C2C მარკეტის და კონკურსში მონაწილე ქართული ფილმის შესახებ
კინოფესტივალი მედიაში
2018-07-05

 

29 ივნისს ერევანში "ოქროს გარგარის" ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაგეგმილი ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს.

ფესტივალი 8 ივლისს არამ ხაჩატურიანის საკონცერტო დარბაზში გაიხსნება.

წლევანდელ "ოქროს გარგარს" საპატიო სტუმრების რანგში ეწვევიან რეჟისორები: დარენ არანოვსკი, ჯანფრანკო როსი და შონ ბეიკერი.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში, სადაც 13 ფილმი იღებს მონაწილეობას ნაჩვენები იქნება ქართული ნამუშევარიც - ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის "გამჭვირვალე სამყარო". ხოლო სექციაში "ფრანგულენოვანი ქვეყნები" მაყურებელი ნახავს კანადელი რეჟისორის, დენი კოტეს ფილმს "სათუთი კანი". როგორც ჩვენს მაყურებელს ახსოვს, დენი კოტე თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმარი იყო და მისი ფილმები სექციაში "რეჟისორი ფოკუსში" იყო წარმოდგენილი.

წლევანდელი "ოქროს გარგარი" პატივს მიაგებს ინგმარ ბერგმანის ხსოვნას და მაყურებელს სპეციალურ სექციას "ბერგმანი -100" შესთავაზებს. ასევე გაიმართება სომეხი რეჟისორის დავიდ საფარიანის ფილმების ჩვენება პროგრამაში "დავიდ საფარიანი - 65".

ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი ირანელი რეჟისორი ასღარ ფარჰადი. მისი ფილმი "ელის შესახებ" (2009) ბერლინალეს ვერცხლის დათვის მფლობელი და ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. სხვა მრავალ პრიზთან ერთად, ფილმი ასევე დაჯილდოვდა ფაჯრის (ირანი) და კერალას (ინდოეთი) საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

მისი მომდევნო ფილმი "ნადერი და სიმინი, გაყრა" ნამდვილი სენსაცია გახდა. ფილმმა ოქროს დათვი აიღო ბერლინში და მისი მსახიობები, საუკეთესო სამსახიობო შესრულებისათვის დაჯილდოვდნენ; ის ასევე გახდა ოქროს გლობუსის, ცეზარისა და ოსკარის გამარჯვებული; სან-სებასტიანის და აბუ-დაბის კინოფესტივალების მთავარი პრიზის მფლობელი და პოლონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, იტალიის, ლონდონისა და ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციების პრიზების მფლობელი.

რაც შეეხება ფარჰადის ბოლო ნამუშევარს ფსიქოლოგიურ თრილერს "ყველამ იცის", ამ ფილმით წლევანდელი კანის საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა გაიხსნა.

წელს ფესტივალზე ტრადიციისამებრ ჩატარდება ვორქშოფების სერია „სომხურ-თურქული კინოს პლატფორმა", რომელიც 2008 წლიდან იმართება. პროგრამა ევროკავშირის ინიციატივის - "დავეხმაროთ სომხეთ-თურქეთს ნორმალიზაციის პროცესს" - ფარგლებში ტარდება და მისი მხარდაჭერით უკვე 20 ფილმი შეიქმნა.
წლევანდელი განაცხადებიდან 8 საუკეთესო პროექტი შეირჩა, რომელთაგან გამარჯვებული 7000 ევროს მიიღებს.

და რა თქმა უნდა C2C მარკეტი, რომელზეც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვწერდით. „ოქროს გარგარის" ეს პროექტი ადგილობრივი, რეგიონალური და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი და ის ფილმების ჩვენებებს, პროექტებსა და სამუშაო პროცესში მყოფი ფილმების ბაზრობას აერთიანებს. მარკეტის მსვლელობისას მონაწილეთათვის შედგება მრგვალი მაგიდა, პანელ დისკუსიები და მასტერკლასები; ახალბედა რეჟისორებს მცირე კავკასიის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ირანი), რომლებიც სადებიუტო ან მეორე ფილმზე მუშაობენ, შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერებს, რეჟისორებს, ფესტივალის პროგრამების კოორდინატორებს, დისტრიბუტორებსა და გაყიდვების სპეციალისტებს. სულ ცოტა ხნის წინ ფესტივალმა მარკეტში მონაწილეობს მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა და ორიოდე დღის წინ, შერჩეულ აპლიკანტთა ვინაობაც გახდა ცნობილი.

C2C მარკეტზე ნაჩვენები იქნება 8 ფილმი, მათ შორის მარიამ ხაჭვანის "დედე" და რუსუდან პირველის "სუსა". სამუშაო პროცესში მყოფი ფილმების პროექტების მარკეტში მონაწილეობას მიიღებენ: კონსტანტინე მინდაძე ("დრამერი"), ქეთევან ნოზაძე ("სტალინი დღეს") და რუსუდან პირველი ("ძილის გაკვეთილები"). ხოლო მხატვრული ფილმების პროექტების მარკეტში საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ: სოფიო ჭინჭარაული, კონსტანტინე მინდაძე და ბესიკ სოლომონაშვილი.


ფესტივალი 15 ივლისს დაიხურება ტერი გიალიამის ფილმით "კაცი, რომელმაც დონ კიხოტი მოკლა".

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1215