"ნახე პირველად ბაკურიანში" - ბაკურიანმა ყოველწლიურ კინოფორუმს უმასპინძლა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → "ნახე პირველად ბაკურიანში" - ბაკურიანმა ყოველწლიურ კინოფორუმს უმასპინძლა
კინოფესტივალი მედიაში
2019-10-16

10-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით, ბაკურიანმა ეროვნული კინოცენტრისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ ორგანიზებულ კინოფორუმს - „ნახე პირველად ბაკურიანში" უმასპინძლა. რიგით მესამე პროექტის ფარგლებში მოწვეული იყვნენ კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, კინომცოდნეები, რეჟისორები და მსახიობები. 4 დღის განმავლობაში, მათ ადგილობრივ მაყურებელთან ერთად საშუალება ჰქონდათ ენახათ ფილმები, რომლებიც ფართო აუდიტორიისათვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

აღსანიშნავია, რომ ყოველი ჩვენების შემდეგ იმართებოდა დისკუსია, სადაც მაყურებლები და კრიტიკოსები შემოქმედებით ჯგუფს კითხვებს უსვამდნენ და შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.

ღონისძიება გახსნა საქართველოდან ოსკარზე წარდგენილმა ნამუშევარმა „შინდისი". ფილმის რეჟისორის, დიმიტრი ცინცაძის კიდევ ერთი ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" მეორე დღეს იქნა ნაჩვენები.

მაყურებელს ახალგაზრდა რეჟისორთა ნამუშევრების ნახვის საშუალებაც მიეცა - უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები" და გიგა ლიკლიკაძის „ღორი" მათი სადებიუტო ფილმებია, რომლებმაც მაყურებლისგან საკმაოდ კარგი შეფასება დაიმსახურეს.

პროგრამაში გახლდათ დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი", რომლის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.

გამოსარჩევია დოკუმენტური ფილმებიც. პროგრამაში იყო გიორგი მრევლიშვილის „თორმეტი გაკვეთილი", რომლითაც კინოფორუმი დაიხურა, ხოლო პროგრამის მიღმა ნაჩვენები ლაშა ოთხმეზურისა და ვახო ვარაზის ერთობლივი ნამუშევარი „დაკარგული რვანახევარი", დიდი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

გარდა კინოჩვენებებისა, ბაკურიანის კინოფორუმზე იმართებოდა პანელ-დისკუსიებიც. „შემოქმედებითი ევროპის" ქართული მხარე გაუძღვა დისკუსიას კინომემკვიდრეობის შესახებ, ხოლო კინოცენტრის წარმომადგენლებმა ქართული კინოინდუსტრიის პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

საბოლოოდ, ოთხდღიანმა კინოფორუმმა აჩვენა, რომ კრიტიკოსების, რეჟისორებისა და სხვა მაყურებლების მიერ გამართული ერთობლივი დისკუსიები ქართული კინემატოგრაფისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ყველა მხარეს თანაბრად ეძლევა საშუალება, გამოთქვას აზრი, ისაუბროს არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 283