საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო ქვეყანაა
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო ქვეყანაა
კინოფესტივალი მედიაში
2018-10-04

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 500 წლიან ისტორიას ითვლის. ის მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელსაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან ათი ათასობით ლიტერატურის აგენტი, გამომცემელი და მწერალი სტუმრობს.

წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო ქვეყანა საქართველოა. როგორც კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, ჩვენი ქვეყანა 5 დღის განმავლობაში მსოფლიო ყურადღების ცენტრში იქნება და ამისათვის, ისინი საკმაოდ კარგად არიან მომზადებულნი. წინასწარ შემუშავებული მრავალფეროვანი პროგრამა ლიტერატურული და კულტურული ღონისძიებებისგან შედგება.

სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად 300-მდე წიგნი ითარგმნა სხვადასხვა ენაზე, საიდანაც 180 გერმანულენოვანია.

ელექტრონული მუსიკის მუზეუმისა და ATELIERFRANKFURT e.V.-თან თანამშრომლობით BASSIANI/HOROOM-ის ღამე გაიმართება და პარალელურად, ბაზრობაზე ჩასული სტუმრები ქართული ფილმის ნახვას შეძლებენ.


ეროვნული კინოცენტრი გერმანიის კინოს მუზეუმთან და კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტ "არსენალთან" ერთად, ქართული ფილმების რეტროსპექტივასა და დისკუსიების ციკლს გამართავს.

ნაჩვენები იქნება 20-ზე მეტი ფილმი, მათ შორის უხმო პერიოდის ნამუშევრები: მიხეილ კალატოზიშვილის "ჯიმ შვანთე", ნიკოლოზ შენგელაიას " 26 კომისარი", კოტე მიქაბერიძის "ჩემი ბებია", ასევე სერგო ფარაჯანოვის, მიხეილ კობახიძის, მერაბ კოკოჩაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ოთარ იოსელიანის, ალექსანდრე რეხვიაშვილის, გიორგი შენგელაიას, გიო მგელაძის, ლევან ღლონტის, დიტო ცინცაძის და თენგიზ აბულაძის ფილმები.

ამავე ღონისძიების ფარგლებში შედგება სოსო დუმბაძის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ქართველი რეჟისორის კოტე მიქაბერიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

ფრანკფურტის ბიბლიოთეკა უმასპინძლებს ბოლო დროს ყველაზე წარმატებული ქართული ანიმაციური ფილმის "ჯიბის კაცი" ჩვენებას და დამთვალიერებელს, ფილმში გამოყენებული დეკორაციებისა და ილუსტრაციების გამოფენას შესთავაზებს.

13 ოქტომბერს ქართველ რეჟისორს ლანა ღოღობერიძეს 90 წელი უსრულდება. ამ თარიღის აღსანიშნავად გაიმართება ლანა ღოღობერიძის წიგნის "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება" პრეზენტაცია, რომელიც გერმანულ ენაზე ითარგმნა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოტბუსის წლევანდელი კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა საქართველო იქნება.

 

მნახველთა რაოდენობა: 613