“საშიში დედა” - ანა ურუშაძის დებიუტი ლოკარნოში
კინოფესტივალი მედიაში
2017-08-03

2-12 აგვისტოს შვეიცარიაში, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება. სადებიუტო ნამუშევრების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს ქართული ფილმი - ანა ურუშაძის „საშიში დედა" (2017). ფილმის პროდიუსერები არიან ლაშა ხალვაში, თინათინ ყაჯრიშვილი და ივო ფელტი („ჯემინი", სტუდიო „არტიზმი" და "Allfilm").

 

თავისით მოდის. სადღაც, ტვინის რომელიმე კუნჭულში შეიყუჟება და გაისუსება. შენც იქ ტოვებ, არ უშლი ხელს. ნელ-ნელა ფორმას იღებს, სახეც ეკვეთება. მერე, როდესაც მზად იქნება თავისით დაგენახება - მეუბნება ანა ურუშაძე თავის გმირებზე. წერა უყვარს, სცენარებზე მუშაობს და ამ პროცესს „გამოქვაბულის პერიოდს" ეძახის - სახლი, სეირნობა, წერა, დაძინება, სახლი, სეირნობა, წერა, დაძინება. „გამოქვაბულის პერიოდში" ბევრი ჩანახატი, სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სცენარები დაწერა, მაგრამ მერე თვითონვე გადადო გვერდზე, აღარ მომწონდაო.

„საშიში დედაც" ასე მოვიდა. სცენარი ჯერ 15-20 წუთიანი ფილმისთვის დაიწერა და კინოცენტრში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურზე შეიტანა. დაიწუნეს, ამის გამო დეპრესიაც კი დამეწყოო, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ საღამოს გაგრძელდა. მეორე დღეს უკვე იჯდა და თავის საშიშ დედას ახალ ამბებს უგონებდა. „ზოგადად, რაც არ უნდა გამეკეთებინა ხოლმე - საკურსო ფილმი, ჩანახატი თუ სცენარი, როგორც კი ვამთავრებდი მაშინვე მინდოდა გვერდზე გადამედო, აღარ მაინტერესებდა, აღარ მინდოდა. ეს პირველი შემთხვევაა როცა ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, მართლა".

დაწუნების შემდეგ „საშიში დედა" სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარად იქცა და 2016 წელს, კინოცენტრის მიერ ჩატარებული სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმების კონკურსის გამარჯვებული გახდა.

საშიში დედა 50 წლის დიასახლისი მანანაა. ქმართან და 3 შვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ უსახურ, ნაცრისფერ კორპუსში ცხოვრობს. ერთ დღესაც არჩევანის წინაშე დგება - ყველაფერი ასე, მონოტონურად გააგრძელოს თუ... რომანი დაწეროს! ამ იდეით შეპყრობილს მხოლოდ ნუკრი ჰყავს გვერდში, საკანცელარიოს გამყიდველი და ახლა უკვე მისი მესაიდუმლე. მანანასთვის ეს რომანი თავის დაღწევის ან იქნებ ახლიდან დაბადების შანსიცაა. წიგნის ფურცლებზე ის საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს აღწერს, თითქოს ცდილობს მათ გვერდიდან დაანახოს რეალობა; აჩვენოს რას გრძნობს, როგორ გრძნობს.

როდესაც სცენარს წერდა, მანანას როლში ნატო მურვანიძეს ხედავდა, ამ სახეს მივყვებოდი, სხვა მსახიობი არც წარმომედგინაო. მიუხედავად იმისა, რომ სცენარში ნუკრი აბსოლუტურად სხვა ტიპის პერსონაჟია, რამაზ იოსელიანი ამ როლზე მაშინვე დაამტკიცა, „ინტუიტიურად გრძნობ, ხედავ როგორ შეიძლება მოხდეს გარდასახვა". მანანას მამის როლს ავთო მახარაძე ასრულებს. ამ მსახიობთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ანასთვის, რომელიც დღემდე ინახავს მსახიობის ნაჩუქარ ცალხაზიან რვეულს -„ერთ დღეს რვეული მაჩუქა, რომელიც სავსეა მის გმირზე გაკეთებული ჩანაწერებით... ხასიათი, ჟესტები, სიტყვები, დეტალები - ყველა სიტყვა მუსიკალურადაა აწყობილი. საერთოდ არ აინტერესებდა რომ დამწყები ვიყავი და არ მქონდა გამოცდილება. ყველაფერს მეკითხებოდა, უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი. მეც სულ ვეუბნებოდი - რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა, კი!

