მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ცოტა რამ რომის მე-12 კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2017-10-24

რომის კინოფესტივალი 26 ოქტომბერს, სკოტ კუპერის ვესტერნით „მტრები" („Hostiles") გაიხსნება.

მე-12 კინოფესტივალზე კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო დევიდ ლინჩს გადაეცემა. 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლინჩის პირველი ფილმი „საშლელთავა" („Eraserhead") გამოვიდა ეკრანებზე, რასაც რომის კინოფესტივალი მისი ფილმების რეტროსპექტივით და რეჟისორისთვის საპატიო ჯილდოს გადაცემით ეხმაურება. სიურრეალისტური გარემოს ოსტატი რეჟისორი, მხატვარი, მუსიკოსი, კომპოზიტორი და ავტორი, ამავე დროს კინოფესტივალის მაყურებელს შევხდება და იმ სამ ფილმზე ისაუბრებს, რომლებმაც გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. „სხვათაშორის, ერთ-ერთია ფედერიკო ფელინის „8 ½", - სიამაყით აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

წლევანდელ ფესტივალს ასევე ეწვევა კანადელი ქსავიერ დოლანი, რომელიც თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატულ რეჟისორად მოიხსენიება. მის პირველ ფილმს „მე მოვკალი დედაჩემი" („I Killed My Mother"), რომლის სცენარიც დოლანმა 16 წლის ასაკში დაწერა, დიდი წარმატება ხვდა კანში. დოლანი მაყურებელს შეხვდება სექციაში „საუბრები", სადაც კინოში მუშაობის სპეციფიკაზე, რეჟისურასა და სცენარზე მუშაობაზე ისაუბრებს.

ამავე სექციაში მონაწილეობს მწერალი ჩაკ პალანიკი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება მისმა პირველმა ნოველამ „მებრძოლთა კლუბმა" მოუტანა. პალანიკი მსმენელს საშინელებათა ჟანრის ამერიკულ ფილმებზე ესაუბრება.

იან მაკელენი, თეატრისა და კინოს ბრიტანელი მსახიობი, რომელსაც სცენაზე თუ კინოში უამრავი საინტერესო როლი აქვს შესრულებული, ოქროს გლობუსის გამარჯვებული და 2006 წელს, ბერლინის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს დათვის" მფლობელია. რომის კინოფესტივალზე, მაკელენი მაყურებელს დიდ კომიკოსზე, ჟაკ ტატიზე ესაუბრება. ამას გარდა, ფესტივალზე ნაჩვენები იქნება მსახიობზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც 14 საათიან ინტერვიუს და იშვიათ საარქივო მასალას (აქამდე გამოუქვეყნებელ ფოტოებსა და ადრეული პერიოდის თეატრალურ როლებს) მოიცავს.

იტალიელ მაყურებელს შეხვდება ნანი მორეტიც, რომელიც 8-ჯერ გახდა „დავიდ დი დონატელოს" (იტალიის კინოაკადემიის პრიზი) მფლობელი, ხოლო 2001 წელს მისმა ფილმმა „ვაჟიშვილის ოთახი" კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო" დაიმსახურა.

ვანესა რედგრეივი კი, რომელიც ასევე იღებს მონაწილეობას „საუბრებში", ფესტივალზე წარადგენს მის სადებიუტო დოკუმენტურ ფილმს "ზღვის სევდა" ("Sea Sorrow"). ევროპაში თავშესაფრის საძიებლად წასულ ემიგრანტებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი რედგრეივმა იტალიაში, საბერძნეთში, ლონდონსა და ლიბანში გადაიღო.

რაც შეეხება საკონკურსო პროგრამას, მასში 35 მხატვრული ფილმი მონაწილეობს. მათ შორის ოსკარის მფლობელი კეტრინ ბიგელოუს „დეტროიტი" ("Detroit"), სტივენ სოდერბერგის „იღბლიანი ლოგანი" („Logan Lucky"), ვიტორიო და პაოლო ტავიანების დრამა "პირადული საქმე" („Una questione privata").

ხოლო სექციაში „ყველა საუბრობს ამის შესახებ" რეზო გიგინეიშვილის „მძევლებს" უჩვენებენ, რომლის პრემიერაც ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.

რეტროსპექტივაში „იტალიური სკოლა", მაყურებელი იტალიური კინოს „ოქროს ხანის" - ფედერიკო ფელინის, პიერ პაოლო პაზოლინის, ლუკინო ვისკონტის, რობერტო როსელინის და ვიტორიო დე სიკას ფილმებს ნახავს.

„სპეციალური ჩვენების" ფარგლებში ნაჩვენები იქნება ანდრეა მასტროვიტოს ფილმი "NYsferatu", რომელსაც მუსიკალურად „ლუიჯი ბოკერინის" სახელობის ორკესტრი გააფორმებს. ანდრეა მასტროვიტო იტალიელი არტისტია, რომელიც ბოლო წლებია ნიუ-იორკში ცხოვრობს. მან ფრიდრიხ მურნაუს მუნჯი პერიოდის შედევრი „ნოსფერატუ" ხელით გადახატა და ფესტივალზე, არტისტის სწორედ ეს ვერსია იქნება წარმოდგენილი.

რომის კინოფესტივალი დიდ ყურადღებას უთმობს კრიტიკის როლს კინოხელოვნებაში და ამიტომ, წელსაც აგრძელებს სადისკუსიო პანელს რომელსაც „ნიუ-იორკ თაიმსის" და „ლოს ანჯელეს თაიმსის" ჟურნალისტები გაუძღვებიან.

 

მნახველთა რაოდენობა: 212