ქართული კინოს დღეები რომში
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ქართული კინოს დღეები რომში
კინოფესტივალი მედიაში
2019-06-19

16-18 ივნისს რომში ქართული კინოს დღეები გაიმართა. მაყურებელმა, რომის კინოს სახლში სხვადასხვა დროს გადაღებული 5 ქართული ფილმი ნახა. თითოეული მათგანი გამორჩეული ნამუშევარია, რომელთაც თავის დროზე აღიარება მოიპოვეს საერთაშორისო კინოფესტივალებზე:

ზაზა ურუშაძის „მანდარინები" (ოსკარის ნომინანტი პირველი ქართული ფილმი, 2013)

ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები" (აბუ-დაბის, ოდესის, სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული, 2013)

ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები" (ბრწყინვალედ გადაღებული ალეგორიული კომედია, რომელიც საბჭოთა ბიუროკრატიას დაუპირისპირდა, 1984)

თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე" (რიგის, კარლოვი-ვარის, თეირანის, ჩიკაგოს კინოფესტივალების მთავარი პრიზისა და იტალიაში, დავიდ დი დონატელოს ჯილდოს მფლობელი საუკეთესო უცხოური ფილმისათვის, 1976)

კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია" (ფორმალიზმში დადანაშაულებული ავტორის ეს ფილმი, დიდხანს აკრძალული იყო. ქართული კინოექსპრესიონიზმის მშვენიერი მაგალითი, ანტიბიუროკრატიული ფილმია, რომელსაც ქართული კინოს ისტორიაში, თავისი ადგილი აქვს დამკვიდრებული, 1929).


ქართული კინოს დღეები კონცერტით გაიხსნა, რომელზეც ცნობილ ქართულ ფილმებში გამოყენებული მუსიკა შესრულდა. ხოლო დახურვაზე, 18 ივნისს კოტე მიქაბერიძის ფილმის „ჩემი ბებია"-ს ჩვენებამ, ცოცხალი მუსიკალური შესრულებით ჩაიარა, რომელსაც მუსიკოსი რეზო კიკნაძის ტრიო აფორმებდა.

ქართული კინოს სანახავად მოსულ მაყურებელს, საშუალება ჰქონდა დასწრებოდა გამოფენას, სადაც ქართული კინოპოსტერები, ისტორიული ფოტომასალა და წერილების ექსპოზიცია გაიმართა. ექსპონატთა ძირითადი ნაწილი ქართველი და იტალიელი კინემატოგრაფისტების მეგობრობასა და საქმიან თანამშრომლობას შეეხებოდა.

"ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს არც ისე ადვილია" - რომის კინოს სახლის ვებ-გვერდზე, ქართული კინოს დღეების ღონისძიებას ფედერიკო ფელინის სიტყვები ჰქონდა წამძღვარებული.

 

მნახველთა რაოდენობა: 697