„დააკავშირე ფიქრები“ - დოკუმენტური კინოფესტივალი „სინედოკ- თბილისი“ დღეს იხსნება
მედია / პროფესიონალები → სიახლეები →  „დააკავშირე ფიქრები“ - დოკუმენტური კინოფესტივალი „სინედოკ- თბილისი“ დღეს იხსნება
კინოფესტივალი მედიაში
2019-05-08

„ეს არ არის ფესტივალი, სადაც ადამიანი მოდის, უყურებს ფილმებს და მიდის. აქ ყველა ჩვენების შემდეგ გამართული დისკუსია, სადაც მაყურებელი თავის აზრს გამოთქვამს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, წელს ასეთი სლოგანი მოვიფიქრეთ - „დააკავშირე ფიქრები", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში კინოფესტივალი „სინედოკ-თბილისის" (CineDOK Tbilisi) დირექტორმა არჩილ ხეთაგურმა.

„სინედოკ-თბილისი" წელს უკვე მე-7-ედ ჩატარდება და 8-13 მაისის ჩათვლით, დოკუმენტური კინოს მოყვარულებს საინტერესო კინოჩვენებებსა და მასტერკლასებზე ეპატიჟება. ტრადიციულ სექციებთან ერთად (საერთაშორისო კონკურსი, Focus Caucasus, CineDOC Young, Erotic DOC) წელს ფესტივალი მაყურებელს თემატურ სექციებს შესთავაზებს, რომლებიც სხვადასხვა თემაზე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. თემატურად დაყოფილი სექციებია: „რეჟისორი ფოკუსში", „უპირობო სიყვარული", „რწმენის მიღმა", „წითელი სული", „ჩვენ და ჩვენი პლანეტა", „ადგილი, რომელსაც სახლს ვუწოდებთ", „ოჯახური პორტრეტები", „კონფლიქტის შემდეგ", „მარად ახალგაზრდა", „ცვალებადი ქალაქები", „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი" და „ადაპტაცია".

სექციაში „რეჟისორი ფოკუსში" ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორის ნიკოლა ფილიბერის სამი ფილმი: "ცხოველები" (1994), „ყოფნა და ქონა" (2002), „ყოველ წუთსა და წამს" (2018). ხოლო 9 მაისს 17:00-ზე კინოთეატრ „ამირანის" მე-3 დარბაზში ნიკოლა ფილიბერი დაინტერსებული აუდიტორიისათვის მასტერკლასს გამართავს.

„უპირობო სიყვარულის" სექციაში წარმოდგენილი ფილმების ავტორები ცდილობენ გრძნობები სხვადასხვა ჭრილში განიხილონ, იქნება ეს უკრაინული გულისამაჩუყებელი ისტორია ფილმიდან „მამაჩემი დედაჩემის ძმაა" (რეჟისორი: ვადიმ ილკოვი) თუ ქართველი წყვილის ნანულისა და გოგის 50 წლიანი თანაცხოვრების ამბავი ფილმში „ნანული და გოგი" (რეჟისორი: მარიამ აგლაძე).

რა ადგილი უკავია რელიგიას თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში და ახდენს თუ არა ის გავლენას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ეცდებიან სექციაში „რწმენის მიღმა" წარმოდგენილი რეჟისორები შემდეგ ფილმებში: „მთავარი ცოლი" (რეჟ:ჰისტერ ოვერმარსი, ნიდერლანდები), „მოლენბეკის ღმერთები" (რეჟ:რეეტა ჰუჰტანენი, ფინეთი) და „სანამ მამა დაბრუნდება" (რეჟ:მარი გულბიანი, საქართველო/საფრანგეთი/გერმანია).

უდაოდ ცალკე აღნიშვნის ღირსია ფესტივალის ახალი პროგრამა „წითელი სული", რომელშიც წარმოდგენილი ფილმები საბჭოთა კავშირსა და მის გარშემო არსებულ, დღესაც აქტუალურ თემებსა და პრობლემებს უტრიალებს. ამ თემატურ სექციაში ნაჩვენები იქნება ძიგა ვერტოვის, ვერნერ ჰერცოგისა და ვიტალი მანსკის ფილმები.

საერთაშორისო კონკურსის ფილმებს შეაფასებენ: ჰოლანდიელი რეჟისორი და პროდიუსერი პეტრა სელისკარი, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის One World-ის დირექტორი ონდრეი კამენცკი და ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი მარიამ ჭაჭია. რაც შეეხება Focus Caucasus-ის ჟიურის, მასში შედიან: ქენან ალიევი, Current Time TV-ის აღმასრულებელი რედაქტორი, ჩილა კატო, Astra Film Festival-ის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კინოკრიტიკოსი და კონსულტანტი ტუე სტინ მიულერი.

