ფესტივალმა სახელმწიფო სექტორთან ხელშეკრულებები გააფორმა
კინოფესტივალი მედიაში
2017-06-09

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარებამდე სულ რაღაც 6 თვეა დარჩენილი. პროგრამაზე მუშაობა ჩვენმა საორგანიზაციო ჯგუფმა მე-17 ფესტივალის დასრულებისთანავე დაიწყო.

ფესტივალის ძირითადი მხარდამჭერია სახელმწიფო, რომელიც მას სამი ინსტიტუციის მონაწილეობით აფინანსებს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და თბილისის მერიის კულტურის სამსახურისგან მიღებული დაფინანსება, როგორც წესი, ფესტივალის საერთო ბიუჯეტის 50-60%-ს შეადგენს.

ფესტივალს სხვადასხვა წელს ჰქონდა ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, როგორებიც არიან: „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი", „ქართული ფილმის განვითარების ფონდი", ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო".

ამას გარდა, ფესტივალს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს კერძო სექტორი: „აჭარანეტი", „თბილღვინო", „ბორჯომი", სასტუმრო Rooms-ი და სხვა.

თბილისში აკრედიტებული უცხო ქვეყნის საელჩოებისა და კულტურული ორგანიზაციების თანადგომით უამრავი საინტერესო ფილმის ჩვენება და სტუმრის ჩამოყვანა ხდება შესაძლებელი. ჩვენი პარტნიორები არიან: გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ბრიტანეთის საკონსულო, შვედეთის, ისრაელის, პოლონეთის საელჩოები, ადამ მიცკევიჩის სახელობის ინსტიტუტი და მრავალი სხვა.

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დაფინანსების თაობაზე სახელმწიფო სექტორთან ახლახან დაიდო ხელშეკრულებები. კულტურის სამინისტრომ მის ჩასატარებლად 100 000, ეროვნულმა კინოცენტრმა - 80, 000, ხოლო მერიის კულტურის სამსახურმა 70,000 ლარი გამოყო.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრო ჩვენს ფესტივალს 2007 წლიდან აფინანსებს (გამონაკლისი იყო 2011 წელი). ეროვნული კინოცენტრი ფესტივალს 2004 წლიდან უწევს ფინანსურ მხარდაჭერას, ხოლო მერიის კულტურის სამსახური - 2003 წლიდან (გამონაკლისი იყო 2006 წელი).

გასულ 2016 წელს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ფესტივალისთვის გამოყოფილმა თანხამ 278 651 ლარი შეადგინა.

2017 წელს ეს თანხა შემცირდა და 250 000 ლარია.

მნახველთა რაოდენობა: 1547