ნინო კირთაძე - საქართველოს ახალი წარმომადგენელი „ევრიმაჟში“
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ნინო კირთაძე - საქართველოს ახალი წარმომადგენელი „ევრიმაჟში“
კინოფესტივალი მედიაში
2019-07-17

ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე, რომელიც უკვე წლებია პარიზში ცხოვრობს, „ევრიმაჟში" საქართველოს წარმომადგენელი იქნება. ცნობა ამ სიახლის შესახებ, გუშინ, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა.

საქართველო „ევრიმაჟის" წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, 8 წლის განმავლობაში კინოცენტრის ყოფილი დირექტორი, თამარ ტატიშვილი იყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფონდის მიერ პროექტებზე 3,092 322 ევრო გაიცა და 15 ქართულ-უცხოური კო-პროდუქცია შეიქმნა.

ნინო კირთაძე დაიბადა თბილისში 1968 წელს. ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად. 1994-95 წლებში მუშაობდა ჩეჩნეთში საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის კორესპონდენტად. 1997 წელს ნინო კირთაძემ ითამაშა ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", რომელიც ოსკარის ნომინაციაში მოხვდა. საერთაშორისო ფესტივალებზე მას უამრავი პრიზი აქვს მიღებული: ფილმმა „ნავთობსადენი მეზობლად" მოიპოვა ევროპული კინოაკადემიის პრიზი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის (ბერლინი, 2005), აგრეთვე ტემპლტონის მთავარი პრიზი (შვეიცარია, 2005), ხოლო ფილმი „გადაეცი მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ" აღინიშნა პრიზით „ოქროს ფიპა" (აუდიოვიზუალური პროგრამების საერთაშორისო ფესტივალი, ბიარიცი, 2004) და ლუი მარკორელის პრიზით (სინამდვილის კინო, პარიზი 2004).

ნინო მუშაობდა ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან ვიტორიო გასმანი, ბენ კასარა, ჟაკ დიუტრონი და შარლოტ რემპლინგი. ამჟამად, ის ახალ ფილმზე და ორი მხატვრული ფილმის სცენარზე მუშაობს, როგორც ლექტორი, აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთისა და შვეიცარიის კინოსკოლებთან, კოლუმბიის უნივერსიტეტთან.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 787