ვენეციის 75-ე კინოფესტივალი და გონდოლით მოსეირნე ვარსკვლავები
კინოფესტივალი მედიაში
2018-09-03

29 აგვისტოს მსოფლიო პრესის ყურადღების ქვეშ კუნძული ლიდო და ვენეციის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოჩნდა. გონდოლით მოსეირნე ვარსკვლავებსა და მსოფლიო პრემიერებს, ყოველდღიურად ათასობით მაყურებელი აკვირდება და ფესტივალის ყოველი დილა „გარდიანისა" და „ვარიეტეს" კინოკრიტიკოსების შეფასებებით იწყება.

წლევანდელ ფესტივალზე კინოში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა ვანესა რედგრეივს და 30 აგვისტოს მაყურებელს ჟულიენ ლანდეს ფილმი „The Aspern Papers" წარუდგინეს, სადაც ბრიტანელი მსახიობი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
ასევე, კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცემა კანადელ რეჟისორს დევიდ კრონენბერგს და ვენეციის მაყურებელი 1993 წელს გადაღებულ მის ცნობილ ფილმს „მ.ბატერფლაის" ნახავს. ხოლო 5 სექტემბერს, კანადელი რეჟისორი დაინტერესებული აუდიტორიისათვის მასტერკლასს გამართავს.

75-ე ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია გილიერმო დელ ტორო, რომლის ფილმმა „წყლის ფორმა" შარშან ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ლომი" დაიმსახურა.

ფესტივალი „ლა ლა ლენდის" რეჟისორის დემიენ შაზელის ბიოგრაფიული დრამით, ფილმით „First Man" გაიხსნა, სადაც რაიან გოსლინგი ამერიკელ ასტრონავტს ნილ არმსტრონგს განასახიერებს. არმსტრონგი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი. 1969 წელს ის კოსმოსურ მისია აპოლონ 11-ს ხელმძღვანელობდა. ხომალდმა კენედის კოსმოსური ცენტრი 16 ივლისს დატოვა და ოთხ დღეში მთვარის ზედაპირზე დაეშვა. ეს იყო მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო პირდაპირი ეთერით ადევნებდა თვალს. „ეს ნამდვილად დიდი პრივილეგიაა, რომ სწორედ ჩვენთან შედგა შაზელის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა", - აღნიშნა გახსნამდე ფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში „ვენეცია 75" წელს უამრავი საინტერესო და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხელწერის მქონე რეჟისორთა ფილმები იქნება ნაჩვენები. დემიენ შაზელის „First Man", რომლითაც გაიხსნა ფესტივალი საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს, აქვეა ეთან და ჯოელ კოენების 6 ნაწილიანი ვესტერნი "The Ballad Of Buster Scruggs", ლუკა გუადანინიოს საცეკვაო დასზე შექმნილი ისტორია "Suspiria", ალფონსო კუარონის 70-იანი წლების მეხიკოს ქრონიკა ფილმში "Roma", იოგოს ლანთიმოსის მე-18 საუკუნეში განვითარებული ამბავი "The Favorite", მაიკ ლის ეპიკური პორტრეტი "Peterloo", ოლივიე ასაიას "Doubles Vies", ჟაკ ოდიარის მკვლელ და-ძმაზე გადაღებული "The Sisters Brothers" და მრავალი სხვა.

საკონკურსო პროგრამებისთვის დაწესებული პრიზების გარდა, ფესტივალი დიდ ყურადღებას უთმობს დამწყებ რეჟისორებსა და მსახიობებს. საუკეთესო დებიუტისთვის წარმატებულ ნამუშევარს ვენეციის კინოფესტივალი ლუიჯი დი ლაურენტისის სახელობის პრიზით, ხოლო საუკეთესო სადებიუტო შესრულებისთვის - მარჩელო მასტროიანის სახლეობის პრიზებით აჯილდოვებს.

ფესტივალზე ყოველწლიურად იმართება სპეციალური პროგრამა „ვენეციის კლასიკა", სადაც აღდგენილი ფილმები და კინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმებია წარმოდგენილი. ამ პროგრამას რეჟისორი და სცენარისტი სალვატორე მერეუ ხელმძღვანელობს, რომელიც მისი 26 სტუდენტის დახმარებით მათგან საუკეთესო ნამუშევრებს სპეციალურ პრიზებს გადასცემს. ამ პროგრამაში ნაჩვენები იქნება: ლილიანა კავანის „ღამის პორტიე", კენჯი მიძოგუჩის „სირცხვილის ქუჩა", ალენ რენეს „შარშან მარიენბადში", ლუკინო ვისკონტის „სიკვდილი ვენეციაში", პოლ ვეგენერის „გოლემი" და სხვა.

შარშან, ფესტივალმა პირველად ჩაატა ახალი პროგრამა "Biennale College Cinema - Virtual Reality", სადაც 360 გრადუსით შექმნილი ფილმები, ინსტალაციები და პერფორმანსები იყო წარმოდგენილი. წელს, ვენეციის კინოფესტივალის „ვირტუალური რეალობა" მაყურებელს 11 საუკეთესო პროექტს წარუდგენს. თითოეული გუნდი რეჟისორისა და პროდიუსერისგან შედგება, რომელთაც დავალება ჰქონდათ - შეექმნათ 30 წუთიანი ვირტუალური რეალობა. გამარჯვებულ პროექტებში მოხვდნენ შემდეგი ქვეყნები: არგენტინა, ბრაზილია, ინდოეთი, საფრანგეთი, იტალია, ა.შ.შ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი.

კინოფესტივალი 8 სექტემბერს ირლანდიელი რეჟისორის ნიკ ჰამის ფილმით „Driven" დაიხურება.

მნახველთა რაოდენობა: 877