კარლოვი ვარი - 52-ე კინოფესტივალი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია
კინოფესტივალი მედიაში
2017-07-04

300 მოწვეული კინორეჟისორი და მსახიობი, 150 მხატვრული ფილმი, 70 მსოფლიო და ევროპული პრემიერა, 700 ჟურნალისტი, 800 დისტრიბუტორი, კინოგაქირავების აგენტი და პროდიუსერი, 11,000 მაყურებელი - ეს კარლოვი ვარია ციფრებში.

700-ზე მეტი უცხოელი და ადგილობრივი აკრედიტებული ჟურნალისტი იმის გარანტია, რომ ფესტივალი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა. EuroChannel, ZDF, Canal+, Reuters TV, BBC World Service Radio, Radio France Internationale, Hollywood Foreign Press Association, Hollywood Reporter, New York Times, Variety, Screen International, The Washington Post და მრავალი სხვა მედიასაშუალება ყოველწლიურად აშუქებს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და პრესტიჟულ, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალს.

ჩეხეთში კინოფესტივალი პირველად 1946 წელს, მარიანსკე-ლაზნეში ჩატარდა. ერთი წლის შემდეგ კი მისი ჩატარება კარლოვი ვარიში გადაწყდა და სწორედ ამ თარიღიდან მოყოლებული, კარლოვი ვარის კინოფესტივალმა თავისი საპატიო ადგილი მოიპოვა კინოსაფესტივალო რუკაზე. 1956 წელს კი, კინოპროდიუსერების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციამ (FIAPF) მას A კლასის სტატუსი მიანიჭა.

მართალია, 40 წლის განმავლობაში ფესტივალს სოციალისტური წნეხის ქვეშ უწევდა არსებობა, თუმცა 1994 წელს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და ფესტივალის ხელმძღვანელობის ცვლილებამ (მას სათავეში ცნობილი ჩეხი მსახიობი ირჟი ბარტოშკა და კინოჟურნალისტი ევა ზაორალოვა ჩაუდგნენ) ახალი სიცოცხლე შესძინა მას და ის ისევ აღმოჩნდა კინოპროფესიონალების ყურადღების ქვეშ.

უამრავ სექციასთან ერთად ფესტივალზე 3 საკონკურსო პროგრამაა - „საერთაშორისო", „დასავლეთის აღმოსავლეთი" და „დოკუმენტური კინო". საერთაშორისო ჟიური სწორედ ამ სექციების გამარჯვებულებს დაასახელებს და მათ ფესტივალის ჯილდოს „ბროლის გლობუსს" გადასცემს. წლევანდელ, 52-ე კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, რომელიც 30 ივნისს გაიხსნა, საკონკურსო პროგრამაში ორი ქართული ფილმი მონაწილეობს - გიორგი ოვაშვილის „ხიბულა" („საერთაშორისო კონკურსი") და მარიამ ხაჭვანის „დედე" („დასავლეთის აღმოსავლეთი"). „დასავლეთის აღმოსავლეთის" ჟიურის წევრად ქართველი კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძეა მიწვეული.

ჩვენებების პარალელურად, ფესტივალზე ყოველწლიურად ტარდება „ინდუსტრიული სექცია", რომელიც უამრავ კინემატოგრაფისტს აერთიანებს - რეჟისორებს, სცენარისტებს, საერთაშორისო კინოგაყიდვების აგენტებს, დისტრიბუტორებსა და სხვადასხვა კინოფესტივალის წარმომადგენლებს.

„ინდუსტრიული სექციის" მონაწილეთათვის იმართება საინტერესო სადისკუსიო პანელები, მრგვალი მაგიდები; ხდება საკუთარი გამოცდილების გაზიარება რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, დამწყები კინემატოგრაფისტებისთვის; მყარდება კონტაქტები, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია თანამედროვე კინოწარმოება. ყოველ წელიწადს ფესტივალზე 200-მდე ფილმის ჩვენება იმართება და აქედან 70 პრემიერაა. აქ წარმოდგენილ ფილმთა უმრავლესობას არ ჰყავს საერთაშორისო გაყიდვების აგენტი. „ინდუსტრიული სექციის" მიზანია კინოპროფესიონალების დაკავშირება და კო-პროდუქციების, თანამშრომლობის ახალი გზების ჩამოყალიბება.

კარლოვი ვარის ჯგუფთან ერთად წლევანდელი ინდუსტრიული პროგრამის თემებს წარმოადგენენ: „შემოქმედებითი ევროპა - მედია" (ევროკავშირის პროგრამა კულტურის სექტორების მხარდასაჭერად), ევრიმაჟი (კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ევროპის საბჭოს ფონდი) , ჟურნალი „ვარიეტე", „LUX Film Prize" (ევროპის პარლამენტის პრიზი კინემატოგრაფში), TorinoFilmLab (კინოლაბორატორია ტორინოში, რომელიც დამწყებ რეჟისორებს ეხმარება).

ამას გარდა, ფესტივალი კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობს დამწყებ კინემატოგრაფებს. „EFP" (ევროპული კინოს მხარდასაჭერი საერთაშორისო ქსელი) და „შემოქმედებითი ევროპა - მედიის" ინიციატივით, სპეციალურად ახალგაზრდა კინემატოგრაფებისთვის განკუთვნილ პროგრამაში „მომავლის ჩარჩო" მენტორად ცნობილი კანადელი რეჟისორი დენი კოტეა მოწვეული, რომელიც დამოუკიდებელი კინოწარმოების თემაზე ჩაატარებს მასტერკლასს. -„დღეს, ამ ინდუსტრიულ დიქტატურაში ალტერნატიული გზების ძიება გვიწევს. ფილმისათვის ფინანსების მოძიებას ძალიან მკაცრ წესებთან თუ კანონებთან მივყავართ; ისეთთან, რომელმაც შეიძლება სულ დაგავიწყოს შენი შემოქმედებითი იდეები", ამბობს დენი კოტე.

20 წლის განმავლობაში დენი კოტემ 12 სრული და 16 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შექმნა. მისი ფილმები პრიზირებულია ლოკარნოს, ბერლინის კინოფესტივალებზე. -„ის არის არაჩვეულებრივი მენტორი, რომლის განსაკუთრებული მიღწევები ნამდვილად შთააგონებს და დაეხმარება ამ პროგრამის ახალგაზრდა მონაწილეებს. ეს იქნება სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ კინოსკოლებში ვსწავლობთ." - ამბობენ კარლოვი ვარის წარმომადგენლები.

52-ე კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 8 ივლისს დასრულდება.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 237