ფესტივალი 2018 → ჟიური
კინოფესტივალი მედიაში
საერთაშორისო კონკურსის ჟიური
                                                                          ჟიურის თავმჯდომარე

 

უბერტო პაზოლინი 

1983 წლიდან ბრიტანეთის კინოინდუსტრიაში მოღვაწეობს. 1993 წელს მან დააფუძნა კომპანია Red Wave Films. როგორც პროდიუსერის მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დამოუკიდებელი ფილმი იყო „პალუკავილი". 2008 წელს უბერტო პაზოლინიმ გადაიღო შრი ლანკური ფილმი „მაჩანი", რომლის სცენარის თანაავტორი და პროდიუსერიც თავად იყო. მის მეორე მხატვრულ ფილმში „ნატიურმორტი", პაზოლინი მაყურებლის წინაშე წარსდგა ერთდროულად როგორც რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი. ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ედი მარსანი. პაზოლინის ორივე ფილმმა არაერთი ჯილდო დაიმსახურა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

 

 

 

 

  

სტეფან რიდო 

სტეფან რიდო ფრანგი მსახიობია. თუმცა კინომდე, რიდოს სპორტული კარიერა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ 1992 წელს, რაგბის მატჩის დროს, ის შემთხვევით, ცნობილმა რეჟისორმა ანდრე ტეშინემ აღმოაჩინა და ფილმ „ველურ ლერწამში" როლზე მიიწვია. ფილმი კინოაკადემიის დაჯილდოების 67-ე ცერემონიალზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციისთვის შეარჩიეს. 1995 წელს კი "სეზარი" დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ფილმმა. 1994 წელს სტეფან რიდომ მონაწილეობა მიიღო ისეთ აღიარებულ ფილმებში, როგორიცაა: „ვირთხის სორო", (რეჟისორი ფრანსუა ოზონო), „სრული სვლა" (რეჟისორი გაელ მორელი). მოგვიანებით მან გეი თინეიჯერის როლი შეასრულა სებასტიენ ლიფშიცის ფილმში „დაღუპვა". ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში: „შორს", „ჟულიეტის მუცელი", „კლანი" და „ელენას საჩუქარი".

 

მარინა აჯაჯა 

მარინა აჯაჯა ოცი წლის განმავლობაში, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ფილმებს არჩევდა. ის დაინტერესებულია მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებით მთელი მსოფლიოდან, ორიენტირებულია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური ევროპის, რუსეთის, ბალტიისპირეთის, ბალკანეთის ნახევარკუნძულის და ცენტრალური აზიის ქვეყნების კინოზე. ის არაერთი კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო. მას დამთავრებული აქვს სასცენარო პროგრამა ვაშინგტონის უნივერსიტეტსა და სიეტლის კინოსკოლაში. 1990-იან წლებში ცხოვრობდა რუსეთში და გაიარა სარეჟისორო კურსები 1993 წელს, კინორეჟისორ სემიონ არანოვიჩის ხელმძღვანელობით, სანქტ-პეტერბურგის ტელე და კინო ინსტიტუტში. 1994 წელს ის მუშაობდა Turner International-ში, მოსკოვში და ორგანიზებას უწევდა პირველ ამერიკულ მოგზაურ ფესტივალს „ისტორია ჰოლივუდის თვალით".

 

სრჟან დრაგოევიჩი 

დაიბადა 1963 წელს, ბელგრადში. მიღებული აქვს ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიასა და კინორეჟისურაში. გადაღებული აქვს 7 ფილმი და არის 7 წიგნის ავტორი ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის. ის არის სცენარისტი და რეჟისორი, რომელიც ცნობილია ფილმებით „ლამაზი სოფელი ლამაზად იწვის" (1996), „პარადი" (2011) და „იარები" (1998). 1993 წელს ფილმმა „ჩვენ არ ვართ ანგელოზები" უმბრიის კინოფესტივალზე (იტალია) გრან-პრი მოიპოვა და საუკეთესო სერბულ ფილმად დასახელდა. ფილმი „ლამაზი სოფელი ლამაზად იწვის" თანამედროვე სერბული კინოს კლასიკად ითვლება. 2012 წელს ფილმმა „პარადი" ბერლინალეს პანორამის მაყურებლის ჯილდო დაიმსახურა.

