ქართული ფილმების პრემიერა თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2016-12-01

 

1 დეკებერს, 19:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფეტსივალის ფარგლებში,  გაიმართება ქართველი რეჟისორის ნინო ბასილიას ფილმის „ანას ცხოვრება“ ქართული პრემიერა.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მარტოხელა დედაზე, ანაზე, რომელიც საკუთარი და ბავშვთა სახლში მცხოვრები აუტიზმით დაავადებული შვილის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად სამუშაოს საძებნელად შეერთებულ შტატებში წასვლას გადაწყვეტს. აშშ-ს საელჩო ანას ვიზას არ აძლევს. ის კი რისკზე მიდის და სახლს ყიდის, რის შემდეგაც ფულს უცხო მამაკაცს აძლევს, რომელიც ჰპირდება, რომ ვიზას უშოვნის. როგორც მოსალოდნელია, მამაკაცი ჩვეულებრივი თაღლითი აღმოჩნდება და ანას ცხოვრება თავდაყირა დგება.

2 დეკემბერს 19:00 საათზე კი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მეორე ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმის „სხვისი სახლი“ ქართული პრემიერა. სხვისი სახლი შერჩეულია ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისათვის.

ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ გადაურჩა ორი ოჯახი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ სამოქალაქო ომს. ისინი გამარჯვებულების მხარეს არიან და დამარცხებულების მიერ ნაჩქარევად დატოვებული სახლები ერგებათ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ახალი ცხოვრების მშვიდად დაწყებას ვერ ახერხებენ: ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება, ვინაიდან ბრძოლები მათ შორის მაინც იმართება

                    

სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ, ორივე ნამუშევარს ქართველი მაყურებელი  ფესტივალის ფარგლებში პირველად იხილავს.  

ფესტივალზე „სხვისი სახლი“ და“ანას ცხოვრება“ საერთაშორისო და ეროვნულ  კონკურსში  მონაწილეობს. ეროვნულ კონკურსში, რომელიც ტრადიციული სექციის „ქართული პანორამის“ ფარგლებში იმართება წელს სამი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი მონაწილეობს. ნინო ბასილიასა და რუსუდან გლურჯიძის ფილმების გარდა 1 დეკემბერს 21:00 საათზე  ცნობილი ქართველი რეჟისორის რეზო ესაძის ახალი ფილმის „თვე, როგორც ერთი დღე“ პრემიერაც შედგება. ფილმის დასრულების შემდეგ მას გადაეცემა საპატიო პრომეთე.

მნახველთა რაოდენობა: 2761