მედია / პროფესიონალები → სიახლეები → „2017 - საქართველო-გერმანიის წელი“ და ქართული კინოჩვენებები „არსენალში“
კინოფესტივალი მედიაში
2017-10-05

2017 წლის 21 აპრილს, თბილისის საკრებულოს შენობაში, „2017 - საქართველო-გერმანიის წელი" ოფიციალურად გაიხსნა.

სლოგანით „მომავლის მემკვიდრეობა. საქართველო-გერმანიის წელი 2017" გერმანია და საქართველო 2017 წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

2017 წელს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდება. ამას გარდა, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება.

საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, ბერლინის კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტსა და თეატრში „არსენალი", ქართული კინოს კვირეული იმართება. 1-19 ოქტომბერს მაყურებელს ექნება შესაძლებლობა ნახოს ქართული კინოს საეტაპო და ახალი ფილმები, ამას გარდა, დაესწრონ თეატრში გამართულ დისკუსიებს, რომელსაც რეჟისორები: ოთარ იოსელიანი, ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და დიტო ცინცაძე გამართავენ.

რეტროსპექტივების სერია 1 ოქტომბერს გაიხსნა ქართველი რეჟისორის ლანა ღოღობერიძის ფილმით „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე". თეატრში შეკრებილ საზოგადოებას, „არსენალში" დაცული უმდიდრესი ქართული არქივის, წარსული თანამშრომლობისა და სამომავლო პროგრამის შესახებ ესაუბრა ცენტრისა და კინოფესტივალ ბერლინალეს ფორუმის ხელმძღვანელი შტეფანი შულტე შტრატჰაუსი და კულტურის ატაშე დუდანა მაზმანიშვილი.

2 ოქტომბერს კი, შტეფანი შულტე შტრატჰაუის მოდერატორობით გაიმართა დისკუსია, რომელსაც ერიკა და ულრიხ გრეგორები, ხათუნა ხუნდაძე (რეჟისორი, კინოსტუდია „ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს წევრი) და სიუზან ოქსტობი (კალიფორნიის უნივერსიტეტი) ესწრებოდნენ.

„არსენალის" დამფუძნებლებს, კინოკრიტიკოსებს ერიკა და ულრიხ გრეგორებს ქართულ კინოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აკავშირებთ და ისინი, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენს კინოფესტივალთან. ბერლინის საკონკურსო პროგრამის „ფორუმის" დამაარსებლების, გრეგორების შეფასებით, ქართული კინოფენომენი მსოფლიოს კინემატოგრაფში გამორჩეულია.

გერმანული „არსენალი" რუსული „გოსფილმოფონდის" შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე კინოფონდია, რომელიც ქართულ ფილმებს იცავს. ამჟამად, არსენალის არქივში ქართველი რეჟისორების 130 ფილმი ინახება.
2017 წლის ამ რეტროსპექტივისთვის, „არსენალმა" 3 ქართულ ფილმს გაუკეთა რესტავრაცია და ციფრულ ფორმატში გადაიტანა - მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი" (1967), ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978) და დიტო ცინცაძის „ზღვარზე" (1993). აღდგენილი ფილმების პრეზენტაციას, ფილმის რეჟისორებიც დაესწრებიან.

რეტროსპექტივაზე ასევე ნაჩვენები იქნება: ოთარ იოსელიანის „ზამთრის სიმღერა" (2015), „იყო შაშვი მგალობელი" (1970) და „პასტორალი" (1975), ნუცა ღოღობერიძის „ბუბა" (1930), სალომე ალექსის „კრედიტის ლიმიტი" (2014), თენგიზ აბულაძის „მონანიება" (1984), კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია" (1929), ნიკოლოზ შენგელაიას „26 კომისარი" (1932), სერგო ფარაჯანოვის „ამბავი სურამის ციხისა" (1985), მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდა" (1931), ალექსანდრე რეხვიაშვილის „მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა" (1978) და „ნუცა" (1971), ლევან ღლონტის „დღე" (1990), გელა კანდელაკის „უბედურება" (1979), ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი" (1969) და მიხეილ კალატოზოვის „ჯიმ შვანთე" (1930).

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ასევე ეხმაურება საქართველო გერმანიის საიუბილეო წელს და გერმანელ მაყურებელს ფილმებისა და დისკუსიების ციკლს - „ქალთა მზერა საქართველოდან - თანამედროვე დოკუმენტურ ფილმებს" სთავაზობს. ფილმების ჩვენება შემოდგომაზე, ხუთ სხვადასხვა ქალაქში გაიმართება: ბერლინში, კინოთეატრი „არსენალი" და "ვოლფი"; ჰამბურგში, კინოთეატრი „მეტროპოლისი"; ლაიფციგი, ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში და კოტბუსში: კოტბუსის და დრეზდენის კინოფესტივალი MOVE IT! კინოთეატრი „თალია".

ქართულ-გერმანული საიუბილეო წლის აღსანიშნავად, 4-10 დეკემბრის ჩათვლით ჩვენს კინოფესტივალზე გაიმართება გერმანული კინოს საეტაპო ფილმების რეტროსპექტივა და ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილის რესტავრირებული „დიდი მწვანე ველი".

 

 

მნახველთა რაოდენობა: 659