მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ქართული ფილმები ლოკარნოს 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2018-08-02

1946 წელი მნიშვნელოვანი თარიღია ევროპული კინოსათვის, რადგან ამ წელს სულ რამდენიმე კვირიანი ინტერვალით ორი საერთაშორისო კინოფესტივალი დაარსდა. ერთი ჩეხეთში, მარიანსკე-ლაზნეში ჩატარდა (1 წლის შემდეგ კი ფესტივალი კარლოვი ვარიში გადაიტანეს) და მეორე - საფრანგეთში, კანში გაიმართა. ამ წლის 23 აგვისტოს კი, ჯაკომო ჯენტილომოს ფილმით „O Sole Mio" შვეიცარიაში, კერძოდ კი ლოკარნოში, გრანდ ოტელის მდელოზე კიდევ ერთი კინოღონისძიება - ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. 1971 წელს ლოკარნოს ფესტივალის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით პიაცა გრანდეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკრანი აღიმართა, რამაც საბოლოოდ შეცვალა ფესტივალის სახე. პიაცა გრანდე, რომელსაც დღეს "ფილმების სახლს" ეძახიან, ფესტივალის მსვლელობისას ყოველ საღამოს 8000 მაყურებელს იტევს.

ლოკარნოს 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 1-11 აგვისტოს ჩათვლით იმართება. 10 დარბაზში გამართული სეანსები 12 სექციაში წარმოდგენილ ფილმებს სთავაზობს მაყურებელს. 3 საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენებ ფილმებს კი ფესტივალზე არსებული 25 სხვადასხვა პრიზით დააჯილდოებენ.

წლევანდელ ფესტივალს ეწვევიან: მეგ რაიანი, შონ ბეიკერი, ითან ჰოუკი, ჟან დიუჟარდენი, პაოლო ტავიანი და კინოს სხვა ცნობილი წარმომადგენლები. ნაჩვენები იქნება პაოლო და ვიტორიო ტავიანების 1987 წელს გადაღებული ფილმი "დილა მშვიდობისა, ბაბილონო", გაიმართება ამერიკელი რეჟისორის ლეო მაკკერის რეტროსპექტივა სადაც ნაჩვენები იქნება 30-40-იან წლებში გადაღებული ფილმები: „მივდივარ ჩემი გზით", „საშინელი სიმართლე", „შენ შეგიძლია სამყაროს შეცვლა" და სხვები. პიაცა გრანდეზე შეკრებილი მაყურებელი კი ნახავს სპაიკ ლის, ითან ჰოუკის, დევიდ ფინჩერის ახალ ფილმებს.

"სისულელეა ეს ეგრეთ წოდებული ამერიკული დემოკრატიის აკვანი. ამერიკის შეერთებული შტატები მკვიდრი მოსახლეობის გენოციდსა და მათ მონობაზე დაფუძნდა. ასეა ის აწყობილი და როგორც ჩემი ძმაკაცი ჯეი ზი იტყოდა, ასეთია ფაქტები. არ მაინტერესებს როგორ მიიღებს მას კრიტიკა და საერთოდ, ეს ფილმი მხოლოდ ამერიკას არ ეხება, ის მთელს მსოფლიოზეა. ესაა ფილმი-გაფრთხილება", - განაცხადა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს სპაიკ ლიმ. შეაღწიო კუ-კლუქს-კანში არც ისე მარტივი საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, თუ შავკანიანი ხარ. მაგრამ კოლორადოს მიზანდასახული პოლიციელს, იდეალისტ რონ სტალვორტს ეს არ აშინებს. ებრაელ თანამეწყვილესთან ერთად ის ბრძოლას იწყებს. 70-იან წლებში განვითარებულ ამ მოვლენებს აღწერს ლის ფილმი "შავი კუ-კლუქს-კანელი" ("BlacKkKlansman"), რომელმაც კანში ფესტივალის გრან-პრი აიღო.

ლოკარნომ გზა გაუხსნა ისეთ რეჟისორებს, როგორებიც არიან: ატომ ეგოიანი, ბელა ტარი, მაიკ ლი, ჯიმ ჯარმუში, სპაიკ ლი, აბას კიაროსტამი, გას ვან სენტი, პედრუ კოშტა, ფატიჰ აკინი და მილოშ ფორმანი. წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო პროგრამაში "Pardi di Domani", სადაც 29 მოკლემეტრაჟიანი ფილმია წარმოდგენილი ნაჩვენები იქნება ქართველი რეჟისორის დავით ფირცხალავას 18 წუთიანი დრამა „საშლელი". ფილმი ტრაგედიას აღწერს - მამაკაცი მაღალ საცხოვრებელ სახლთან აღმართულ ხის დამცავ ჯებირს იპარავს. მეზობლის ბავშვი ამ ჯებირიდან ვარდება და იღუპება. დანაშაულის გრძნობით დამძიმებული კაცი ბავშვის ჯიბეში საშლელს პოულობს. ის ცდილობს საკუთარი დანაშაული გარდაცვლილი ბავშვის მამასთან მოინანიოს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს იგივე პროგრამაში მონაწილეობდა ფირცხალავას ფილმი "მამა", რომელმაც მაშინ "ოქროს ლეოპარდი" დაიმსახურა.

ლოკარნოს ფესტივალში მონაწილეობას იღებს მარიამ ხაჭვანიც, მისი ახალი კინოპროექტით „ნენე" და მოკლემეტრაჟიანი ფილმით "დინოლა", რომელიც არასაკონკურსო ჩვენებაში იქნება ნაჩვენები. ფესტივალზე გაემგზავრა კიდევ ერთი ქართველი რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილიც, რომელიც დოკუმენტური ფილმის პროექტით Doc Summer School-ში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 380