მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ბედნიერი ოჯახი (?!)
კინოფესტივალი მედიაში
2017-09-27

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის "ჩემი ბედნიერი ოჯახის" პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. ის პირველი ქართული ფილმია, რომლის დისტრიბუციის უფლება უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ „ნეტფლიქსმა" იყიდა, რომელსაც 104 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. 2006 წელს კომპანიამ 130 ქვეყნით გააფართოვა საზღვრები, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ნახავენ.

ზაფხულის განმავლობაში „ჩემი ბედნიერი ოჯახი" საფრანგეთისა და გერმანიის კინოთეატრებში გადიოდა, სადაც ის 70,000-მა მაყურებელმა ნახა. ხოლო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ „ფიპრესი" წლის 10 საუკეთესო ევროპულ ფილმს შორის დაასახელა. სოფიას, ლეჩეს, ჰონკონგის, ვისბადენის, ტრანსილვანიის, სიეტლის, ოდესისა და ევრაზიის კინოფესტივალების გამარჯვებული „ჩემი ბედნიერი ოჯახი" ხვალ, 28 სექტემბერს თბილისის კინოთეატრებში გამოვა.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი" ერთი ოჯახის 3 თაობასა და მათ ურთიერთობაზე გვიყვება. ტიპური ქართული ოჯახია, მუდამ მოვიშვიშე ბებიით (ბერტა ხაფავა), ცხოვრებისგან დადუმებული ბაბუით (გოვენ ჭეიშვილი), გადარბენაზე მყოფი ოჯახის დიასახლისით (ია შუღლიაშვილი) და მისი ცოტა ზერელე, მოქეიფე ქმრით (მერაბ ნინიძე), კომპიუტერზე „შეყვარებული" 20 წლის ბიჭით (გიორგი ტაბიძე) და ახლად გათხოვილი ქალიშვილით (ცისია ქუმსიშვილი), რომლის ერთადერთი საფიქრალი დროზე დაორსულებაა.

პატარა ბინის სივრცეში „გამოკეტილები" ისე მჭიდროდ ცხოვრობენ, რომ ოთახებში გასვლისას ერთმანეთს მხარსაც კი გაჰკრავენ ხოლმე - „ეე, წესიერად გაიარე რა"; „მე რაა, შენ იყურე წინ"; „თავხედი"...

ფილმის დასაწყისში თვალს ავლებ მთელ ამ სიტუაციას, ხედავ მანანას, რომელიც სკოლაში მოსწავლეებს „შუშანიკის წამებას" უკითხავს, მერე კი სახლში ბრუნდება დედის დაბარებული პროდუქტებით ხელში, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა და მიუხედავად იმისა, რომ თავად არაფრის აღნიშვნა არ უნდა, „სირცხვილია, ვიღაცეები მაინც მოვლენ და სუფრა გაშლილი უნდა იყოს". ეს „ვიღაცეები" მისი ქმრის მეგობრები არიან, ჩამოსასხმელი ღვინით და გიტარაზე აჟღერებული ქართული სიმღერებით. მანანა თითქოს დაკარგულია ამდენ გმირში, მისი ხმა თითქოს ძალიან დაბალია იმისათვის, რომ გაიგონ, ანდა... საერთოდ, რა შეიძლება უნდოდეს 52 წლის ცოლს, დედას, შვილს და პედაგოგს?

მანანა ფილმის დასაწყისშივე იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას - ალაგებს ჩანთას და ნაქირავებ ბინაში გადადის საცხოვრებლად. დაიღალა ამდენი ყაყანით და ამდენი როლით, სადაც „მე" ნელ-ნელა გაქრა და დარჩა მხოლოდ მანანა-დედა, მანანა-შვილი, მანანა-ცოლი.

მთელი 2 საათი უყურებ, როგორ ცდილობს ის ახალი ცხოვრების დაწყებას და როგორ ცდილობენ ნათესავები მის „ჭკუაზე მოყვანას", როგორ ითხოვს ყველა პასუხს კითხვაზე - რატომ? რადგან მანანას მიზეზი მათთვის არადამაჯერებელია, - „რა, ვინმე გყავს?" ეკითხებიან გამუდმებით.

არავინაც არ ჰყავს. აი, ძებნით კი ეძებს, თავის თავს ეძებს. ახალ სახლში იდილია ნელ-ნელა უფრო მყარდება: დაკოპლილი ფარდები მეტ სიმყუდროვეს ქმნის, აივანზე კი ახლად დარგული პომიდორი ამოვიდა, ხის თაროებსაც მალე დაკიდებს და ზედ, ძველი სახლიდან წამოღებულ წიგნებს, ბეევრ წიგნს დააწყობს. ახლა აღარავინ უშლის ხელს, მიირთვას ბეზეებიანი ხილის ტორტი სადილის მაგივრად, სრულ სიჩუმეში უსმინოს მოცარტს რადიოთი და ცხელი ჩაისჭიქით ხელში, ღია აივნიდან მობერილ სუფთა ჰაერზე იკითხოს წიგნები.

დინამიკურად განვითარებული თხრობა, იუმორით სავსე სცენები და კარგი რეჟისორული ნამუშევარი - ეს, პრინციპში, ნანამ და სიმონმა ჯერ კიდევ „გრძელ, ნათელ დღეებში" დაგვანახეს, სადაც მრავალჯერ გადაღეჭილი თემა - 90-იანი წლების ქართული რეალობა სრულიად ახლებურად წარმოგვიდგინეს. ფაქტობრივად, „ჩემი ბედნიერი ოჯახი" „გრძელი ნათელი დღეების" გაგრძელებაა, ისევ იმავე თემების კვლევით (ქალი, საზოგადოება, ნაადრევი ქორწინება, ოჯახი), რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს „გრძელი ნათელი დღეების" მთავარი პერსონაჟების - ეკასა და ნათიას (ლიკა ბაბლუანი, მარიამ ბოკერია) გამოჩენა.

ძნელია მოჰყვე „ჩემს ბედნიერ ოჯახზე", ისევე ძნელი,როგორც... მოჰყვე ცხოვრებაზე, მაგალითად. ეს თითქმის შეუძლებელიცაა. აქ ყველაფერი ნაღდი და შეულამაზებელია. ყველაფერი ზუსტად ისეთია, როგორც სინამდვილეში ჩემთან და თქვენთან. ნამდვილი და გულწრფელი.

ავტორი: სალომე კიკალეიშვილი

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1274