ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ინსბრუკის გამარჯვებულია
კინოფესტივალი მედიაში
2018-06-05

2 ივნისს ქალაქ ინსბრუკში რიგით 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვა გაიმართა. ახალგაზრდა კინოპროფესიონალებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ნამუშევრად გიორგი გოგიჩაიშვილისა და დავით აბრამიშვილის „8 წუთი" დაასახელა. შეგახსენებთ, რომ „8 წუთს" უკვე არაერთი პრიზი აქვს მიღებული საერთაშორისო კინოფესტივალებზე და 2017 წელს ჩვენი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც იღებდა მონაწილეობას. ფილმი იმ 8 წუთზე გვიყვება, რომელიც კაცობრიობას უკანასკნელ მზის სხივთან ერთად დარჩა.

ინსბრუკის წლევანდელი კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა საქართველო იყო და სწორედ ამიტომ სპეციალურ პროგრამაში ძველი და ახალი ქართული ფილმები იყო წარმოდგენილი. „ინსბრუკის კინოფესტივალი საკმაოდ პატარა ფესტივალია, თუმცა უამრავ კინომოყვარულს მოუყარა თავი, - აღნიშნა ჩვენი პროგრამების კოორდინატორმა გურამ ღონღაძემ, რომელიც კინოფესტივალს ესწრებოდა. - საქართველოსადმი მიძღვნილ სპეციალურ პროგრამაში ნაჩვენები იყო: ლევან კოღუაშვილის, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის, გიორგი შენგელაიას, ოთარ იოსელიანის, მერაბ კოკოჩაშვილისა და დიტო ცინცაძის ფილმები. ამ პროგრამამ მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია. წარმოდგენილი იყო ასევე მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე", რომლის ჩვენებამ თანამედროვე მუსიკის თანხლებით ჩაიარა. ჩვენებების გარდა, საქართველოდან ჩასულმა სტუმრებმა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გავმართეთ ფესტივალის მაყურებელთან და მოწვეულ სტუმრებთან. საუბრების ძირითადი თემა იყო: თანამედროვე ქართული ფილმებისა და ტენდენციების მიმოხილვა, დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები, ჯერ კიდევ აუწყობელი დისტრიბუცია და რა თქმა უნდა, ჩვენი კინოფესტივალი იმ გამოწვევებით, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ."

ფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გახდა ნელსონ კარლო დე ლოს სანტოს არიას „Cocote" (არგენტინა/ გერმანია/ ყატარი/ დომინიკის რესპუბლიკა), რომლის გმირი, მებაღე ალბერტო თავის მშობლიურ ქალაქში, მამის მკვლელობის შემდეგ ბრუნდება. ფილმს, მიღებული აქვს პრიზები ლისაბონის, ლოკარნოს და მარ-დელ-პლატას საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

ფესტივალის საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა „საჰელის ხმების ამბავი" ("A story of sahel sounds") (რეჟისორები: მარკუს მილკე, ტობიას ადამი და ფლორიან კლაგერი)

როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ, ინსბრუკის კინოფესტივალი ჩვენი პარტნიორია და წელს, ის განსაკუთრებულად იქნება წარმოდგენილი თბილისის მე-19 კინოფესტივალზე.

1982 წლიდან კი, ინსბრუკი თბილისის დაძმობილებული ქალაქია, რაც თანამშრომლობას, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებასა და საერთო პროექტებსა და პროგრამების განხორციელებას გულისხმობს.

 

მნახველთა რაოდენობა: 542