გილიერმო დელ ტორო ვენეციის გამარჯვებული გახდა
კინოფესტივალი მედიაში
2017-09-11

„52 წლის ვარ, 300 ფუნტს ვიწონი და 10 ფილმი მაქვს გადაღებული. არა აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხარ, ყველა მთხრობელის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც დიდ რისკზე მიდიხარ და აკეთებ რაღაც განსხვავებულს. ამ ჯილდოს ვუძღვნი ყველა ლათინოამერიკელ რეჟისორს, რომელიც ფანტასტიკის სფეროში ფილმის გადაღებაზე ოცნებობს. ეს, შესაძლებელია!" - თქვა გილიერმო დელ ტორომ ვენეციის 74-ე კინოფესტივალის დაჯილდოებაზე, როდესაც მას, ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ლომი" გადასცეს.

დელ ტოროს ფილმში „წყლის ფორმა" ("The Shape Of Water") მოქმედება 1963 წელს ვითარდება. ფილმის მთავარი გმირი მუნჯი დამლაგებელი ელაიზა (სალი ჰოკინსი), გასაიდუმლოებულ სამეცნიერო ლაბორატორიაში მუშაობს. ამ საიდუმლოებებით მოცული შენობის კედლებში კი, ერთ უჩვეულო პაციენტს აკვირდებიან, წყლის მონსტრს - ადამიან-ამფიბიას. ელაიზას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება მას შემდეგ, რაც ერთ მშვენიერ დღეს, თავის თანამშრომელთან ერთად ამ უცნაურ პაციენტს აღმოაჩენს.

„ზღაპრები პრობლემების დროს მოიგონეს, მაშინ, როდესაც ადამიანებს უჭირდათ, როდესაც მათ თითქოს დაკარგეს იმედი. მე გადავიღე „წყლის ფორმა" როგორც ცინიზმის ანტიდოტი. ზოგჯერ მეჩვენება, რომ როდესაც ვსაუბრობთ სიყვარულზე ამას ისე ვაკეთებთ, თითქოს რაიმე გამოუვალ მდგომარეობაზე ვყვებოდეთ. გვეშინია არ გამოვჩნდეთ ბავშვურები, გულწრფელები... მაგრამ სიყვარული ნამდვილია, აბსოლუტურად ნამდვილი და როგორც წყალი, ის ყველაზე ნაზი და ყველაზე ძლიერი ძალაა ამ სამყაროში. ის თავისუფალი და უფორმოა მანამ, სანამ ჩვენ თავად არ მოვაქცევთ მას რაიმე ფორმაში. ჩვენი თვალები ბრმაა, მაგრამ არა - სული. ის გრძნობს სიყვარულს ნებისმიერი ფორმით", - განაცხადა რეჟისორმა ჟურნალისტებთან საუბარში.

დელ ტორო პირველი მექსიკელი რეჟისორია, რომლის ფილმიც „ოქროს ლომით" დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ „წყლის ფორმა" ძალიან კარგად მიიღო კრიტიკამ და დახურვის ცერემონიაზე, მის გამარჯვებულად დასახელებას დარბაზი ოვაციებით შეხვდა.

„ვერცხლის ლომი" საუკეთესო რეჟისურისათვის წილად ხვდა ფრანგ რეჟისორს ქსავიე ლეგრანს ფილმისთვის „მეურვეობა" ("Custody").

ფესტივალის გრან-პრი გადაეცა ისრაელელ რეჟისორს სამუელ მაოზას ფილმისთვის „ფოქსტროტი" („Foxtrot") .

ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ავსტრალიელი უორვიკ თორნტონი ფილმისთვის „ტკბილი ქვეყანა" („Sweet Country").

ქალის და მამაკაცის როლების საუკეთესო შესრულებისთვის კი საერთაშორისო ჟიურიმ ანეტ ბენინგის ხელმძღვანელობით მსახიობები შარლოტ რემპლინგი (ანდრეა პალაოროს ფილმში „ჰანა") და კამელ ელ-ბაშა (ზიადა დუეირის ფილმში „შეურაცხყოფა") დააჯილდოვა.

რაც შეეხება ფესტივალის ახალ საკონკურსო პროგრამას „ვირტუალური რეალობა", ჟიურიმ რამოდენიმე გამარჯვებული გამოავლინა:

„საუკეთესო ვირტუალური რეალობა" - ეუჟენი ჩანგის „Arden's Wake (Expanded)".

„ვირტუალური რეალობის საუკეთესო ამბავი" - ჯინა კიმის „Bloodless".

„ვირტუალური რეალობის საუკეთესო ექსპერიმენტი" - ლორი ანდერსონის „La Camera Insabbiata".

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 533