მოკლედ კანის 72-ე კინოფესტივალზე
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → მოკლედ კანის 72-ე კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2019-05-14

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორიიდან:

მას შემდეგ, რაც 1938 წელს ვენეციის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ჯილდო ლენი რიფენშტალის „ოლიმპიამ" დაიმსახურა, პროტესტის ნიშნად ამერიკული და ბრიტანული დელეგაციის წევრებმა კინოფორუმი ხმაურიანად დატოვეს. ფრანგულმა მხარემ კი გადაწყვიტა შეექმნა საკუთარი კინოფესტივალი, რომელსაც დამოუკიდებელი ჟიური ეყოლებოდა. კანის პირველი კინოფესტივალი 1939 წელს უნდა ჩატარებულიყო. მისი ჟიურის დავჯდომარე კი ლუი ლუმიერი იყო. თუმცა, იმ წელს ფესტივალის გახსნა მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო ჩაიშალა. კანის კინოფესტივალის პირველი გამოშვება 1946 წელს გაიმართა.

კანის 72-ე ფესტივალის ჟიური:

„კანის კინოფესტივალი ჩემთვის ყოველთვის ძალზედ მნიშვნლოვანი ფესტივალი იყო. აღფრთოვანებული ვარ, რომ წელს პატივი მხვდა წილად ვიყო საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტი. კინო პლანეტის ვენებში მიედინება და ეს ფესტივალი, მისი გულია", - აღნიშნა მექსიკელმა რეჟისორმა ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუმ მას შემდეგ, რაც ის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტად დასახელდა.
„ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ალეხანდრო ინიარიტუ ჟიურიში მონაწილეობაზე თანხმდება. კანის კინოფესტივალისთვის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მას ლათინო ამერიკელი რეჟისორი უხელმძღვანელებს - სიამაყით აღნიშნა ტიერი ფრემომ, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

ინიარიტუსთან ერთად მისი წევრებს შორის არიან 2018 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმის „ბედნიერი ლაზარე" რეჟისორი ალიჩე რორვახერი (ფილმი ნაჩვენები იყო თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე), რობინ კამპილო (რომელიც 2013 წელს სტუმრობდა ჩვენს ფესტივალს. ხოლო 2017 წელს მისმა ფილმმა „120 დარტყმა წუთში" კანის მთავარი პრიზი მოიგო), იორგოს ლანთიმოსი (უდაოდ გემახსოვრებათ შარშან ჩვენი კინოფესტივალის დახურვაზე ნაჩვენები მისი „ფავორიტი") და პაველ პავლიკოვსკი (მისი ფილმი „ცივი ომი" ასევე ნაჩვენები იყო თბილისის მე-19 ფესტივალზე).

ის, რაც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს:

წელს კანის კინოფესტივალზე 55 წლის შემდეგ ბრუნდება ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმი "თეთრი ქარავანი", რომელიც ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 1964 წელს იყო წარმოდგენილი, თუმცა მაშინ „ოქროს პალმის რტო" ჟაკ დემის „შერბურგის ქოლგებმა" დაიმსახურა. "თეთრი ქარავანი" სექციაში „კანის კინოკლასიკა" იქნება ნაჩვენები.

ჟანა მოროს, ვუდი ალენის, ბერნარდო ბერტოლუჩის, ჯეინ ფონდასა და კლინტ ისტვუდის შემდეგ, ფესტივალის საპატიო „ოქროს პალმის რტო" კინოში შეტანილი წვლილისათვის ალენ დელონს გადაეცემა.

ამ პოსტერზე 26 წლის ანიეს ვარდა თავის პირველ ფილმს იღებს. ტექსნიკოსის მხრებზე შემომდგარი, კამერის პატარა ჭუჭრუტანაში იყურება. სიმბოლურია, რომ 1955 წელს გამოსული მისი პირველი ფილმი „La Pointe Courte", სწორედ კანში აჩვენეს. მისი ფილმები 13-ჯერ იყო წარდგენილი კანის მთავარ საკონკურსო პროგრამაში. 2005 და 2013 წლებში კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო, ხოლო 2015 წელს საპატიო „ოქროს პალმს რტო" მიიღო. რეჟისორი ანიეს ვარდა 2019 წლის 29 მარტს გარდაიცვალა.

წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის And Then We Danced მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება. მისი ფილმი სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული" (Directors fortnight). ფილმში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ასრულებენ.

