მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი
კინოფესტივალი მედიაში
2017-07-19

14 -22 ივლისს უკრაინაში ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება. ფესტივალი 2010 წლიდან იმართება და სხვადასხვა სექციებთან ერთად მაყურებელს სამ საკონკურსო პროგრამას სთავაზობს: საერთაშორისო, ნაციონალურს და ევროპულ დოკუმენტურ კინოს.

პროფესიული კინოინდუსტრიის განვითარება ოდესის კინოფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სწორედ ამიტომ, „კინოინდუსტრიის ოფისის“ ფარგლებში ჯერ კიდევ სამუშაო პროცესში მყოფი ფილმების პრეზენტაცია, დისკუსიები და კინობაზრობა იმართება. ოდესის კინოფესტივალის ინდუსტრიულ ნაწილში მონაწილეობს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი ანა ჭყონია.

როგორც წესი, ფესტივალის გრანპრის მაყურებელი ანიჭებს. დანარჩენ ნომინაციებში (საუკეთესო ფილმი, რეჟისურა და სამსახიობო შესრულება) ფილმებს ფესტივალზე მოწვეული ჟიური აფასებს.

წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი”

სპეციალურ ჩვენებაში წარმოდგენილია ზაზა ურუშაძის “მანდარინები”. ქართველი რეჟისორი ეროვნული კონკურსის ჟიურიშია მიწვეული.

წლევანდელ ფესტივალზე ტარდება მასტერკლასები, რომელთაც ცნობილი კინემატოგრაფისტები ატარებენ, მათ შორის ქრისტიან პეტცოლდი, რომელიც საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრია, და სერგეი ლოზნიცა.

ფესტივალის ერთი სეანსი ტრადიციულად ე.წ. „პოტიომიკინის კიბეებზე“ ჩატარდება. ეიზენშტეინის ფილმიდან კარგად ნაცნობი ეს კიბეები  ღია კინოდარბაზად გადაიქცევა, და 15 ათასი მაყურებელი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ნახავს ფრანგი რეჟისორის, ჟულიენ დუვივიეს სურათს „ქალთა ბედნიერება“ (1930). 

მნახველთა რაოდენობა: 714