„ბოროტმოქმედი“ - ვენეციაში დიმიტრი მამულიას ფილმის პრემიერა გაიმართა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → „ბოროტმოქმედი“ - ვენეციაში დიმიტრი მამულიას ფილმის პრემიერა გაიმართა
კინოფესტივალი მედიაში
2019-09-10

5 სექტემბერს ვენეციაში ნაჩვენები იყო დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი", რომელიც საკონკურსო სექციაში „ჰორიზონტები" იყო წარმოდგენილი. მოკლედ რომ ვთქვათ, "ბოროტმოქმედი" - ესაა ისტორია ახალგაზრდა კაცზე, რომელიც მაღაროში მუშაობს და სრულიად შემთხვევით, ერთ დღეს, ცნობილი ფეხბურთელის მკვლელობას შეესწრება.

„მინდოდა ქართული მასალა ყოფილიყო, ოღონდ ყოველგვარი ეგზოტიკის გარეშე" - განაცხადა მამულიამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რუსულ-ქართული კო-პროდუქციაა, ის მთლიანად საქართველოშია გადაღებული. ოდესღაც არსებული იდეა დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის" მიხედვით გაეკეთებინა ფილმი, „ბოროტმოქმედში" ტრანსფორმირდა.

თავის ფილმში მამულია მკველობაზე საუბარს თუ ამ ფენომენის ძიებას მოულოდნელი ფიგურით იწყებს. ის არც დამნაშავეა და არც მსხვერპლი, ის შემთხვევითი მოწმეა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ფეხბურთელის მკვლელობას შეესწრება არ მიდის პოლიციაში. ამ საიდუმლოს თავისთვის ინახავს და საკუთარ გამოძიებას თუ თვალთვალს იწყებს, რომელიც მკვლელობის ხილვისას რაღაც ავადმყოფურ ემოციურ კავშირად თუ მიჯაჭვულობად ჩამოუყალიბდა. მუდმივად ადევნებს თვალს მკვლელის ძიების პროცეს, უყურებს საინფორმაციო საშუალებებში გასულ სიუჟეტებს, გადის კონტაქტზე გარდაცვლილის ახლობლებთან, დაკრძალვაზეც კი მიდის. ხშირად უბრუნდება დანაშაულის ადგილს და გარდაცვლილის ქვრივსა და შვილს უთვალთვალებს. მამულიას ნუარის ჟანრის ფილმი დეტექტიური თრილერია, რომლის გმირი, იმდენად აღმოჩნდება ჩაფლული ამ „დავალების" თუ თავსატეხის ამოხსნით, რომ ბოლოს ყველანაირ ზღვარს სცდება - ხვდება, იმისათვის რომ გაარკვიოს თუ ვის ეძებს ის სინამდვილეში, მათსავით მოქცევა უნდა ისწავლოს. ანუ, მოკვლა უნდა ისწავლოს.

კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი მის ფილმზე საუბრისას ალექსანდრე მინდაძის ნამუშევრებს იხსენებს და ნური ბილგე ჯეილანის ფილმებს ადარებს. ხაზს უსვამს მშვენიერ ოპერატორულ ნამუშევარს (ოპერატორები ალიშერ ხამიხოჯაევი და ანტონ გრომოვი). ამბობს, რომ უცნაურად სიტყვაძუნწი პერსონაჟებით სავსე ფილმის ნახვის შემდეგ, მაყურებელს თავად შეუძლია უსახელო გმირების ბიოგრაფიებისა და მათი ქმედებების მოტივების მოფიქრება. რომ მისი მთავარი გმირი, ორ სამყაროს შორისაა გახლეჩილი: ქარხანა, სადაც ის მუშაობს და ადამიანისგან სრულიად თავისუფალი პეიზაჟები, რომელიც ერთდროულად იდილიისა და ავის მომასწავალებლია - „სოციალური და პოლიტიკური განზომილების, ფსიქოლოგიური ახსნების უარყოფითა და დაკვირვებებით - იქნება ეს ინჟინერი იარაღით, ცხვრების ფარა თუ ველური ჩიტი - რეჟისორი უფსკრულში ჩახედვას გთავაზობს და ამ უკანასკნელს შენში ახედებს. ხო, ეს არ არის ახალი, მარამ საოცრად თავშესაქცევი ატრაქცონია".

„ბოროტმოქმედი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. ფილმის პროდიუსერია სულიკო წულუკიძე, სცენარისტები: დიმიტრი მამულია და არჩილ ქიქოძე, ხოლო მთავარ როლებში: გიორგი პეტრიაშვილი, ნატალია ჯუღელი და მადონა ჩაჩხიანი მონაწილეობენ.

 

მნახველთა რაოდენობა: 305