და რა თქმა უნდა კვენტინ ტარანტინო! მართალია „ერთხელ ჰოლივუდში" (Once Upon a Time in Hollywood) ვერ მოხვდა საკონკურსო პროგრამაში, როგორც ამბობობენ ამის მიზეზი დროის სიმცირე იყო, თუმცა რეჟისორმა ფილმის დასრულება მაინც მოასწრო და მის პრემიერა კანში მაინც შედგება. ჰოლივუდში განვითარებულ ტარანტინოს ისტორიაში ბრედ პიტი, ლეონარდო დიკაპრიო, მარგო რობი, ალ პაჩინო, კურტ რასელი და ტიმ როთი თამაშობენ.

„სილვესტერ სტალონე წელს კანში იქნება!" - იუწყება კანის ოფიციალური ვებ-გვერდი. „ის ხომ არასდროს რჩება შეუმჩნეველი წითელ ხალიჩაზე" - წერენ მასზე ფრანგი კინოკრიტიკოსები. როგორც აღმოჩნდა, წელს კანის კინოფესტივალზე შეკრებილ მაყურებელს უკან, ბავშვობაში გადავარდნა ემუქრება - 72-ე ფესტივალზე ხომ სტალონეს საკულტო ნამუშევრის „რემბოს" ახალი სერიის ჩვენება გაიმართება -Rambo V - Last Blood.

გახსნის ფილმის შესახებ:

ფესტივალი 14 მაისს ჯიმ ჯარმუშის საკონკურსო ფილმით „მკვდრები არ კვდებიან" (The Dead Don't Die) გაიხსნება. მაყურებელს შთამბეჭდავი სამსახიობო დასი და ზომბი-კომედიის ჯარმუშისეული ვერსია ელის, სადაც პოლიციელები: ბილ მიურეი და ადამ დრაივერი, სამურაის ხმლით მებრძოლი ტილდა სუინტონი, ზომბი იგი პოპი, სტიმ ბუშემი, სელენა გომეზი და ტომ უეიტსი მონაწილეობენ. როგორც ფილმის ტრეილერიდან ირკვევა, ჯარმუშის პატარა ქალაქში ყველაფერი მთლად კარგად ვერაა. მთვარე უფრო დიდია და ცოტა ქვემოთაცაა ჩამოშვებული, დღის განმავლობაში დღის შუქი სულ უფრო და უფრო იკლებს და ცხოველებიც უჩვეულოდ იწყებენ ქცევას; ახალი ამბებში საშინელ სიუჟეტებს გადმოსცემენ და მეცნიერები შეშფოთებულები ჩანან. სინამდვილეში, მკვდრები არ კვდებიან თურმე! ისინი საკუთარი საფლავებიდან დგებიან და ცოცხლებზე შეტევას იწყებენ!

მთავარი საკონკურსო პროგრამა:

მთავარ კონკურსში 19 ფილმია წარმოდგენილი:
ჯიმ ჯარმუშის The Dead Don't Die
პედრო ალმოდოვარის Dolor y Gloria (Pain and Glory)
მარკო ბელოკიოს Il Traditore (The Traitor)
დიაო ინანის The Wild Goose Lake
ჯუნ-ჰო ბონგის Gisaengchung (Parasite)
ჟან-პიერ და ლუკ დარდენების Le Jeune Ahmed (Yound Ahmed)
არნო დეპლეშინის Roubaix, Une Lumière (Oh Mercy!)
მატი დიოპის Atlantique
ქსავიე დოლანის Matthias et Maxime (Matthias and Maxime)
ჯესიკა ჰაუსნერის Little Joe
კენ ლოუჩის Sorry We Missed You
ლაჯ ლის Les Misérables
ტერენს მალიკის A Hidden Life
კლებერ მენდოსა ფილიუს Bacurau
კორნელიუ პორომბოუს La Gomera (The Whistlers)
ირა საჩის Frankie
სელინ სკიამას Portrait de la Jeune Fille en Feu
ელია სულეიმანის It Must Be Heaven
ჟუსტინ ტრიეს Sibyl

ცივი უარი „ნეტფლიქს":

კინოკომპანია „ნეტფლიქსის" ფილმები ოფიციალურად აკრძალულია კანში. "ფილმები, რომლებიც "ნეტფლიქსის" ფულით არის გადაღებული, არასდროს იქნება ნაჩვენები კანის ფესტივალის კონკურსში" - გაიძახოდნენ შარშან ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც ასე ცდილობენ დაუპირისპირდნენ სატელევიზიო ინდუსტრიას. სწორედ ამიტომ მოხდა რომ „ნეტფლიქსის" გამორჩეული პროდუქტი - ალფონსო კუარონის „რომა" ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს 2018 წელს. სავარაუდოდ, იგივე მიზეზის გამო არ მოხვდა კანის წლევანდელ პროგრამაში მარტინ სკორსეზეს დრამა The Irishman და სტივენ სოდერბერგის The Laundromat.

 

 

 

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 752