სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალი და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“
კინოფესტივალი მედიაში
2017-05-25

 „ჩვენ გვჯერა კინოს უნიკალური ძალის - გააზიაროს ორიგინალური და  საინტერესო ისტორიები, მრავალფეროვანი პერსპექტივები და მდიდარი  ემოციური თავგადასავლები" - წერია სიეტლის კინოფესტივალის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 სიეტლის კინოფესტივალი ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე პოპულარულ  კინოფორუმად ითვლება. 1976 წლიდან იმართება და მუდმივად მედიის  დიდი ინტერესით სარგებლობს. მას ხშირად მსოფლიოს საუკეთესო  სამაყურებლო  კინოფესტივალს ეძახიან და ცოტა ხნის წინ ჟურნალმა „Variety" ის შეიყვანა სიაში - „50 ფესტივალი რომელიც არ უნდა გამოტოვო".

წლევანდელი ფესტივალი 18 მაისს დაიწყო და 11 ივნისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას იღებს 85 ქვეყნიდან წარმოდგენილი 400-მდე მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

„ჩვენი მაყურებელი 155 000-ს აღწევს და ყოველწლიურად 4000-მდე ფილმზე ვიღებთ განაცხადს. სადებიუტო ფილმებს დიდი ოსტატების ნამუშევრების გვერდით ვუშვებთ. ფესტივალზე ნაჩვენები ფილმების 70% კი, ზუსტად ვიცით,  არასდროს გავა კინოთეატრებში. სწორედ ეს აქცევს ჩვენს კინოფესტივალს იმ საოცარ ადგილად, სადაც მსოფლიოს ახალი კინონამუშევრების აღმოჩენა ხდება და ნამდვილი ზეიმი იმართება" - წერენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალმა თანდათან მოახერხა საგანმანათლებლო პროგრამების ამუშავება, და უკვე რამდენიმე წელია, რაც ფილმების ჩვენების პარალელურად კინომოყვარულებსა თუ პროფესიონალებს სხვადასხვა კურსებსა და სპეციალურ ჩვენებებს სთავაზობს. ფესტივალის მსვლელობის 25 დღის განმავლობაში კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის იმართება კონფერენციები, ტარდება კონკურსები, ეწყობა რეტროსპექტივები.

საფესტივალო პროგრამა უამრავ სექციას გთავაზობს: „ალტერნატიული კინო" (სადაც ახალი ჟანრობრივი თუ ტექნიკური ძიებებია), „აფრიკული სურათები" (საუკეთესო აფრიკული ნამუშევრები), „თანამედროვე მსოფლიო კინო" (80-მდე მონაწილე ქვეყნის ახალი კინო), „კულინარიული კინო" (სასიამოვნო მოგზაურობა გემოებისა და შეგრძნებების სამყაროში), „შეხედე მუსიკას" (ფილმები მუსიკის შესახებ), „ფილმები ოჯახებისთვის", „აზიური გზაჯვარედინები", „მომავლის ტალღა" (18 წლამდე რეჟისორების ნამუშევრები), „ლათინოამერიკული კინო", „ახალი ამერიკული კინო" (ინდი ფილმები ამერიკიდან), „ახალი რეჟისორები" (20 ქვეყნიდან წარმოდგენილი სადებიუტო ნამუშევრები).

ფესტივალს რამოდენიმე საკონკურსო პროგრამა აქვს: „ოფიციალური კონკურსი", „დოკუმენტური კინო", „იბერო-ამერიკული" (ფილმები ლათინოამერიკიდან, ესპანეთიდან და პორტუგალიიდან), „ახალი ამერიკული" (დამოუკიდებელი ამერიკული კინო) და „ახალგაზრდა რეჟისორები" (სადაც სადებიუტო ან რიგით მეორე ნამუშევრებია წარმოდგენილი).

ფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში 8 ფილმი მონაწილეობს და მათ შორისაა ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი".

ფილმი თბილისურ ოჯახზე მოგვითხრობს, სადაც სამი თაობა ცხოვრობს. მისი მთავარი გმირია მანანა (ია შუღლიაშვილი), 52 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ოჯახიდან წასვლას და ცალკე ცხოვრების დაწყებას გადაწყვეტს. ფილმში ასევე იხილავთ მსახიობებს: მერაბ ნინიძე, ბერტა ხაფავა, ცისია ქუმსიაშვილი და სხვები.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი" ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე საერთო ნამუშევარია. ფილმზე ოპერატორად მოწვეული იყო ტუდორ ვლადიმირ პანდურუ (კრისტიან მუნჯიუს „გამოსაშვები საღამო"-ს ოპერატორი). ფილმმა, რომლის მსოფლიო პრემიერაც სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, უამრავი ფესტივალი მოიარა და არაერთი დადებითი რეცენზია დაიმსახურა.

ქართველი მაყურებელი ნანას და სიმონის ფილმის ნახვას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც შეძლებს. სიეტლის კინოფესტივალის პროგრამის დირექტორი მარინა აჯაჯა კი ჩვენი ფესტივალის სტუმარი იქნება.

 

მნახველთა რაოდენობა: 367