Strict Standards: Non-static method main::news_by_id() should not be called statically in /home/tbilisifilmfesti/public_html/modules/news/print_news.php on line 14
"მწვანე ფერი" - ქალაქდაგეგმარება, ეკო პოლიტიკა და მწვანე აქტივიზმი

"მწვანე ფერი" - ქალაქდაგეგმარება, ეკო პოლიტიკა და მწვანე აქტივიზმი

საქართველოსათვის აქტუალური სოციო-კულტურული პრობლემის არჩევა და მასზე კონცენტრირება უკვე ფესტივალის ტრადიციად იქცა. ყოველ წელს ფესტივალი ირჩევს ჩვენი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემას და ცდილობს სპეციალური სექციით, ღონისძიებებითა და დისკუსიებით საკითხზე მაყურებელთან ერთად იმსჯელოს. მე-15 ფესტივალიმწვანეიქნება. მთავარი თემა წელს პასუხისმგებლიანი ქალაქდაგეგმარება, ურბანიზაცია და მის პირობებში გაჩენილი ეკოლოგიური პრობლემებია.

სპეციალური სექცია მწვანე ფერი ეცდება გვაჩვენოს ადამიანისა და ბუნების კავშირის აუცილებლობა, აამაღლოს ეკო-ცნობიერება და აღწეროს ადამიანების ცხოვრება ურბანულ სივრცესა თუ ბუნებასთან ურთიერთობაში.

სექცია 6 ფილმს მასპინძლობს, თუმცა ჩვენებების გარდა, ამ თემით დაინტერესებულ მაყურებელს ფესტივალი მრავალ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობს. კინოთეატრ ამირანის ფოიეში მოეწყობა გამოფენა, რომელიც საბჭოთა პერიოდის თბილისსა და თანამედროვე ქალაქის ეკოლოგიურად პრობლემატურ ზონებს ასახავს. საქართველოს ეროვნული არქივი კი სექციის ფარგლებში საბჭოთა დროის ამავე თემატიკის სამეცნიერო-პოპულარულ და დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებს.

 საორგანიზაციო ჯგუფმა სათანამშრომლოდ ქართველი ეკო აქტივისტებიც მოიწვია. კინოფესტივალის მსვლელობისას, შვიდი დღის განმავლობაში, კინოთეატრ ამირანის ფოიეში „მწვანე მუშტი“ „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ და „ახალგაზრდა ქართველი მწვანეები“ მაყურებლებს თავიანთი სტენდებისკენ მიიწვევენ. ისინი დამსწრეებს თბილისის გამწვანებასთან, ურბანიზაციის პროცესში წამოჭრილ პრობლემებსა და ეკო-პოლიტიკის დახვეწასთან დაკავშირებით ვრცელ ინფორმაციას მიაწვდიან. საფესტივალო სივრცე ამირანის კინოთეატრში წელს მცენარეებით მოირთვება და მაყურებელს ცოცხალ, სასიამოვნო და ამავე დროს მნიშვნელოვან აქტივებს შესთავაზებს.

მოძრაობა პარტიზანული მებაღეობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია გავრცელებული. ესენი არიან მოხალისეები, რომლებიც ეძებენ ცარიელ, მიტოვებულ სივრცეებს და ნარგავებს რგავენ. 2012 წელს ნატა ფერაძემ სოციალური მედიის საშუალებით ეს მოძრაობა საქართველოშიც წამოიწყო და სულ რამოდენიმე თვეში, მოძრაობამ დიდ მასშტაბებს მიაღწია. მთავარი იდეა, რაც აერთიანებს პარტიზან მებაღეებს, ეს ქალაქების გამწვანებაა. თუმცა დღეს პარტიზანები არა მხოლოდ ახალი გამწვანებისთვის, არამედ ძველის შენარჩუნებისთვისაც იბრძვიან. მოძრაობა მოქალაქეთა აქტიურობაზე აკეთებს აქცენტს, ეს არ არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს დაფინანსება, ჰყავს დირექტორი და აქვს ოფისი. ეს მოძრაობაა, რომელში ჩართვაც, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

პარტიზანი მებაღეები ხუთშაბათს, 4 დეკემბერს, 12:00-ზე, კინოთეატრ ამირანის მე-2 დარბაზში გეპატიჟებათ  ლუკ ჟაკეს ფილმზე  "ერთხელ ტყეში." რის შემდეგაც პანელ დისკუსია მოეწყობა, განიხილება მწვანე აქტივიზმი და თბილისის მწვანე ზონების დაცვის საკითხები. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

ნატა ფერაძე - "პარტიზანული მებაღეობა თბილისში,"

შორენა ბუხრაშვილი - საკრებულოს ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარე,

ლუტც ფეზერი - გერმანელი მეტყევე და ბოტანიკოსი

ალექსანდრე ელისაშვილი - თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, "ტფილისის ჰამქარის" დამფუძნებელი

„ ქართველი ახალგაზრდა მწვანეები" ახალგაზრდულ ინიციატივაზე დაფუძნებული პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციაა რომელიც 2008 წელს დაარსდა. მათი მიზანია  საზოგადოების განხილვის საგანი გახდეს გარემოსდაცვითი საკითხები, მდგრადი განვითარებისა თუ დემოკრატიის პრინციპები, თანასწორობა და სოციალური სამართლიანობა, საქართველოს მოსახლეობაში მწვანე ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ორგანიზაცია გარემოს დაცვითი აქტივობების გარდა მრავალი საგანმანათლებლო ღონისძიების ინიციატორიცაა:  აქცია, სემინარი, პერფორმანსი, ფესტივალი, ფილმის ჩვენება, პუბლიკაციებისა თუ სტატიების გავრცელება და ა.შ. „ახალგაზრდა მწვანეებს“ ჰყავს 3 საერთაშორისო პარტნიორი: მსოფლიოს ახალგაზრდა მწვანეები (Global Young Greens), აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ქსელი (CDN) და  ევროპის ახალგაზრდა მწვანეების ფედერაცია (FYEG).

