რობინ კამპილო კანის გრანპრის მფლობელი გახდა!
კინოფესტივალი მედიაში
2017-05-30

უსასრულო წითელი ხალიჩა, თვალისმომჭრელად ალაპლაპებული ვარსკვლავები და კინოზეიმი - ეს კანია. ფრანგული რივიერას ცნობილი კინოფორუმი, რომელიც ყოველი წლის მაისში ნამდვილ ფეიერვერკს უწყობს კინომოყვარულებს.

28 მაისს ლუმიერების კინოთეატრში გამართულ საღამოზე 70-ე კინოფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც პედრო ალმოდოვარი ხელმძღვანელობდა გამარჯვებულები დაასახელა.

კინოფესტივალის გრანპრი გადაეცა რობინ კამპილოს დოკუმენტურ სტილში გადაღებული ფილმისთვის „120 დარტყმა წუთში". ფილმი 90-იან წლებში საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს აღწერს, როდესაც ჯგუფმა "Act Up" შიდსის მსხვერპლთა დასაცავად სამოქალაქო მოძრაობა წამოიწყო. ფილმის გმირები „Act Up"-ის წევრები და სასიკვდილო ვირუსით დაინფიცირებულები არიან. სხვადასხვა ხმაურიანი და ლამის თეატრალიზებული აქტივობებით კი შიდსის მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობენ - ხან ფარმაცევტულ კომპანიებს არბევენ და სისხლისფერი საღებავებით ღებავენ მათ კედლებს, ხან - სკოლებში უსაფრთხო სექსზე ესაუბრებიან მოსწავლეებს და ხან - ქუჩებში აწყობენ აქციებს. აქტივისტების წევრები ჰომოსექსუალები არიან და ფილმის წინა პლანზე, ერთ-ერთი წყვილის ისტორიაა წამოწეული. 

ფილმმა, რომელსაც გამოცემამ „The Hollywood Reporter" „პოლიტიკის, ვნებისა და დანაკარგის დრამა" უწოდა, კანის გრანპრისთან ერთად კიდევ ორი ჯილდო აიღო - FIPRESCI (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის დიპლომი) და Queer Palm (დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი, რომელიც ლგბტ თემატიკის ფილმებს აჯილდოებს). FIPRESCI-ის დაჯილდოებაზე კრიტიკოსებმა ასე დაახასიათეს კამპილოს ფილმი - „ეს არის ფილმი სიყვარულზე. ფილმი სიცოცხლეზე. სიცოცხლეზე, რომელიც სიკვდილზე ძლიერია. ფილმი, როგორც იმედის ნაპერწკალი."

თბილისის კინოფესტივალის მაყურებელს ალბათ ახსოვს კამპილოს ძალიან საინტერესო ფილმი „ბიჭები აღმოსავლეთიდან", რომელიც 2013 წელს ჩვენს ფესტივალში მონაწილეობდა. ფილმი, რომელიც იმავე წელს ვენეციის კინოფესტივალზე პროგრამა „პორიზონტებში" საუკეთესო ფილმად დასახელდა. სწორედ მაშინ, რობინ კამპილომ ჩვენი მაყურებლისთვის მასტერკლასი ჩაატარა და დამსწრე საზოგადოებას მონტაჟის ძირითად პრინციპებზე და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა.

რობენ კამპილო საფრანგეთში მცხოვრები, წარმოშობით მაროკოელი სცენარისტი, მემონტაჟე და რეჟისორია. ცნობილია როგორც ლორან კანტეს ფილმების თანასცენარისტი. მისი სარეჟისორო დებიუტი 2004 წელს შედგა ფილმით „ისინი დაბრუნდნენ".

 

 

მნახველთა რაოდენობა: 318