ბათუმის მე-13 კინოფესტივალი 23 სექტემბერს დაიხურება
ბათუმის მე-13 კინოფესტივალი 23 სექტემბერს დაიხურება
კინოფესტივალი მედიაში
2018-09-20

16 სექტემბერს ბათუმში მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო, რომელიც 8 დღის განმავლობაში მაყურებელს არაერთ საინტერესო კინოჩვენებასა და მასტერკლასს სთავაზობს.

ფესტივალს საკონკურსო პროგრამასთან ერთად, რამდენიმე არასაკონურსო სექციაც აქვს და მათ შორის წლევანდელ პროგრამაში "დიდოსტატთა კოლექცია" კანისა თუ სხვა პრესტიჟულ კინოფესტივალებზე პრიზირებული ფილმებია წარმოდგენილი. მათ შორის რამდენიმე ისეთი რეჟისორის ნამუშევარია, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს და მათ ფილმებს დიდი ინტერესით ელოდნენ.

17 სექტემბერს მაყურებელმა სამხრეთ კორეელი რეჟისორის კიმ კი დუკის ახალი ფილმი „ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი" ნახა. კორეელი რეჟისორის 2018 წელს გადაღებული სურათი სხვადასხვა ასაკისა და წარმოშობის ადამიანებზე მოგვითხრობდა, რომლებიც სამხედრო გემით მგზავრობენ.

გუშინ კინოთეატრ "აპოლოში" კი გასპარ ნოეს ფილმის „ექსტაზი" ჩვენება გაიმართა. ამ ფილმს წელს კანში საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და არაერთი კრიტიკოსის წერილის მთავარი თემაც გახდა. ფილმში მოყოლილია 90-იანებში განვითარებული ამბავი, როდესაც 20 მოცეკვავე რეპეტიციისთვის ტყეში მდგარ შენობაში დაბინავდა. ბოლოს დღეს კი ისინი წვეულების გამართვას და სანგრიით დათრობას გადაწყვეტენ. "მე ყოველთვის მხიბლავდა სიტუაციები, სადაც მოულოდნელად ჩნდება ქაოსი და ანარქია. იქნება ეს ქუჩაში გამართული ჩხუბები, ფსიქოტროპული საშუალებებით გაჯერებული შამანური სესიები თუ წვეულებები, სადაც ძლიერი ალკოჰოლური დოზების ქვეშ ადამიანები კონტროლს კარგავენ. განსაკუთრებით მომწონს მუშაობა წინასწარი მომზადების გარეშე, როდესაც საშუალებას აძლევ სიტუაცია თავისით განვითარდეს. ისე, როგორც ეს დოკუმენტურ კინოში ხდება", - ამბობდა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ნოე.

დღეს 22.00 სთ-ზე კი ამავე სექციაში ნაჩვენები იქნება ლარს ფონ ტრიერის „სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა". ეს ფსიქოლოგიური თრილერი სერიული მკვლელის შესახებ გვიყვება, რომელშიც მთავარ როლებს მეტ დილონი, უმა თურმანი და რაილი კიო ასრულებენ. გამოცემა "გარდიანი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლარს ფონ ტრიერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა შთააგონა ამ ფილმის შექმნა.

ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 23 სექტემბერს, 18.30 სთ-ზე ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება, სადაც ჟიური გამარჯვებულებს დაასახელებს. კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო პრიზით დაჯილდოვდება გელა კანდელაკი (რეჟისორი, ანიმატორი) და სოსო ბარდანაშვილი (კომპოზიტორი). საღამოს კი მუსიკალურად ბათუმის ჯაზ ბიგ-ბენდი გააფორმებს.

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 877