ბათუმის კინოფესტივალმა გამარჯვებულები დაასახელა
კინოფესტივალი მედიაში
2017-09-25

24 სექტემბერს ბათუმში მე-12 საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართულ საღამოზე, ფესტივალზე მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებულები დაასახელა.

საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის გადაეცა თურქ რეჟისორს იეშიმ უსტაოღლუს ფილმისათვის „შუქ-ჩრდილი" („Claire Obscure").

საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა ეჩემ უზუნი ფილმისათვის „შუქ-ჩრდილი" („Claire Obscure").

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის დაჯილდოვდა მერაბ ნინიძე უნგრელი რეჟისორის კორნელი მუნდრუცუს ფილმისთვის „იუპიტერის მთვარე" ("Jupiter's Moon").

ჟიურიმ სპეციალური პრიზით აღნიშნა მარიამ ხაჭვანის „დედე" და სალი პოტერის ფილმის „წვეულება" ("Party") სამსახიობო დასი. აღსანიშნავია, რომ ქართველი მაყურებელი „დედეს" ნახვას 1 ნოემბრიდან, საქართველოს კინოთეატრებში შეძლებს.

ფესტივალის გრან-პრი კი აიღო უკრაინელმა რეჟისორმა სერგეი ლოზნიცამ ფილმისათვის „ნაზი არსება" („Gentle Creature").

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის ხელმძღვანელობდა ირანელი რეჟისორი მოჰსენ მაჰმალბაფი. მასთან ერთად საკონკურსო სექციის შესაფასებლად მოწვეულნი იყვნენ: დიანა აშიმოვა (ყაზახეთი), სიდიქ ბარმაკი (საფრანგეთი), ბორის შულმანი (შვედეთი) და ნუცა ალექსი-მესხიშვილი (საქართველო).

დოკუმენტური ფილმების ჟიურიმ, რომელსაც რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი ხელმძღვანელობდა საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დაასახელა ზიად ქალთოუმის „ცემენტის გემო" („Taste of Cement", გერმანია).

ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა რატი ონელის „მზის ქალაქი" (საქართველო) და უგის ოლტეს „თავისუფლების დღე" („Liberation Day",ნორვეგია).

რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციას ტაჯიკი კინოკრიტიკოსის საფარ ჰაქდადოვის ხელმძღვანელობით, გამარჯვებული გახდა ქიუ იანგის „ნაზი ღამე" („Gentle Night", ჩინეთი).

ხოლო სპეციალური დიპლომი გადაეცათ 3 ქართველ რეჟისორს: მარგო ზუბაშვილს ფილმისათვის „ანა" (საქართველო), სოსო ბლიაძეს ფილმისათვის „სამი საფეხური" (საქართველო) და კარლო სირონის ნამუშევრისთვის „ვალპარაიზო" („Valparaiso") (იტალია).

 

მნახველთა რაოდენობა: 576