მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ბათუმის მე-13 საავტორო კინოფესტივალი 16 სექტემბერს გაიხსნება
კინოფესტივალი მედიაში
2018-09-05

3 სექტემბერს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ: კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ბათუმის კინოფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი, პროგრამის „ალტერნატიული ტალღა" ორგანიზატორები: თინათინ ყაჯრიშვილი და ლაშა ხალვაში.

ფესტივალი 16 სექტემბერს ქართული კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად კოტე მიქაბერიძის მუნჯი ფილმით „ჩემი ბებია" გაიხსნება. ფილმის ჩვენებას მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. გახსნის ცერემონიაზე, ოპერატორ ლომერ ახვლედიანს კინოში შეტანილი წვლილისათვის საპატიო ჯილდო გადაეცემა.

ფესტივალის სამ საკონკურსო პროგრამაში მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები იქნება წარმოდგენილი. საერთაშორისო ჟიურის, რომელიც მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას შეაფასებს უხელმძღვანელებს სერგეი რახლინი (აშშ), „ოქროს გლობუსის" წარმომადგენელი, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის, უცხოენოვანი ფილმების კომიტეტის თავჯდომარე. საკონკურსო პროგრამას ასევე შეაფასებს ქართველი კინოკრიტიკოსებისგან შემდგარი ჟიური, რომელშიც გოგი გვახარია, თეო ხატიაშვილი და ლელა ოჩიაური იღებენ მონაწილეობას. საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

• „მკვდარი ცხენის ნისლეული" - ტარიკ აკტაშ, თურქეთი
• „დონბასი" - სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ჰოლანდია/რუმინეთი
• „მარცვალი" - სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი/გერმანია/საფრანგეთი/ყატარი
• „ლაზარესავით ბედნიერი" - ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია
• „ჰორიზონტი"- თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი
• „შეხტომა"- ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/საფრანგეთი
• „პანიკური შეტევა" - პაველ მასლონა, პოლონეთი
• „რეი და ლიზი" - რიჩარდ ბილინგჰემი, დიდი ბრიტანეთი
• „სტიქსი" - ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია
• „თარჯიმანი" - მარტინ სულიკ, სლოვაკეთი/ჩეხეთი/ავსტრია.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 8 ფილმი:

• „სიცოცხლის კიდევ ერთი დღე" - დამიან ნენოვ, რაულდ დე ლა ფუენტე, პოლონეთი/ესპანეთი/ბელგია/უნგრეთი
• „დროის ხიდები"- ოდრიუს სტონის, ლატვია
• „შორეული თანავარსკვლავედი" - შევაუნ მიზრაჰი, აშშ/თურქეთი/ჰოლანდია
• „მშიერი აჩრდილების კუნძული"- გაბრიელ ბრადი, გერმანია/დიდი ბრიტანეთი/ავსტრალია
• „მამების და შვილების შესახებ" - ტალალ დერკი, გერმანია/სირია/ლიბია/ყატარი
• „ზღვარს მიღმა" - მარტა პრუსი, პოლონეთი/გერმანია/ფინეთი
• „შამანური გაკვეთილები დამწყებთათვის" - სვეტლანა სტაცენკო, რუსეთი
• „ორსონ უელსის თვალები" - მარკ კუსინს, დიდი ბრიტანეთი.

მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო ფილმების ჟიური სამი წევრისგან შედგება: ნიკოლაი ხომერიკი (რუსეთი), ჟალე არიკანი (გერმანია) და ქეთევან დევდარიანი (საქართველო). აქ წარმოდგენილ ფილმებს შორის იქნება ნაჩვენები დავით ფირცხალავას „საშლელი", რომელიც წელს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალში იღებდა მონაწილეობას.

უკვე რამდენიმე წელია რაც ბათუმის კინოფესტივალზე ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა" იმართება. შერჩეულ მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ექსპერტების მონაწილეობით განავითარონ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტები და მოწვეულ ტრენერებთან ერთად იმუშაონ სცენარის, კო-პროდუქციის, დაფინანსებისა და საფესტივალო სტრატეგიის, დისტრიბუციისა და მარკეტინგის დაგეგმასა და განვითარებაზე. წელს პლატფორმის მენეჯმენტმა 8 საუკეთესო პროექტი შეარჩია, რომელთაგან გამარჯვებული ფესტივალის ბოლოს გამოვლინდება:

• „56. გაზაფხული" - რუსუდან პირველი
• „ბავშვი" - ნინო ბასილია
• „მსხვერპლი" - ამირან დოლიძე და თედო დოლიძე
• „ქალაქის ლანდი" - თორნიკე ტიკარაძე, გიგა ლიკლიკაძე
• „Easter-იკა" სოფო ჭინჭარაული
• „შუშანა" - ირინა გაჩეჩილაძე
• „ანტონის ცხოვრება" - იულია მირონენკო
• „ყულაბა" - ფენიტ კაროლი

ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 კინოფესტივალი 23 სექტემბერს დასრულდება. ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი", ხოლო ოფიციალური პარტნიორი ქ.ბათუმის მერია.

 

მნახველთა რაოდენობა: 792