მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ბათუმში საავტორო ფილმების 12-ე საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს
კინოფესტივალი მედიაში
2017-09-18

17 სექტემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალი, რომელიც 2006 წლიდან იმართება წელს გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმით „ხიბულა" გაიხსნა. ოვაშვილის ახალი ფილმი, რომლის პრემიერაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გაიმართა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ბოლო დღეებს ასახავს. ფილმს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო პრესაში და როგორც გამოცემა „ჰოლივუდრეპორტერმა" აღნიშნა: „ეს ფილმი არის მედიტაცია - ძალაუფლების ბუნებასა და ადამიანის როლზე ამ სამყაროში". ბათუმის კინოფესტივალზე „ხიბულას" ქართული პრემიერა გაიმართა, რომელსაც ფილმის რეჟისორი და გადამღები ჯგუფი დაესწრო.

ფესტივალის საზეიმო გახსნაზე ჯგუფმა „ირიაომ" გია ყანჩელის მუსიკალური ნაწარმოებები შეარულა. ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა კი, კინოში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვეს მოწვეული საპატიო სტუმრები - კომპოზიტორი გია ყანჩელი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე.

დღეიდან 23 სექტემბრის ჩათვლით მაყურებელს შესაძლებლობა აქვს დაესწროს საკონკურსო თუ არასაკონკურსო ჩვენებებს, რომელიც კინოთეატრ „აპოლოში", ერას მოედანზე და სასტუმროში "Wyndham" გაიმართება. 30 ქვეყნიდან წარმოდგენილია 80-მდე სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ფესტივალზე არაერთი საინტერესო ევროპული ნამუშევრის ჩვენება და ქართული პრემიერა შედგება.

შეგახსენებთ, რომ საკონკურსო პროგრამებში ქართული ფილმებიც მონაწილეობს - მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში მარიამ ხაჭვანის „დედე", ხოლო დოკუმენტურ სექციაში რატი ონელის „მზის ქალაქი". მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი 25 ფილმთან ერთად 5 ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

ფესტივალი გამარჯვებულებს 24 სექტემბერს გამოავლენს.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 590