კინოფესტივალი მედიაში
2018-10-01

სან-სებასტიანი ეპანეთის ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა და მას ბასკურად დონოსტიას ეძახიან. ამ ზღვისპირა ქალაქში ყოველ სექტემბერს საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება და მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ სტუმრებს, ერთ კვირიანი ბასკური „არდადეგები" და ლათინოამერიკული კინოს შემოტევა ელით.

სწორედ სან-სებასტიანში აჩვენეს პირველად ალფრედ ჰიჩკოკის „თავბრუსხვევა", ვუდი ალენის „მელინდა და მელინდა", რომან პოლანსკის, ფრენსის ფორდ კოპოლას და პედრო ალმოდოვარის პირველი ფილმები. ფესტივალს სხვადასხვა დროს ესწრებოდნენ: ბეტ დევისი, გრეგორი პეკი, ელიზაბეთ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი, რობერტ დე ნირო, მერილ სტრიპი, რიჩარდ გირი, ბრედ პიტი და სხვა ცნობილი სახეები.

უკვე მეორედ, სან სებასტიანის მთავარი ჯილდოს „ოქროს ნიჟარის" მფლობელი ესპანელი რეჟისორი ისაკი ლაკუესტა გახდა ფილმისათვის „ორ წყალს შორის"(„Between Two Waters"). „ორ წყალს შორის" რუმინელი ძმების ისტორიას გვიყვება, რომლებიც დიდხნიანი განშორების შემდეგ - ერთი ძმა ჯარში მსახურობდა, მეორე კი - ციხეში იხდიდა სასჯელს - ერთმანეთს ხვდებიან.

„ვერცხლის ნიჟარა" აიღო ბენჟამინ ნაიშტატის ფილმმა „წითელი" („Rojo"), რომლის მოვლენები 1970 წლის არგენტინაში ვითარდება. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა ამავე ფილმში მონაწილე მსახიობი დარიო გრანდინეტი, ხოლო ფილმის ოპერატორს პედრო სოტეროს "საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის" გადაეცა ჯილდო.

რაც შეეხება საუკეთესო მსახიობ ქალს, ამ ტიტულის მფლობელი გახდა პია ტიელტა ნორვეგიულ დრამაში „ბრმა ლაქა" („Blind Spot").

ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ბრილანტე მენდოსას თრილერს "ალფა, მკვლელობის უფლება" („Alpha, The Right To Kill"), რომელიც ფილიპინებში ნარკოტიკებისთვის ბრძოლის თემას ეხება. კინოკრიტიკოსთა ასოციაციის „ფიპრესის" პრიზი კი  კლერ დენის ფილმს „High Life" ხვდა წილად.

ყოველ წელს, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა ასოციაცია „ფიპრესი" წლის ფილმს ასახელებს. როგორც წესი, გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ ასოციაციის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ გამოკითხვაში ლიდერობდნენ მარტინ მაკდონაჰის „სამი ბილბორდი მისურიში, ებინგის საზღვარზე" და პაველ პავლიკოვსკის „ცივი ომი", ეს საპატიო წოდება გამოკითხული 473 კინომცოდნის გადაწყვეტილებით პოლ ტომას ანდერსონს ხვდა წილად ფილმისათვის „უხილავი ძაფი". სხვათაშორის. ანდერსონი პირველი რეჟისორია, რომელიც უკვე მესამედ დაჯილდოვდა კინოკრიტიკოსებისგან „წლის ფილმის" წოდებით, პირველად ეს იყო ფილმისათვის „მაგნოლია" (2000წ) და მეორედ - „ნავთობი" (2008 წ).

ფესტივალი ყოველ წელს გადასცემს საპატიო ჯილდოს კინოს პროფესიონალებს. წელს „დონოსტია" გადაეცა ბრიტანელ მსახიობს ჯუდი დენჩს, კომედიის მსახიობს დენი დევიტოს და იაპონელ რეჟისორს ჰიროკაძუ კორეედას.

83 წლის ჯუდი დენჩი 7-ჯერ იყო ნომინირებული აკადემიის ჯილდოზე და მას ისეთ რეჟისორებთან უმუშავია, როგორებიც არიან: სტივენ ფრირზი, ჯეიმს აივორი, კენეტ ბრანა, ფრანკო ძეფირელი, სალი პოტერი, კლინტ ისტვუდი და სემ მენდესი.

კორეედაა პირველი აზიელი რეჟისორია, რომელსაც სან-სებასტიანმა ეს საპატიო ჯილდო გადასცა. მის ფილმები არაერთ ფესტივალზეა პრიზირებული („დისტანცია", „სიცოცხლის შემდეგ", „მე მინდა", „მესამე მკვლელობა"). ხოლო 2018 წელს მან „ოქროს პალმის რტო" აიღო კანში ფილმით „მაღაზიის მძარცველები".

ფილმების ჩვენებების და დისკუსიების გარდა, წლევანდელ ფესტივალზე ძალზედ აქტუალური იყო „გენდერული თანასწორობის" თემა. როგორც ფესტივალის დირექტორმა ხოსე ლუის რებორდინოსმა აღნიშნა, მომავალ წელს ფესტივალი კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს გენდერული თანასწორობის საკითხს, რის აღსანიშნავადაც მან კანის, ლოკარნოს, სარაევოსა და ვენეციის კინოფესტივალების დირექტორთა მსგავსად ხელი მოაწერა სპეციალურ დოკუმენტს: „მომავალ წელს ვაპირებთ მეტი ვიმუშაოთ ამ თემაზე და დეტალური ინფორმაცია მოვიძიოთ თუ რამდენი ქალი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი ან ოპერატორი იქნება წარმოდგენილი ჩვენს მიერ არჩეულ ფილმებზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენი ქალია დაკავებული კინოში. ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებით როგორ იზრდება ქალთა რაოდენობა „სტუდენტთა ნამუშევრების" ანდა „ახალი რეჟისორების" სექციებში. აქვე დავამატებ იმასაც, რომ ჩვენს ორგანიზაციაში 82% ქალები არიან და ბორდის 7 წევრიდან, 4 ასევე ქალია".

ყოველწლიურად სან-სებასტიანის კინოფესტივალს 100,000-მდე მაყურებელი სტუმრობს და ფილმების ჩვენება 20-მდე კინოთეატრში იმართება.

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 573