ამბობს, რომ გადაღებების პროცესში საერთოდ არ ჩაუხედავს სცენარში. ბევრი სცენა ამოიღო და რაღაცეები პირიქით, კიდევ უფრო გამოკვეთა -„გადასაღებ მოედანზე ძალიან მობილიზებული ვარ, რაც ისე არ მეტყობა. საერთოდ არ ვნერვიულობ და საშინლად კონცენტრირებული ვხდები. ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება რაღაცეები მაწუხებს, რასაც მე „თინეიჯერულ კომპლექსებს" ვეძახი, მაგრამ მოედანზე ეს ყველაფერი სადღაც ქრება. აი როგორც კი გადაღებები მთავრდება... ყველაფერი უკან ბრუნდება, ყველაფერი."

ფიქრობს, რომ ამ ფილმზე მუშაობისას ბევრ რამეში გაუმართლა. პირველ რიგში გადამღებ ჯგუფში - მხატვარი თეა თელია, ოპერატორი მინდია ესაძე, მემონტაჟე ალექსანდრე კურანოვი, ხმის მემონტაჟე პაატა გოძიაშვილი, მსახიობები... მოსწონს ის, რომ მასთან ერთად ბევრი ადამიანისთვის ეს ფილმი დებიუტია. აი მაგალითად კომპოზიტორი ნიკა ფასური, რომელმაც ზუსტად იგრძნო გარემო და ძალიან კარგი მუსიკა დაწერა ფილმისთვის. გადაღებებისთვის საჭირო აპარატურა კი დიტო ცინცაძემ ათხოვა, დროებით შეჩერებული ჰქონდა თავის ფილმზე მუშაობა.

როდის გადაწყვიტა რეჟისორობა? ამის კითხვას აზრი არ აქვს. არც გადამიწყვეტია, ეს ისედაც ასე უნდა ყოფილიყოო -„მამაჩემი რეჟისორია, ის კი ბავშვობაში ჩემთვის გმირივით იყო. ამიტომ ვინ უნდა გამოვსულიყავი, ამაზე არასდროს მიფიქრია, ერთი გზა იყო მაინც". მამამისი კინორეჟისორი ზაზა ურუშაძეა, რომლის ფილმი „მანდარინები" 2015 წელს „ოსკარზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

და მაინც, საიდან მოვიდა „საშიში დედა"? ვეკითხები ბოლოს. -„ალბათ ჩემი ოჯახის წევრებისგან. დედას რომანის დაწერა უნდოდა, რამდენიმე დაიწყო და გააჩერა. ჩემი დაც ახლა ამთავრებს თავის პირველ წიგნს, ისიც სულ წერს, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ბებიამ იმოქმედა. ბევრს არაფერს ამბობს მაგრამ ვიცი, ძალიან ნანობს რომ თავის დროზე არ გააკეთა ის, რაც ძალიან უნდოდა - გამხდარიყო რეჟისორი. სევდიანია, როცა ხვდები რომ უკვე მართლა გვიანია. იქნებ ადრევე რომ გადაეწყვიტა და გადაედგა ეგ ნაბიჯი...? ან კიდევ როდის უნდა გადაეწყვიტა? და საერთოდ, არის კი ეს ახლა ასე მნიშვნელოვანი? არვიცი."

ფილმი 34 დღეში გადაიღეს და 6 დღეში დაამონტაჟეს. 3 აგვისტოს კი, 26 წლის ანა ურუშაძის „საშიში დედა" ლოკარნოს კინოფესტივალზე, სადებიუტო ფილმების კონკურსში აჩვენეს.

„ქართული პრემიერა? ამის წარმოდგენაც კი მკლავს ისე ვნერვიულობ. მინდა რამენაირად არ მივიდე... ბევრი არაფერი, მაგრამ თუ დარბაზიდან გასულ მაყურებელს ფილმი ზოგჯერ მაინც გაახსენდება, ეს ჩემთვის უდიდესი სიხარული იქნება."

„საშიში დედა" თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში იქნება ნაჩვენები.

 

სალომე კიკალეიშვილი

 

მნახველთა რაოდენობა: 348