თბილისის მე-10 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი დაიწყო
კინოფესტივალი მედიაში
2017-06-01

31 მაისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიხსნა. რიგით მე-10 სტუდენტური ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და თბილისის მერია.

ოფიციალური გახსნის საღამოზე, რომელიც თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში გაიმართა ნაჩვენები იყო გიორგი ოვაშვილის სადიპლომო ნამუშევარი „ვაგონეტი".

წლევანდელი ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: აშვინ მალიქი (კინორეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი, ინდოეთი), ეითან ევანი (პროდიუსერი, ისრაელი), რამუნას პავილინსკასი (პროდიუსერი, ლიტვა), ალირეზა სოლტანი (რეჟისორი, კარნამეს ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ირანი) და ნინო კასრაძე (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველო).

მაყურებელს საშუალება აქვს ნახოს ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრები ამერიკიდან, გერმანიიდან, ბრაზილიიდან, ისრაელიდან, სამხრეთ აფრიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პორტუგალიიდან, ფინეთიდან, საქართველოდან და ა.შ. ფესტივალში 19 ქვეყნის კინოსკოლის 38 ფილმი მონაწილეობს.

ფესტივალს ეწვევა პოლონელი ოპერატორი და ლოძის კინოსკოლის პროფესორი იერჟი რიდჟინსი, რომელიც ფერსა და კამერასთან მუშაობის მეთოდოლოგიის შესახებ 3 დღიან ვორქშოფს ჩაუტარებს სტუდენტებს.

4 ივნისის ჩათვლით ყოველდღე გაიმართება მასტერკლასები, რომლებსაც ჟიურის წევრები გაუძღვებიან: აშვინ მალიქი ქართველ სტუდენტებს სინემატიკურ თხრობაზე ესაუბრება, ეითან ევანი კი - ფილმების რიმეიქზე, ნინო კასრაძე მსმენელს მოუყვება მსახიობის მუშაობაზე კამერასთან და რეჟისორთან, რამუნას პავილინსკასი პროდიუსერებსა და დამწყებ რეჟისორებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრებს, ხოლო ალირეზა სოლტანი მსმენელს შესთავაზებს თემას "როგორ შევაფასოთ ჩვენი მიღწევები".

საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი 4 ივნისს დასრულდება. ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელთან ერთად, გამორჩეული ნამუშევრების ავტორებს სხვადასხვა დიპლომით დააჯილდოებენ.

ყველა ღონისძიება ტარდება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში (აღმაშენებლის გამზ.40). დასწრება თავისუფალია.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 598