შეხვედრა მერაბ ნინიძესთან
კინოფესტივალი მედიაში
2017-12-11

10 დეკემბერს 16:00 საათზე, კინოთეატრ ამირანის 1-ელ დარბაზში გაიმართა კანის კინოფესტივალის მონაწილე ფილმის, კორნელ მუნდრუცოს - "იუპიტერის მთვარე" ჩვენება, რომელშიც თამაშობს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე. იგი სპეციალურად ჩამოვიდა და შეხვდა ქართველ მაყურებელს ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ.

ფილმის გმირს, შიშით შეპყრობილ და შოკში ჩავარდნილ დაჭრილ არიანს ახლა უკვე ჰაერში აწევა საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია. დევნილთა ბანაკში მოხვედრილი არიანი ცინიკოს ექიმ შტერნს გამოყავს იმ განზრახვით, რომ მისი უჩვეულო საიდუმლოს შესახებ მეტის შეტყობა შეძლოს. ბანაკიდან გამოქცეულებს დირექტორი - ლასლო დაედევნება. ისინი გარბიან თავშესაფრის და ფულის ძიებაში.

კორნელ მუნდრუცო უნგრელი სცენარისტი, კინოს და თეატრის რეჟისორი, Proton Cinema-ს და Proton Theatre-ს დამფუძნებელია. „იუპიტერის მთვარე" მისი მეხუთე ფილმია, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა. მანამდე მან წარადგინა ფილმები: „იოჰანა", „დელტა", „მორჩილი ვაჟი" და „თეთრი ღმერთი". ამ უკანასკნელმა ფილმმა, 2014 წელს კანში სექციაში "განსაკუთრებული ხედვისთვის" მთავარი ჯილდო დაიმსახურა.

ფოტო: ნინო კანკავა

მნახველთა რაოდენობა: 233