რიჩ უორენის ვორქშოფი “პოლიტიკაში“
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → რიჩ უორენის ვორქშოფი “პოლიტიკაში“
კინოფესტივალი მედიაში
2019-05-09


სამშაბათს, 7 მაისს „პოლიტიკაში" გაიმართა ვორქშოფი, რომელსაც თბილისში მოწვეული ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი რიჩ უორენი უძღვებოდა. ის დაინტერესებულ აუდიტორიის საკონკურსო პროგრამის „დეპიქტ!"-ის შესახებ ესაუბრა და მონაწილეების კითხვებს უპასუხა.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალმა გამოაცხადა 90-წამიანი ფილმების კონკურსი „დეპიქტ!"-ი (DepicT!), რომელიც ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალთან (Encounters Short Film & Animation Fesival) და ბრიტანეთის საბჭოსთან თანაშრომლობის შედეგად იმართება.

კონკურსი „დეპიქტ!"-ი უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბრისტოლის კულტურის ცენტრ „უოთერშედში", საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში. მისი მიზანია აღმოაჩინოს რეჟისორები, რომლებიც ორიგინალურობით, მდიდარი წარმოსახვის უნარითა და ახალი ხედვით გამოირჩევიან და მათ საერთაშორისო პლატფორმაზე მონაწილეობის საშუალება მისცეს. კონკურსი მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტები ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

დეპიქტ!-ის კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ რეჟისორებს, ასევე მოყვარულებს. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

დეპიქტ! - ის გამარჯვებულებს მრავალი საინტერესო პრიზი ელოდება:
• ფილმის ჩვენება თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე;
• სრულად დაფინანსებული მონაწილეობა ბრისტოლის 2020 წლის Encounters საერთაშორისოკინოფესტივალზე (პირველი პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
• ფულადი ჯილდო £500-ის ოდენობით (მეორე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
• ინგლისური ენის სასერთიფიკაციო გამოცდის - IELTS-ს დაფინანსება (მესამე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან);
• ფილმის ჩვენება ბრისტოლის 2020 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ ბაფტა-ს (BAFTA) შესარჩევ კონკურსში;

შეგახსენებთ კონკურსში მონაწილეობის პირობებს:
• კონკურსის მონაწილე უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წლის ან მეტის);
• ფილმების რეგისტრაციის ბოლო ვადაა შაბათი, 31 აგვისტო. განიხილება მხოლოდ https://filmfreeway.com/DepicTGeorgia -ზე ატვირთული ნამუშევრები (ფილმის ატვირთვის ინსტრუქციების სანახავად გადადით ბმულზე https://www.youtube.com/watch?v=eqeTD6hzcR0);
• ფილმის მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 90 წამი (ტიტრების ჩათვლით);
• მიიღება მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც დასრულებულია არაუადრეს 2018 წლისა;
• კონკურსში დაიშვება ნებისმიერი ჟანრის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები, მათ შორის ანიმაციური, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმები;
• კონკურსში არ დაიშვება რეკლამები;
• ერთ მონაწილეს მაქსიმუმ ათი ნამუშევრის წარდგენა შეუძლია;
• განაცხადის შემომტანი უნდა იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს კონკურსში ფილმის
წარდგენის უფლება და ფილმში გამოყენებულ მასალაზე მოპოვებული აქვს საავტორო უფლებები;
• ფილმი უნდა იყოს ქართულენოვანი;
• ფილმის შორტლისტში მოხვედრის შემთხვევაში, მონაწილეებს მოეთხოვებათ ნამუშევრების მაღალრეზოლუციაში გამოგზავნა.

 

მნახველთა რაოდენობა: 247