კინოფესტივალი მედიაში
2017-07-10

9 ივლისს ერევანში მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი" დაიწყო.

ფესტივალი მაყურებელს შვიდი დღის განმავლობაში 138 ფილმს სთავაზობს. „ბრიტანული ფილმის კვირეული", „ერევნის ღამეები", „პრემიერები" - ამ პროგრამებში ნაჩვენები იქნება კიმ კი-დუკის, სერგეი ლოზნიცას, აკი კაურისმიაკის, რუბენ ოსტლუნდის და სხვა ცნობილ რეჟისორთა ახალი ფილმები. გაიმართება ანჯეი ვაიდას, ჟან-პიერ მელვილის და სხვა გამოჩენილ კინემატოგრაფისტთა საიუბილეო ჩვენები. 

საკონკურსო პროგრამა ფესტივალზე სამ სექციაშია წარმოდგენილი - „მხატვრული", "დოკუმენტური" და „სომხური პანორამა". ფილმებს საერთაშორისოს გარდა, დამოუკიდებელი ჟიურიც შეაფასებს - ფიპრესი (კინოკრიტიკოსთა ასოციაცია) და ეკუმენიკური.

მხატვრული ფილმების კონკურსში 12 ფილმი იღებს მონაწილეობას: გერმანულ, კანადურ, ინდურ, ირანულ და უკრაინულ ფილმებთან ერთად, ნაჩვენები იქნება გიორგი ოვაშვილის „ხიბულა", რომლის პრემიერაც კარლოვი ვარის 52-ე კინოფესტივალზე შედგა.

დოკუმენტური ფილმების კონკურში 16 ფილმთან ერთად მონაწილეობს რატი ონელის „მზის ქალაქი". ფილმს დიდ ბრიტანეთში, შეფილდის საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე - მთავარი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალ goEast-ზე კი, კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზები აქვს მიღებული. მადრიდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე კი, „მზის ქალაქი" საუკეთესო ფილმად აღიარეს.

საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსს ხუთი კინოპროფესიონალისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, რომელსაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი კინორეჟისორი ჰიუ ჰადსონი უხელმძღვანელებს. ჩვენს მაყურებელს ალბათ არ სჭირდება ამ რეჟისორის წარდგენა, ჰადსონი მრავალჯერ სწვევია თბილისის კინოფესტივალს და 2006 წელს ჟიურის თავჯდომარე იყო. ჰადსონის ყველაზე ცნობილი ფილმია „ცეცხლოვანი ეტლები", რომელიც 1924 წლის ოლიმპიური თამაშების დროს განვითარებულ მოვლენებს მოგვითხრობს. ამ ფილმმა მაშინ რეჟისორს ოთხი „ოსკარი" მოუტანა.

რაც შეეხება კიდევ ერთ საინტერესო საკონკურსო სექციას - „სომხურ პანორამას", აქ წარმოდგენილი იქნება ბოლო პერიოდში შექმნილი სომხური მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. მისი ჟიურის წევრად ჩვენი ფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძეა მიწვეული.

„სომხურ-თურქული კინოს პლატფორმა" - ასე ჰქვია ვორქშოფების სერიას, რომელიც ფესტივალზე 2008 წლიდან იმართება. პროგრამა ევროკავშირის ინიციატივის - "დავეხმაროთ სომხეთ-თურქეთს ნორმალიზაციის პროცესს" - ფარგლებში ტარდება და მისი მხარდაჭერით უკვე 20 ფილმი შეიქმნა. წლევანდელი ვორქშოფისთვის შემოსული 36 განაცხადიდან კომისიამ 10 საუკეთესო შეარჩია და გამარჯვებულს, ფესტივალის დასასრულს 7,500 ევროთი დააჯილდოებს.

როტერდამისა და პუსანის კინოფესტივალების მხარდაჭერით „ოქროს გარგარზე" 2007 წლიდან იმართება პროგრამა „რეჟისორები საზღვრებს გარეთ" (DAB). კინოპროფესიონალებისთვის შექმნილი ეს ქსელი, სხვადასხვა ვორქშოფებს, ფიჩინგებსა და პრეზენტაციებს სთავაზობს მონაწილეებს.

„ოქროს გარგარი" 2004 წელს სამმა თანამოაზრემ დაარსა - ჰარუტიუნ ხაჩატრიანმა (კინორეჟისორი, ფესტივალის გენერალური დირექტორი), მიკაელ სტამბოლციანმა (კინოკრიტიკოსი, პროგრამების დირექტორი) და სუსანა ჰარუტუნიანმა (კინოკრიტიკოსი, მხატვრული დირექტორი). 2005-2015 წლებში ფესტივალის პრეზიდენტი იყო ცნობილი რეჟისორი ატომ ეგოიანი. გამოჩენილი რეჟისორის სახელმა უდავოდ შეუწყო ხელი ფესტივალის პოპულარიზაციას და „ოქროს გარგარი" მალევე მოექცა უცხოური პრესის ყურადღების ქვეშ.

2009 წელს ფესტივალმა ჰოლივუდის საერთაშორისო პრესის ასოციაციის პრიზი მიიღო - „ჩვენი წარმომადგენლები სტუმრობენ ევროპის დიდ ფესტივალებს: ვენეციას, კანს, ბერლინს. თუმცა ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ ეს ჩარჩო ახალი, განვითარებადი, იმედისმომცემი ფესტივალებით. ბევრი გვსმენია „ოქროს გარგარზე" და ამ პრიზით გვინდა ხაზი გავუსვათ ფესტივალის მნიშვნელობასა და მის წარმატებულობას", - აღნიშნა მაშინ საზეიმო ცერემონიაზე ჰოლივუდის საერთაშორისო პრესის ასოციაციის წარმომადგენელმა.

სხვადასხვა დროს ფესტივალის საპატიო სტუმრები იყვნენ: ვიმ ვენდერსი, ტონინო გუერა, კლაუდია კარდინალე, ფანი არდანი, თეო ანგელოპულოსი, ლი ჩან დონი, ფატიჰ აკინი, იშტვან საბო, ოთარ იოსელიანი და მრავალი სხვა.

ფესტივალის საპატიო ჯილდოს „ოქროს გარგარის" მფლობელები 16 ივლისს გამოვლინდებიან.

 

მნახველთა რაოდენობა: 893