კინო ჟესტებით მზიურში
კინოფესტივალი მედიაში
2018-08-02

ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანებამ, პროექტი „კინო ჟესტებით" ფარგლებში ორშაბათს 23 ივლისს, მზიურის ტერიტორიაზე ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის ადაპტირებული კინო ჩვენება გამართა. საღამოზე ნაჩვენები იყო ნანა ჯანელიძის ფილმი: „ნეტავ, იქ თეატრი არის?!".

ჩვენების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს ყრუთა კავშირი, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი და კომპანია "აჭარანეტი".

შეგახსენებთ, რომ ნანა ჯანელიძის ფილმი "ნეტავ, იქ თეატრი არის?!" თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალზე, საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ფილმი მოგვითხრობს მსახიობისა და მისი ოჯახის ცხოვრების ისტორიას, რომელიც საქართველოს, საბჭოთა კავშირსა და სტალინის რეჟიმს უკავშირდება. "პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის გადაეცემა ნანა ჯანელიძეს, ისტორიული მომენტების ორიგინალურად გადმოცემისა და იმ დიდი ემოციური ზემოქმედებისათვის, რაც ფილმს მაყურებლამდე მოაქვს" - განაცხადა თბილისის კინოფესტივალზე პრიზის გადაცემისას ჟიურის წევრმა, გერმანელმა კინოკრიტიკოსმა ულრიხ გრეგორმა. 

მზიურში ფილმის ჩვენება 8:30-ზე დაიწყო და სეანსის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც ფილმის რეჟისორი ნანა ჯანელიძე და მსახიობი კახი კავსაძე იღებდნენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანებამ ამ ეტაპზე 10 ფილმს გაუკეთა ჟესტური ადაპტირება.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1010