„ქართველი ახალგაზრდა მწვანეები“  პარასკევს, 5 დეკემბერს, 14:00-ზე, კინოთეატრ ამირანის მე-3 დარბაზში გეპატიჟებათ დანიელი რეჟისორის, ანდრეას დალსგაარდის ფილმის ჩვენებაზე, „ "ადამიანური მასშტაბი." ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელიც თბილისის ურბანიზაციის პირობებში წამოჭრილ მტკივნეულ პრობლემებს განიხილავს და ქალაქის მდგრადი განვითარების პრინციპებზე იმსჯელებს. დისკუსიას დაესწრებიან:


გიორგი მეგრელიშვილი - "ახალგაზრდა მწვანეები",

ზურაბ ნემსაძე - არქიტექტორი,

ლალი ანდრონიკაშვილი - ხელოვნებათმცოდნე,

ზურაბ ბაქრაძე - ქალაქდამგეგმარებელი,

თამარ ამაშუკელი - ხელოვნებათმცოდნე, "ტფილისის ჰამქარი"

დისკუსიას შესაძლოა დაესწრონ თბილისის მერიის წარმომადგენლებიც.

 

მწვანე მუშტი  სტუდენტური გაერთიანებაა, რომელიც 2013 წლის შემოდგომაზე შეიქმნა. ისინი მართავენ აქციებს, შეხვედრებს და სხვადასხვა ღონისძიებებს ეკოლოგიური სისტემის, კულტურული მემკვიდრეობის და ადამიანთა უფლებების დასაცავად. მწვანე მუშტის აქციები უკვე გაიმართა ქუთაისში, სვანეთის სოფელ ხაიშში. ბოლნისში, 5400 წლის ოქროს მაღაროს გადასარჩენად. კუს ტბაზე და თბილისში ასათიანის ქუჩაზე ხეების ჭრის შესაჩერებლად. ასევე ეკონომიკის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებთან. მწვანე მუშტის მიზანია საზოგადოების ჩართვა გარემოს დაცვაში, მათი ინფორმირება ყველა დეტალზე და დახმარება მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის ორგანიზებაში. სახელმწიფოს მიერ მდგრადი განვითარების პრინციპების დაკმაყოფილება მათი პირველი მოთხოვნაა.

„მწვანე მუშტი“ კვირას, 7 დეკემბერს, 19:00-ზე, კინოთეატრ ამირანის მე-3 დარბაზში გეპატიჟებათ ჩვენებასა და პანელ დისკუსიაზე გარემოს დაცვისა და საქართველოს ეკო პოლიტიკის შესახებ. ნაჩვენები იქნება კუბელი რეჟისორის, მარჩელა საიდის ფილმი "მფრინავი თევზის ზაფხული".

დისკუსიას დაესწრებიან:

სალომე ჭანტურიზე - "მწვანე მუშტი,"

 ირაკლი მაჭარაშვილი - "მწვანე ალტერნატივა,

"ლევან ლორთქიფანიძე - "მწვანე მუშტი,"

ცოტნე ცხვედიანი " - "მწვანე მუშტი,"

დისკუსიას შესაძლოა დაესწრონ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც.

ვიეტნამელი რეჟისორის, ნგიემ-მინ ნგუენ-ვოს მხატვრულ ფილმს „2030“ სექცია პარასკევს, 5 დეკემბერს შემოგთავაზებთ. 12:00- ზე ამირანის პირველ დარბაზში მაყურებელი იხილავს შორეულ მომავალს, როდესაც  გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების შედეგად ვიეტნამი წყალქვეშ აღმოჩნდება.

Sacro GRA, ჯანფრანკო როზის ფილმი რომელიც 3 დეკემბერს, 16:00-ზე იქნება ნაჩვენები, ისტორიაში პირველი დოკუმენტური ფილმი გახდა, რომელმაც ვენეციის „ოქროს ლომი“ მოიპოვა.  ფილმი იმ ადამიანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ვინც გიგანტური წრიული ავტომაგისტრალის (GRA) მახლობლად ცხოვრობს, რომელიც რომს გარშემო უვლის და დედაქალაქს გარეუბნებისგან გამოყოფს. რეჟისორი მანქანების ნაკადის ქვეშ მცხოვრები ადამიანების პორტრეტებს გვიხატავს.

კვირას, 7 დეკემბერს 14:00-ზე  კი ნაჩვენები იქნება კარლოს რეიგადასის შედევრად წოდებული ფილმი, „წყვდიადის შემდეგ სინათლეა.“ მეხიკოდან სოფელში გადასვლის შემდეგ, შეძლებული წყვილი – ხუანი და ნატალია  მთელი სისავსით შეიგრძნობენ კონრასტს ქალაქში ცხოვრებასა და ბუნების წიაღთან ურთიერთობას შორის.