წელს ფესტივალის ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებში პირველად გაიმართება New Talents Caucasus-ი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა და ნიჭიერ სომეხ, ქართველ და აზერბაიჯანელ რეჟისორებს დოკუმენტური კინოპროექტების განვითარებაში. შერჩეული კანდიდატები CinéDOC Summer School-ის მონაწილეები, Focus Caucasus-ისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამის ფარგლებში შერჩეული რეჟისორები არიან. კინოპროექტებისთვის დაწესებულია ოთხი პრიზი: 1000 აშშ დოლარი პროექტის განვითარებისთვის, ჯილდოს სპონსორია Current Time TV; ერთი პროექტის ავტორი მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაზე Baltic Sea Forum for Documentaries, რომელიც 2019 წელს 3-7 სექტემბერს რიგაში გაიმართება; ორ კინორეჟისორს კი შესაძლებლობა მიეცემა დაესწრონ Eurasiadoc-ის მიერ ორგანიზებულ უორქშოფს კინოს განვითარებისა და თანაწარმოების შესახებ. შერჩეული რეჟისორები თავიანთ პროექტებს წარადგენენ სპეციალური ჟიურის წინაშე, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ზანე ბალკუსი (Baltic Sea Forum for Documentaries), მელანი დე ვოხტი (IDFA Bertha Fund), ბრიჯიდ ო'ში (DOK Leipzig), მარიამ ჭაჭია (Eurasiadoc), კენან ალიევი (Current Time TV) და მანანა სურაძე (საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი).

ასევე ინდუსტრიული დღეების ფარგლებში, ძიგა ვერტოვის ფილმის „რევოლუციის წლისთავი" ჩვენების შემდეგ, რომელიც ცოცხალი მუსიკის თანხმლებით ჩაივლის, გაიმართება ვრცელი დისკუსია რუს კინომცოდნესთან ნიკოლაი იზვოლოვთან. მრავალწლიანი ძიების შემდეგ მკვლევარმა ნიკოლაი იზვოლოვმა რუსეთის ეროვნული დოკუმენტური კინოსა და ფოტოგრაფიის არქივში ძიგა ვერტოვის ფილმის „რევოლუციის წლისთავის" (1918) სრულყოფილი ვერსია აღმოაჩინა. ამ გასაოცარ აღმოჩენამდე საყოველთაოდ ცნობილი რუსი რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის მხოლოდ 12 წუთი იყო საზოგადოებისთვის ცნობილი. „რევოლუციის წლისთავი" ორი საათის განმავლობაში 1917 წელს, რუსეთში მომხდარი თებერვლის რევოლუციის შესახებ მოგვითხრობს. უნიკალური არქივი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, სამოქალაქო ომს, ვლადიმერ ლენინისა და ლევ ტროცკის მიმართვებს მოიცავს. სპეციალური კინოჩვენებას პიანისტი ნიკოლაე დუმიტრუ ცოცხალი მუსიკით გააფორმებს.

11 მაისს შედგება ფილმის „თაფლის მიწა" ჩვენება და შეხვედრა ოპერატორთან ფეიმი დაუტთან, რომელმაც ამ ფილმისათვის სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ჯილდო აიღო. „თაფლის მიწა" (2019) მოგვითხრობს ევროპაში დარჩენილი უკანასკნელი მეფუტკრის ამბავს, რომელიც მაკედონიის შორეულ სოფელში ველურ ფუტკრებს უვლის. მთავარი გმირის სახლთან ახლოს მომთაბარე მეფუტკრეთა ოჯახი დასახლდება, რაც მის მიერ შენარჩუნებულ ფუტკართა კოლონიებს განადგურებით დაემუქრება.
ამავე დღეს შედგება CREATIVE EUROPE-ის პროგრამის პრეზენტაციაც, რომელზეც განიხილავენ ევროპაში ტრენინგების შესაძლებლობებს ქართველი რეჟისორებისთვის, ასევე ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიტანოთ განაცხადი და როგორ ითანამშრომლოთ Creative Europe-თან საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ მე-7 საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი "სინედოკ-თბილისი" 8 მაისს 20:00-ზე კინოთეატრ „ამირანში" გაიხსნება სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმით „თაფლის მიწა".

ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანსა" და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება.

სრული პროგრამის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ფესტივალის ვებ-გვერდს: http://www.cinedoc-tbilisi.com/?lang=ge

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1151