მედია / პროფესიონალები → სიახლეები → „მე გადავცურე ენგური“ - ომი, რომელიც არ დამთავრებულა
კინოფესტივალი მედიაში
2017-10-16

13 ოქტომბერს „ფაბრიკაში", ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგური" ჩვენება გაიმართა.

„თავს ძალას ვატან, ფოტოებს მინაწერი გავუკეთო. საოცარი სისწრაფით გადაღებულ კადრებში თითქოს რაღაც არ მყოფნის. არ მყოფნის კავშირის შეგრძნება, საკუთარი თავის იდენტიფიცირება. ის ნაფლეთი, სადაც ბავშვობაში ფოტო გადამიღეს, თითქოს უფრო ახლობელია. თეატრის მოსახვევიც მეცნო, სასტუმრო „რიწას" კედელი ყოფილა. სანაპირო, ხეები, სახლები, ცნობილი შადრევანი, ავირიე, საიდან მეცნობა - არქივით, მონათხრობით თუ წარმოდგენით. არც იმის მჯერა, რომ აქ ვარ და ვეხები რაღაცას, რაც ასე შორი იყო ყოველთვის.

დამოუკიდებლად ვერაფერს ვიპოვი, უსუსურობის განცდა მაქვს. ჩემი ბაღი, მეთერთმეტე სკოლა (სადაც დედა, დეიდა, ბიძა და ავთო, ჩემი მეორე ბიძა სწავლობდნენ), ადგილები, სადაც ავთო ბიჭებისგან (ჩემი ძმებისგან) უჩუმრად მასეირნებდა. მაღაზიები. მე მხოლოდ ჩემი სახლი მახსოვს. სხვა ყველაფერი არ ვიცი რა არის - მახსოვს თუ ვიცი." - წერს ანუნა ბუკია თავის ბლოგში, „ლიბერალის" გვერდზე.

ანუნა სოხუმში დაიბადა, აფხაზეთში, 1988 წელს. ომის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად ჯერ ზუგდიდში და შემდეგ თბილისში გადავიდა. 4 წლის იყო, როდესაც საკუთარი ბინის, ეზოს, ბაღის, ქუჩის... როდესაც, საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. მას შემდეგ, ბევრჯერ უკითხავთ - „რამდენი წლის იყავი? აა, 4-ის? უი, მაშინ რა გემახსოვრება...". „არადა ასე არაა - მეუბნება ანუნა, - მახსოვს, ყველაფერი კარგად მახსოვს".

ფილმი მისი ოჯახის ვიდეო კადრებით იწყება. სოხუმის ფუნიკულიორზე არიან - დედა, მამა და მათი სამი მცირეწლოვანი შვილი. გრძელ, თეთრ ჟაკეტში ჩაცმულ ქალს, სულ პატარა (ანუნა) ხელში უჭირავს. დანარჩენი ორი - წინ და უკან დარბის. არაფერი განსაკუთრებული, ოჯახის ერთი ჩვეულებრივი დღეა. საოჯახო ვიდეოს ჭუბერის უღელტეხილის კადრები მოსდევს: საკუთარი სახლებიდან გამოქცეული ხალხი ნელა მოუყვება უღელტეხილის უსწორმასწორო გზას; ზოგს ხელში აყვანილი ბავშვი მოჰყავს, ზოგი - პარკებს მოათრევს; გზადაგზა ჩერდებიან, რომ ყინვისგან გარდაცვლილებს მიწა მიაყარონ და დახედონ - იქნებ იცნობდნენ კიდეც, და მერე, ისევ ისე, ზანტად გააგრძელონ იძულებითი მსვლელობა.

24 წლის შემდეგ ანუნა უკან ბრუნდება, სახლში, სოხუმში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა. ბარიერი - გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია. გამყოფი ზოლის ორივე მხარეს ე.წ. "გადამყვანები" მუშაობენ, ანუნა მათ სახეებს არ გიჩვენებს, ვერ გიჩვენებს უფრო სწორად. ქალები, კაცები, მოხუცები თუ ბავშვები ხეებს ეფარებიან და როგორც კი „გადამყვანის" წამოძახილს - „ჰე, წავედით, წავედით აბა"-ს გაიგებენ, ყველა ერთბაშად და ძალიან ჩუმად, სწრაფად გარბის. მინდორი გადალახულია და ახლა უკვე იქითა მხარის „გადამყვანები", დაკლაკნილ მავთულებში გაძრომაში ეხმარებიან. კამერა მუდმივად მათ დაყვება, ხან მოტიტვლებულ მინდორზე „მიგარბენინებს" და ხან მზვერავთან ერთად, ხეზე „აჰყავხარ". მოცახცახე კამერა მხოლოდ მაშინ „წყნარდება", როდესაც ფილმის გმირი ენგურზე გადადის, „სახლში".

არ უნდოდა რომ ფილმის გმირი თავად ყოფილიყო. ეგონა, რომ უბრალოდ, გადაიღებდა ამ ისტორიას და მაყურებელს, სახლდაკარგულ ადამიანებს უჩვენებდა. მაგრამ ასე არ გამოვიდა. ფილმზე მუშაობისას, „გადამყვანებთან" ერთად სირბილსა და დაცარიელებული სოხუმის ჩვენებისას - ცენტრში აღმოჩნდა, ამბის ცენტრში. -„როდესაც იქ აღმოვჩნდი, იმ მიწაზე, მაშინ მივხვდი ვინ ვარ და საიდან", - მეუბნება ფილმის რეჟისორი, და ეკრანზე, ამბის მოყოლას განაგრძობს. საკუთარ სახლთან მიდის, მაგრამ შიგნით ვერ შედის. იცის, რომ იქ ერთი მოხუცი ქალბატონი ცხოვრობს, ესაა და ეს.

1 საათიანი ფილმი, ისევ საოჯახო ვიდეოთი მთავრდება. ძმის დაბადების დღეა; ახლობლები, მეგობრები - სახლში შეკრებილან და აღნიშნავენ, უხარიათ, იცინიან. იუბილარი ძმა, ტორტის გვერდით დგას და გამოთქმით, ოდნავ დარცხვენილი ამბობს ლექსს - „მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი"...

„ფაბრიკაში" გამართულ ჩვენებას ძირითადად ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ისინი, ვისთვისაც ეს ტრაგედია, სადღაც შორს მომხდარი ამბავია, ან ის - ვინც ამ დროს პატარა იყო ანუნასავით და მასაც „არაფერი არ უნდა ახსოვდეს". ვიღაც გოგო, ჩემს გვერდით იდგა და ღაპაღუპით წამოსულ ცრემლებს წამდაუწუმ იწმენდდა. უკან მჯდომი ბიჭი კი, სოხუმში ნაცნობი ადგილების დანახვისას მეგობარს ეჩურჩულებოდა - რა, სად და როგორი იყო, თან აყოლებდა - „როგორც მახსოვსო".

ომი არ დამთავრებულა, ის გრძელდება, მაინც გრძელდება. ოღონდ ჩუმად, მალულად.

„მე გადავცურე ენგური" ძალიან ემოციური, მაგრამ არასენტიმენტალური ფილმია. ძალიან პირადული და თან, ყველას ისტორიაა.

 P.S. ფილმი ჩვენს ფესტივალზე, შარშან, „ქართულ პანორამაში" იყო ნაჩვენები.

 

 

სალომე კიკალეიშვილი

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 375