მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ლაიფციგის დოკუმენტური კინოფესტივალის ფოკუსი საქართველოა
კინოფესტივალი მედიაში
2017-10-26

მსოფლიოში პირველი დოკუმენტური კინოფესტივალი ლაიფციგში დაარსდა 1955 წელს.

წელს ფესტივალს საიუბილეო თარიღი აქვს და 60 წლის აღსანიშნავად მაყურებელს სიახლეებს ჰპირდება.

„ჩვენ ვარღვევთ წესებს, - წერია ფესტივალის ვებ-გვერდზე, - ოფიციალურ გახსნამდე, სამი დღით ადრე ვიწყებთ ჩვენებებს. ვტოვებთ ჩვენთვის ნაცნობ სივრცეებს და გადავდივართ ქალაქის ყველაზე ძველ კინოთეატრში "UT Connewitz"-ში, კლუბში „მომავლის ინსტიტუტი" („Institut fuer Zukunft") და გრასის მუზეუმში (Grassimuseum).

ჩვენ ვაჩვენებთ მთავარ ფილმებს ფესტივალის ისტორიიდან და გავმართავთ სალონურ საუბრებს, სადაც ერთმანეთს ფესტივალის ძველი და ახალი თაობა შეხვდება. დევიზით „ახლა და მაშინ - მაშინ და ახლა", ჩვენ ყველას დროში სამოგზაუროდ ვეპატიჟებით; რომელიც კინემატოგრაფიული ენისა და იდეოლოგიური ცვლილებების ეპოქაში, დღევანდელი დღიდან უკან, წარსულში გადაგვისვრის."

წელს პირველად, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება სპეციალურ პროგრამაში გამოავლინოს ადამიანის უფლებებზე გადაღებული საუკეთესო ფილმი, რომელსაც ფესტივალის პრიზი და ფულადი ჯილდო გადაეცემა.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამა რამოდენიმე სექციისგან შედგება და მასში სრული და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები მონაწილეობს.

წლევანდელ ფესტივალზე მასტერკლასებს გამართავენ: სერგეი ლოზნიცა და ჯეი როზენბლატი.

როგორ აისახებოდა კომუნისტური იდეოლოგია კინოს ვიზუალურ ენაზე? როგორ კეთდებოდა კომუნისტური ფილმები რეჟიმისა და მათი ლიდერების დროს? ოქტომბრის რევოლუციის 100 წლის აღსანიშნავად, ფესტივალი კომუნიზმის პერიოდში შექმნილი ფილმების რეტროსპექტივას გამართავს.

ლაიფციგის დოკუმენტური კინოს ფესტივალი დიდ ყურადღებას უთმობს განათლებას. 2009 წლიდან, „DOK განათლების" ფარგლებში საგანმანათლებლო შეხვედრები იმართება. მოწვეული პედაგოგები ფილმის ჩვენებამდე ხვდებიან სტუდენტებს და მათ, დოკუმენტალისტიკის ჟანრზე, წინასწარ შერჩეული ფილმების თემებზე ესაუბრებიან. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფილმის ჩვენება, რომელსაც რეჟისორიც ესწრება და დასასრულს, ფილმის შემქმნელთან დისკუსია იმართება.

წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში - საქართველოა. ლაიფციგის მაყურებელი ფესტივალზე წარმოდგენილ 13 ქართულ დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმს ნახავს:
• ჰაინც ემიგჰოლცის „2+2=22 (ანბანი)"
• ნინო ორჯონიკიძის „ალცნეი"
• რატი ონელის „მზის ქალაქი"
• სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა"
• ნინო კირთაძის „არ ისუნთქო"
• ვახტანგ ჯაჯანიძის „გამოსვლა"
• დათო კიკნაველიძის „ჰორიზონტი"
• ნათია ნიკოლაშვილის „ლი.ლე"
• თინათინ გურჩიანის „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს"
• ნინო გოგუას „მადონა"
• თამთა გაბრიჩიძის „სოვდაგარი"
• სოსო დუმბაძის „მზიანი ღამე"
• დავით მესხის, სალომე მაჩაიძის და თამუნა ქარუმიძის „როცა დედამიწა მსუბუქია".

ამას გარდა, ფესტივალზე რეგულარულად იმართება დისკუსიები. "DOK საუბრების" წლევანდელ პროგრამაში ჩართულია „ქალთა მზერა საქართველოდან - თანამედროვე დოკუმენტური კინო", რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით იმართება. დისკუსიაში მონაწილეობენ: ანა ძიაპშიპა (პროდიუსერი), სალომე ჯაში (რეჟისორი), ნინო ლეჟავა (ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი) და სალომე მაჩაიძე (რეჟისორი და არტისტი). დისკუსიას მოდერაციას უწევს ლაიფციგის კინოფესტივალის კურატორი ზაზა რუსაძე.

მნახველთა რაოდენობა: 502