მიმოხილვა - დღე 6
კინოფესტივალი მედიაში
2013-12-08

ფესტივალის ოფიციალური ნაწილი 7 დეკემბერს დაიხურა. საღამოს დახურვის ცერემონიალის დაწყებამდე თბილისის მერიოტში ჟიურის სპეციალური კონფერენცია გაიმართა სადაც კინოფესტივალის დირექტორთან, ნინა ანჯაფარიძესთან ერთად საერთაშორისო ჟიურის წევრებმა, მატეუშ ვერნერმა, სამირა მახმალბაფმა, მაიკლ ჰოფმანმა და  ჯოვანი სპანიოლეტიმ, საკონკურსო ფილმები განიხილეს და ფესტივალი შეაჯამეს.  მაიკლ ჰოფმანის თქმით განსაუთრებით შთამბეჭდავი იყო  საკონკურსო  ფილმების არჩევანი და მათი კონცეპტუალური ერთიანობა. ჰოფმანმა დასძინა რომ საკონკურსო ფილმები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანის თვითიდენტიფიკაციის პროცესს თანამედრივე სამყაროში და მაყურებელს აქტუალურ თემებზე სასაუბროდ იწვევს, რაც ნებისმიერი საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მიზანია.

სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს თბილისის განსაკუთრებული გარემო და ფესტივალს მადლობა გადაუხადეს მოწვევისათვის. კონფერენციას მოგვიანებით შეუერთდა  უნგრელი კინომხატვარი ლასლო რაიკი, კინოთეატრ ამირანში თავისი მასტერკლასის დასრულების შემდეგ. რაიკის მასტერკლასი, სახელწოდებით „ქალაქი, როგორც მანკიერი წრე“ ვიწროპროფესიულ ფარგლებში გატარდა, მას ლექციის სახე ჰქონდა და ბელა ტარის ფილმის მხატვრულ კონცეფციის შესახებ მოგვითხრობდა. რაიკმა გადასაღები სივრცის,ქალაქის ტოპოგრაფიულ სტრუქტურაზე ისაუბრა, მის სიუჟეტურ გადანაწილებასა მხატვრული ხერხებით შინაარსთან მორგებაზე.

7 დეკემბრის პროგრამა ევროპული არტ-ჰაუსის ახალი ჰიტებით იყო დატვირთული: გიომ გალიენის „მე ისევ მე და დედა“,  მალგოჟატა შუმოვსკას ფილმი ჟულიეტ ბინოშის მონაწილეობით,  ხავიერ ვილავერდეს ანგელოზების  სქესი და ა.შ.

რუსთაველის მეოთხე დარბაზში შოთა რუსთაველის  თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტური ფილმები იყო ნაჩვენები. შუადღისათვის კი დარბაზი ქართული პანორამის ოთხმა ფილმა დაიკავა. ჟიურიმ  საკონკურსო ფილმებიდან ბოლო, მარინა გორბაჩისა და მეჰმეტ ბაჰადირ ერის „შემიყვარე“ ნახა და გადაწყვეტილების მისაღებად თბილისის მარიოტში გაემართა სადაც გამარჯვებულების გამოსავლინებლად ორსაათიანი დისკუსია მოეწყო.

დახურვის ცერემონია ტრადიიციისამებრ ფესტივალის დირექტორებმა, ნინა ანჯაფარიძემ და გაგა ჩხეიძემ დაიწყეს. სპონსორებისა და საერთაშორისო თუ ლოკალური პარტნიორების ჩამოთვლის შემდეგ სცენაზე საქდოკის დამაარსებელი და პროექტ კაუკადოკის ავტორი ავიდა. ანა ძიაპშიპამ კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარებული ტრეინინგები და უორქშოფები მიმოიხილა და საბოლოოდ დოკუმენტური პროექტების პიჩინგის გამარჯვებულები გამოავლინა.  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული ფულადი პრიზით ორი პროექტი დაჯილდოვდა:ნინო გოგუასა და ნათია გულიაშვილის „ნივთები“  და სალომე მაჩაიძის, დავით მესხის და თამუნა ქარუმიძის „როდესაც დედამიწა მსუბუქია“ - ზაზა რუსაძის პროდიუსინგით. პრაღაში, ფესტივალ One World-ის ინდუსტრიულ ნაწილში მონაწილეობას  Caucadoc-ის ფარგლებში განვითარებული 2 დოკუმენტური ფილმის პროექტი  მიიღებს:  ნიკა შეკის, სარის ჰოვსეპიანისა და ელდარ ალბერტსონის სომხურ აზერბაიჯანული კოპროდუქცია „გრძელი ბაღები“  და ორხან აგაზადეს მაიკლ მეისონის და ლალა მაჰმუდოვას „იკარუსი“.

