მოკლედ, ოდესის მე-10 კინოფესტივალზე
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → მოკლედ, ოდესის მე-10 კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2019-07-23

ეს არის ის ძირითადი პლატფორმა, რომელიც უკრაინელ და უცხოელ კინოპროფესიონალებს ერთ სივრცეში აერთიანებს. რომელიც უკრაინული ფილმების პოპულარიზაციაზე ზრუნავს და უკვე მეათე წელია, რაც მაყურებელს, პომპეზურ გახსნა-დახურვას, საინტერესო პრემიერებს და საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზირებულ ახალ ფილმებს, საინტერესო უორქშოფებსა და ზოგადად, უნიკალურ საფესტივალო ატმოსფეროს სთავაზობს. ოდესის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 12-20 ივლისს ჩატარდა.

ფესტივალს რამდენიმე საკონკურსო პროგრამა აქვს: ეროვნული მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ევროპული დოკუმენტური კინო და საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები. როგორც წესი, ფესტივალის გრან-პრის მაყურებელი ანიჭებს. დანარჩენ ნომინაციებში (საუკეთესო ფილმი, რეჟისურა და სამსახიობო შესრულება) ფილმებს ფესტივალზე მოწვეული ჟიური აფასებს. წლევანდელი ჟიურის ხელმძღვანელი იყო ბელგიელი რეჟისორი პეტერ ბროსენი, ხოლო მისი დანარჩენი წევრები: უკრაინელი მსახიობი ივანა სახნო, კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორი კარელ ოხი, ირლანდიელი მსახიობი ბარი უორდი და ქართველი მწერალი და რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი.

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში 12 ფილმი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ"; ფილმი, რომელმაც დიდი მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა კანში და საკმაოდ გახმაურებული ბრიტანული ნამუშევარი, ტილდა სუინტონით მთავარ როლში, ჯოანა ჰოგის The Souvenir.

20 ივლისს გამართულ დახურვის ცერემონიაზე თავდაპირველად ფესტივალის გრან-პრის, ანუ მაყურებლის ფავორიტი ფილმები (ამჯერად ორი) გამოვლინდა - ლევან აკინის „და ჩვენ ვიცეკვეთ" და ნარიმან ალიევის Homeward, რასაც ჟიურის გამარჯვებულის გამოცხადება მოჰყვა. ოდესის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული ლევან აკინი გახდა მისი სასიყვარულო ისტორიით „და ჩვენ ვიცეკვეთ". -„ეს ჯილდო ეკუთვნის ყველა მამაც ახალგაზრდას, ის ეკუთვნის საქართველოში 2013 წელს ჩატარებული პირველი გეიპრაიდის ორგანიზატორებს და მათ, ვინც ახლა პარლამენტის წინ დგას", - ლევან აკინის სიტყვები წაიკითხა პრიზის ასაღებად, სცენაზე ასულმა ფილმის პროდიუსერმა ქეთი დანელიამ. ლევან გელბახიანმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს აკინის ფილმში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო დაიმსახურა.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული კი ანტონიო ლუკიჩის ფილმი My Thought Are Silent გახდა, რომელმაც წინა დღეს, ფიპრესის ჯილდო მიიღო. სხვათაშორის, ამავე ფილმმა წლევანდელი კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „დასავლეთის აღმოსავლეთი" ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

დახურვაზე მაყურებელმა ნახა თეონა სტრუგარ მიტევსკას ფილმი „ღმერთი არსებობს და მისი სახელია პეტრუნია", რომელიც ამავე დროს კონკურსში მონაწილეობდა და მან ეკუმენიკური ჟიურისა და არტ-ჰაუს კინოს გერმანული ასოციაციის პრიზები დაიმსახურა.

ფესტივალზე გაიმართა კატრინ დენევის მონაწილეობით შექმნილი ფილმების რეტროსპექტივა და თავად მსახიობიც ეწვია ოდესას, რომელმაც მისი მაყურებლისთვის სპეციალური შეხვედრა გამართა. ფილმის Farewell to the Night ჩვენების წინ მან თქვა: „მე ძალიან მიყვარს ეს ფილმი, მომწონს მისი ამბავი და თემა. მიყვარს ის გმირი, რომელსაც განვასახიერებ. ამ ფილმს გამოკვეთილი პოზიცია აქვს და დარწმუნებული ვარ, ეს თემა ბევრი ქალისთვის იქნება ნაცნობი".

ფაქტობრივად, რომ გადახედოთ ოდესის კინოფესტივალის წლევანდელ პროგრამას, ადვილად დარწმუნდებით იმაში, რომ ამ ფესტივალმა მაყურებელს წლის საუკეთესო ფილმები შესთავაზა. მაგალითად სექციაში „ფესტივალების ფესტივალი" ნაჩვენები იყო საერთაშორისო კინოფესტივალებზე აღიარებული ახალი ფილმები: ნავად ლაპიდის Sunonymes (ბერლინალეს გამარჯვებული), ისაკი ლაკუესტას Between Two Waters (სან-სებასტიანის გამარჯვებული), ჯუნ ჰო ბონგის Parasite (კანის გამარჯვებული), კანტემირ ბალაგოვის Beanpole („ოქროს გარგარის" გამარჯვებული).

სექციაში „დიდი პრემიერები" მაყურებელმა ნახა: კენ ლოუჩის სოციალური დრამა Sorry We Missed You, ჯიმ ჯარმუშის The Dead Don't Die, ფატიჰ აკინის The Golden Glove და მრავალი სხვა.

„სპეციალურ ჩვენებებში" კი წარმოდგენილი იყო სერგეი ლოზნიცას The Trial, მილოშ ფორმანის Loves of a Blonde და ანიეს ვარდას Varda by Varda. ამას გარდა, ფესტივალზე მაიკ ლის რეტროსპექტივაც გაიმართა და მაყურებელმა კიდევ ერთხელ ისიამოვნა ბრიტანელი რეჟისორის ფილმებით.

შეგახსენებთ, რომ რეჟისორ ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ხოლო ამერიკულმა ჟურნალმა W 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა და მათ შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი.

სხვადასხვა წლებში ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული ქართული ფილმები იყო: ლევან კოღუაშვილის „ბრმა პაემნები" და ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი".

 

 

მნახველთა რაოდენობა: 272