მედია / პროფესიონალები → სიახლეები → მოკლედ თბილისის მე-19 კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2018-06-27

წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მაყურებელს მე-19 გამოშვებას სთავაზობს. ახალი ევროპული და აზიური ფილმები, ქართული პანორამა, ანიმაციის ლაბორატორია, მოწვეული სტუმრები და საინტერესო შეხვედრები, ინდუსტრიული დღეები უორქშოფებითა და მასტერკლასებით - ეს ყველაფერი 3-9 დეკემბრის ჩათვლით თბილისის კინოთეატრებში გაიმართება.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამებისთვის განაცხადების მიღება დაწყებულია. „საერთაშორისო კონკურსსა" და „ქართულ პანორამაში" მონაწილეობის მსურველებს განაცხადების შემოტანა 15 სექტემბრამდე შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა შეივსოს ფესტივალის ვებ-გვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა, ხოლო შემდეგ ფილმის შესარჩევ ასლთან (DVD, BluRay, ინტერნეტ-ლინკი) და სხვა მოთხოვნილ მასალებთან ერთად გამოიგზავნოს ფესტივალის მისამართზე.

მანამ, სანამ ფესტივალის პროგრამის კოორდინატორები პროგრამებში მონაწილე ფილმების შერჩევასა და მოძიებაზე ზრუნავენ, შეგვიძლია ორი ახალი ამბავი უკვე გაუწყოთ. წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა იტალია. იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, მე-19 კინოფესტივალზე მაყურებელი ბოლო პერიოდის იტალიური კინოს გამორჩეულ, აღიარებულ ნამუშევრებს ნახავს.

ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ფესტივალის ერთ-ერთი პროგრამა ამ ქვეყნების კინემატოგრაფს დაეთმობა. პროგრამაში „ბალტიისპირეთი-100" ნაჩვენები იქნება უახლესი ლიტვური, ლატვიური და ესტონური ფილმები. პროგრამის განხორციელებაში კი ფესტივალს სამივე ქვეყნის საელჩოები და კინოცენტრები ეხმარებიან.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ეტაპობრივად შემოგთავაზებთ ყველა იმ სიახლეს, რომლის ხილვასაც კინოს მოყვარული მაყურებელი 3-9 დეკემბრის ჩათვლით შეძლებს.

 

მნახველთა რაოდენობა: 692