რაც შეეხება თავად ფესტივალის გამარჯვებულებს, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ სცენაზე საერთასორისო ჟიური სრული შემადგენლობით ავიდა და მაიკლ ჰოფმანმა ფესტივალის მაყურებელსა და ქართულ საზოგადოებას გულთბილი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა. ჰოფმანმა დასძინა რომ არსებული ნომინაციების გარდა ჟიურიმ ვერ შეძლო არ აღენიშნა საკონკურსო ფილმებში მსახიობების ბრწყინვალე შესრულება და მთავარი როლის შემსრულებლების გრძელი ჩამონათვალი წაიკითხა. ამის შემდეგ სცენაზე უკვე არჩილ ქავთარაძეს უხმეს და საუკეთესო ფილმისათვის „კომა“ ოქროს პრომეთე გადასცეს - ჟიურიმ ეს ფილმი გულახდილობის, ემოციურობისა და აქტუალური პრობლემის დრამატული წარდგენისათვის დააჯილდოვა . ვერცხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისათვის კი თურქ რეჟისორს, ერდემ ტეპეგოზს გადაეცა, რომელიც ამ დროისთვის უკვე საქართველოში აღარ იმყოფებოდა, მის მაგივრად ჯილდო თურქული კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს გადაეცა. ფარაჯანოვის სპეციალური პრიზი ფილმის განსაკუთრებული ესთეტიკისა და ვიზუალისათვის კი მექსიკელმა ორლანდო ტირადოს გადაეცა, რომელიც ანდრეა პალაოროს „მედეასის“ სცენარისტია. ულრიხ და ერიკა გრეგორებმა ჯოვანი სპანიოლეტისთან ერთად ქართული პანორამის საუკეთესო ფილმები გამოავლინეს.

პირველი პრიზი - გამგზავრება კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ფრანგულმა ინსტიტუტმა და თიბისი ბანკმა დააწესა, გადაეცა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს"გრძელი ნათელი დღეები", ხოლო მეორე პრიზი, შვედეთის საელჩოსა და შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული მგზავრობა გიოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე, გადაეცა ზაზა ურუშაძის "მანდარინებს". ულრიხ გრეგორმა  გამარჯვებულებს გარდა სამი ფილმი დაასახელა,  ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურეს ფილმებმა: “F5”- ალექსანდრე ქორიძის ფილმი, თომა ბეგიაშვილისა და გიორგი ჩალაურის „პროექტი ნათელი“, და ირაკლი ჩხიკვაძის „ტყვიების ბაღი“. ჯოვანი სპანიოლეტიმ მოკლე სიტყვა თქვა ქართული ახალგაზრდული კინოს შესახებ, მან აღნიშნა რომ ახალი ფილმების დონე ძალიან მაღალია და საკმაოდ გაჭირდა გამარჯვებულების გამოვლენა. მაიკლ ჰოფმანის  „უკანასკნელი სადგურის“ ჩვენებისათვის სიუპრიზად ფილმის კომპოზიტორი, სერგეი ევტუშენკო ჩამოვიდა და მაყურებლის წინაშე წარსდგა. ცერემონიალი საბოლოოდ მაიკლფ ჰოფმანის სიტყვამ დაასრულა,  ჩვენებას რეჟისორმა მოკლე შესავალი გაუკეთა და დასძინა რომ  ჟიურის თავმჯდომარედ ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ, ახლა თავად უნდა შეაფასონ.

მნახველთა რაოდენობა: 3776