კარლოვი ვარის კინოფესტივალი მილოშ ფორმანის ფილმით გაიხსნება
კინოფესტივალი მედიაში
2018-06-28

 

კარლოვი ვარის 53-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 29 ივნისს გაიხსნება მილოშ ფორმანის ფილმით „ქერას საყვარლები". ფილმის ჩვენებამდე სასტუმრო „თერმალის" წინ ჩეხეთის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს მუსიკალურ ფრაგმენტებს ფორმანის ფილმებიდან „ამადეუსი", „თმები", „მეხანძრეების მეჯლისი", „გადაფრენა" და „ვალმონი". კარლოვი ვარის კინოფესტივალის ჯგუფი ასე ცდილობს მიაგოს პატივი დიდი რეჟისორის ხსოვნას, რომელიც 13 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1965 წელს გადაღებული „ქერას საყვარლები" ჩეხური კინოს ახალი ტალღის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. ამ ფილმით 1966 წელს გაიხსნა ნიუ-იორკის კინოფესტივალი და ის მრავალი პრიზის მფლობელი გახდა. ნომინირებული იყო ოსკარსა და „ოქროს გლობუსზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. „მილოშ ფორმანი არამარტო ბრწყინვალე რეჟისორი, არამედ ჩვენი ფესტივალის დიდი მეგობარიც იყო. გადავწყვიტეთ ბევრი არ გველაპარაკა მასზე და პატივი მიგვეგო ფილმებით, იმით, რისი სიმბოლოც თავად იყო. ჩვენს მაყურებელს არაერთხელ აქვს ეს ფილმი („ქერას საყვარლები") ტელევიზიით ნანახი, თუმცა ვფიქრობთ, რომ ისინი უდაოდ ბედნიერები იქნებიან მისი დიდ ეკრანზე ხილვით," - განაცხადა პრესკონფერენციაზე ფესტივალის პრეზიდენტმა ირჟი ბარტოშკამ.

ფილმის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს. პრაღაში ერთ-ერთ შაბათ საღამოს ფორმანი შემთხვევით შეეჩეხა ქუჩაში ახალგაზრდა ქალს, რომელიც დიდ ჩემოდანს მოათრევდა. ქალი ვარნსდორფიდან იყო ჩამოსული. როგორც აღმოჩნდა, ის იმ მამაკაცს ეძებდა, რომელთანაც ცოტა ხნის წინ ღამე გაატარა. ის კი თავის მხრივ, გრძელვადიან ურთიერთობას დაჰპირებია ქალს. თუმცა მამაკაცის მიცემული მისამართი არასწორი აღმოჩნდა. ფორმანი მას დიდხანს ესაუბრა, მერე კი ახალგაზრდა ქალი სადგურში წაიყვანა და უკან, ვარნსდორფში გაუშვა - ქალაქში, რომლის თითქმის ყველა ქალი ტექსტილის ადგილობრივ ქარხანაში მუშაობდა. „მისი ისტორია ძალიან დამამახსოვრდა. პერიოდულად, არ ვიცი რატომ, თავისით მახსენებდა ხოლმე თავს. ბოლოს ჩემს სცენარისტებს მოვუყევი, იქნებ ამისგან რამე გავაკეთოთმეთქი" - წერდა ფორმანი ავტობიოგრაფიულ წიგნში.

წლევანდელი კარლოვი ვარის კინოფესტივალი ორ რეჟისორს გადასცემს საპატიო „ბროლის გლობუსს". კინოში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მუსიკოსი ტიმ რობინსი. ფესტივალზე გაიმართება მისი საავტორო ფილმების ჩვენება და კონცერტი, რომელსაც ის The Ragues Gallery Band-თან ერთად გამართავს.

ასევე დაჯილდოვდება რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ბარი ლევინსონი. მის ფილმს „წვიმის კაცი", რომელიც ოთხი ოსკარის, ბერლინის „ოქროს დათვის" და დავიდ დი დონატელოს მფლობელია, წელს 30 წელი უსრულდება.

ფესტივალის სტუმარი იქნება ტერი გილიამი, რომელიც თავად წარადგენს მის ბოლო ნამუშევარს „კაცი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა". ამ ფილმის გადაღება რეჟისორმა 18 წლის წინ დაიწყო, და მთავარ როლზე ჯონი დეპი ჰყავდა მიწვეული. თუმცა უამრავი დაბრკოლების გამო გადაღებებმა მხოლოდ 6 დღე გასტანა. ამ ისტორიაზე 2002 წელს კეიტ ფულტანმა და ლუი პეპემ დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს „ლა მანჩაში დაკარგულები". წელს კი „კაცი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა" ახალი სამსახიობო შემადგენლობით გილიამმა კანის კინოფესტივალზე წარადგინა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კინოფესტივალი წელს მაყურებელს ორასამდე ფილმს სთავაზობს. როგორც გამოცემა „სქრინდეილისთვის" („Screendaily") მიცემულ ინტერვიუში ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი კარელ ოხი ამბობს, ისინი ძალიან ამაყები არიან წლევანდელი მრავალფეროვანი პროგრამით და იმ უამრავი თემით, რომელსაც ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები ეხება. სამ საკონკურსო პროგრამაში: „საერთაშორისო კონკურსი", „დასავლეთის აღმოსავლეთი" და „დოკუმენტური კინო" თორმეტ-თორმეტი ფილმია წარმოდგენილი. პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, არგენტინა, ისრაელი, რუსეთი, კანადა, უკრაინა, ყირგიზეთი, ლიტვა, ბელარუსი, ირანი და მრავალი სხვა ქვეყნის კინემატოგრაფს მაყურებელი 9 დღის განმავლობაში ნახავს.

რაც შეეხება კარლოვი ვარის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაწილს - ინდუსტრიულ პროგრამას, ის ისევ უამრავ მასტერკლასს, მრგვალ მაგიდასა და პანელ-დისკუსიას ჰპირდება მასზე აკრედიტირებულ 1000-მდე კინოპროფესიონალს.

 

მნახველთა რაოდენობა: 521