გამარჯვებული ქართული ფილმები “ოქროს გარგარზე”
კინოფესტივალი მედიაში
2018-07-17

15 ივლისს ერევანში, მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი "ოქროს გარგარი" დაიხურა.

საერთაშორისო კონკურსის მთავარი გამარჯვებული და "ოქროს გარგარის" მფლობელი გახდა უკრაინელი რეჟისორის რომან ბონდარჩუკის უკრაინულ-გერმანული კოპროდუქცია "ვულკანი".

ფარაჯანოვის სახელობის პრიზი, კინოში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ ასღარ ფარჰადის და ჯანფრანკო როსსის. სპეციალური პრიზებით "ოსტატი" კი ლარი სმითი და შონ ბეიკერი დაჯილდოვდნენ.

მარიამ ხაჭვანის "დედე", რომელიც ფესტივალზე იყო ნაჩვენები დაჯილდოვდა FIPRESCI-ს (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია) პრიზით. ასევე დაჯილდოვდა ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი ფილმით "გამჭვირვალე სამყარო", რომელმაც დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ დოკუმენტური ფილმების ჟიურიში მონაწილეობას იღებდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იყო რუსუდან პირველის "სუსა". რამდენიმე ქართველმა რეჟისორმა კი: სოფო ჭინჭარაულმა, კონსტანტინე კალანდაძემ, ბესიკ სოლომონაშვილმა, ქეთი ნოზაძემ და რუსუდან პირველმა C2C მარკეტზე საკუთარი პროექტები წარადგინეს.

ოქროს გარგარი" 2004 წელს სამმა თანამოაზრემ დაარსა - ჰარუტიუნ ხაჩატრიანმა (კინორეჟისორი, ფესტივალის გენერალური დირექტორი), მიკაელ სტამბოლციანმა (კინოკრიტიკოსი, პროგრამების დირექტორი) და სუსანა ჰარუტუნიანმა (კინოკრიტიკოსი, მხატვრული დირექტორი).

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1198