  

ლაშა ბაქრაძე 

ლაშა ბაქრაძე სწავლობდა თბილისის, იენის, ბერნის, პოტსდამის, ვენის, ბერლინის, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტებში, მიუნხენის სასცენარო სახელოსნოში. მუშაობდა გოეთეს ინსტიტუტში, ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში. თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, ტელევიზიაში. ასწავლიდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ის არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (www.sovlab.ge) თანადამფუძნებელი. ლაშა ბაქრაძე გერმანისტი და ისტორიკოსია. ამჟამად ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორია. ლაშა ბაქრაძემ, როგორც მსახიობმა, ითამაშა ათამდე ფილმში.

ეროვნული კონკურსის ჟიური

 

კარმენ გრეი 

კარმენ გრეი დაიბადა ახალ ზელანდიაში და ამჟამად ბერლინში ცხოვრობს. ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ის იყო კინოკრიტიკოსი და ჟურნალისტი და წერდა ისეთი გამოცემებისთვის, როგორიცაა: „გარდიანი", „ობზერვერი", „საით ენდ საუნდ", „სქრინ ინთერნეშნლ", „ქალვერთ ჯორნალ" და „ფილმ-მეიკერ მეგეზინ". ის იყო ჟურნალის „დეიზდ ენდ ქონფიუზდ" კინორედაქტორი ლონდონში. კარმენ გრეი კინოპროგრამის შემდგენელიცაა, რომელმაც პროგრამები შეადგინა დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო საქვემოქმედო ორგანიზაციის, Into Film-ისთვის და ბერლინის კრიტიკოსების კვირეულისთვის. ამჟამად ის შვეიცარიაში ვინტერტურის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის შესარჩევ კომისიაში მუშაობს. ის რეგულარულად ასწავლის წერის ტექნიკას ახალგაზრდა კრიტიკოსებს პოლონეთში, ესტონეთსა და სერბეთში. სანამ ავტორი გახდებოდა, ის ენის მასწავლებლად მუშაობდა ბუენოს აირესში, მოსკოვში, პრაღასა და სეულში.

 

ერიკა გრეგორი

ლონდონში, მიუნხენსა და ბერლინში ერიკა გრეგორი  ისტორიას, ფილოსოფიას, გერმანულ და ბრიტანულ ლიტერატურას სწავლობდა. 1963 წელს მეუღლესთან, ულრიხ გრეგორთან ერთად დაარსა ასოციაცია,,გერმანული კინემათიკის მეგობრები’’. კინოთეატრ ,,არსენალის’’დაარსების დღიდან ერიკა გრეგორი კინოჩვენებების ორგანიზატორი და კინოპროგრამების შემდგენელი იყო. იგი არის კინოფესტივალების ორგანიზატორი და კოორდინატორი, მრავალი ჟიურის წევრი, აგრეთვე კინოდაფინანსების კომისიის წევრი. 1971-2004 წლებში ის ბერლინის კინოფესტივალის ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის შესარჩევი კომიის წევრი იყო. 1980-90 წლებში ხელმძღვანელობდა რეტროსპექტივებსა და  სხვადასხვა ეროვნულ ეროვნულ კინოპროგრამებს. მეუღლესთან, ულრიხ გრეგორთან ერთად გამოსცემს კატალოგებს, წიგნებსა და პერიოდულ სერიას ,,კინემათიკის რვეულები’’. 2010 წელს ერიკა და ულრიხ გრეგორებს გადაეცათ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ,,კამერა’’ - კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის.


ულრიხ გრეგორი

კინოისტორიკოსი და კინოკრიტიკოსი, თბილისის კინოფესტივალთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. კინოისტორიის პროფესორი ბერლინის კინოსა და ტელევიზიის გერმანულ აკადემიაში და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში. კინოსა და ვიდეოარტის დამოუკიდებელი ინსტიტუტის „არსენალის" ერთ-ერთი დამაარსებელი და საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. ბერლინალეს ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის დირექტორი 2001 წლამდე. 1981 წლიდან 2000-მდე ულრიხ გრეგორი მორიტც დე ჰადელნთან ერთად ბერლინის კინოფესტივალის დირექტორი იყო. მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე კინოკრიტიკოსად. მეუღლესთან, ერიკა გრეგორთან ერთად, მას კურატორული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კინოს განვითარების საქმეში. 2010 წელს ერიკა გრეგორთან ერთად გადაეცა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, „კამერა" - კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის. ულრიხ გრეგორი მუდმივად თანამშრომლობს ტელევიზიასა და რადიოსთან, მისი სტატიები რეგულარულად ქვეყნდება საერთაშორისო კინოჟურნალებში (Nuovo Cinema, Cinema 56).