Tbilisifilmfestival
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია
საერთაშორისო კონკურსი და პრიზები
ევროპული კინოს ფორუმი
ჰორიზონტები
ქართული პანორამა
დამზადებულია გერმანიაში
რეჟისორი ფოკუსში
სპეციალური ჩვენება
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორია

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ის ხელოვნების ფესტივალის “საჩუქრის” ფარგლებში ტარდებოდა, რომელსაც ბევრი სპონსორი და მხარდამჭერი ჰყავდა და, შესაბამისად, კინოფესტივალის პროგრამაც ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 2002 წელს “საჩუქარს” დახურვის საფრთხე დაემუქრა, ამიტომ რამდენიმე თანამოაზრემ (გაგა ჩხეიძე, ნინო ანჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, დავით ბუხრიკიძე, ბესიკ დანელია, გუგა კოტეტიშვილი, გაგა ლომიძე, გიორგი ყაჯრიშვილი) კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე” დააარსა, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი, სხვა პროექტების განხორციელების გარდა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შენარჩუნება იყო. 2002 წელს კინოხელოვნების ცენტრმა “პრომეთემ” კინოფესტივალი დამოუკიდებლად, მწირი ფინანსებით ჩაატარა.

დროთა განმავლობაში “პრომეთემ” თავისი საქმიანობით სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესებაც შეძლო. 2004 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კერძო სპონსორებთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა, მომდევნო წლებში კინოცენტრს თბილისის მერია და კულტურის სამინისტროც შეუერთდა.

კინოფესტივალის მთავარი მიზანია, მაყურებელს გააცნოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრები, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.

პროფესიული შეხვედრები, უორკშოპები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება ფესტივალის ფარგლებში, სტიმულს აძლევს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნიჭისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებას. ჩვენ ვისწრაფით, რომ კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში რეჟისორების, პროდიუსერების, გაყიდვების აგენტებისა და დისტრიბუტორების თავშეყრის ადგილი გახდეს. თავისი არსებობის მანძილზე ფესტივალმა საერთაშორისო მასშტაბით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. წლიდან წლამდე მატულობს ფესტივალზე ფილმის წარდგენისა და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა.

საერთაშორისო კონკურსი და პრიზები
საერთაშორისო კონკურსი და პრიზები

ფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო და მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი. საკონკურსო ფილმებს 5 წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური  აფასებს და გამარჯვებულებს ფესტივალის ოფიციალურ პრიზებს გადასცემს.

იმის გამო, რომ თბილისის კინოფესტივალი დეკემბერში ტარდება, ჩვენ საშუალება გვაქვს კონკურსისთვის წლის საუკეთესო სადებიუტო ფილმები შევარჩიოთ, რომლებმაც უკვე მოიპოვეს გარკვეული წარმატება მსოფლიოს სხვა დიდ თუ პატარა კინოფესტივალებზე.

საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთათვის დაწესებულია ორი ოფიციალური პრიზი: ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისთვის და ვერხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისთვის. (კინოფესტივალის 10 წლისთავზე პრომეთეს ქანდაკებამ სახე იცვალა – გია ჯაფარიძის სკულპტურა თამარ კვესიტაძის მიერ დამზადებულმა პრიზმა შეცვალა.) გარდა ამისა, კინოფესტივალზე ყოველ წელს გაიცემა არაოფიციალური პრიზები, როგორიც არის, მაგალითად, სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრიზი განსაკუთრებული კინოესთეტიკისთვის. პრიზების დაწესება შეუძლიათ სხვადასხვა ორგანიზაციებსაც. მაგალითად, 2011 წელს საქართველოს ბანკმა დააწესა პრიზი „ქართულ პანორამაში” წარმოდგენილი საუკეთესო ქართული ფილმისთვის, რომელიც ჟიურის გადაწყვეტილებით რეჟისორ ნანა ჯანელიძეს მიენიჭა ფილმისთვის „ნეტავი იქ თეატრი არის?!”.

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალის ძირითადი სექციებია:

ევროპული კინოს ფორუმი
ევროპული კინოს ფორუმი

თბილისის საერთაშრისო კინოფესტივალი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ევროპული კინოს ფესტივალი, ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა „ევროპული კინოს ფორუმი”, რომელშიც წარმოდგენილია ბოლო ორი წლის საუკეთესო ევროპული ფილმები.

ჰორიზონტები
ჰორიზონტები

ეს სექციაა აერთიანებს ბოლო ორი წლის საუკეთესო ფილმებს აზიიდან, აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკიდან.

ქართული პანორამა
ქართული პანორამა

თბილისის საერთაშრისო კინოფესტივალი დიდი ყურადღებით ეკიდება ქართული კინოს  სიახლეებს და ყოველწლიურად ქართველ და უცხოელ მაყურებელს სექციაში „ქართული პანორამა” უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს წარუდგენს. თბილისის კინოფესტივალმა ბევრ ნიჭიერ ქართველ კინემატოგრაფისტს გაუხსნა გზა მსოფლიო ასპარეზისკენ.

დამზადებულია გერმანიაში
დამზადებულია გერმანიაში

დაწყებული 2005 წლიდან, თბილისის კინოფესტივალი თავის ერთგულ პარტნიორთან, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ყოველწლიურად წარადგენს უახლესი გერმანული ფილმების პროგრამას „დამზადებულია გერმანიაში”.

რეჟისორი ფოკუსში
რეჟისორი ფოკუსში

ეს სექცია ფესტივალის სტუმარი კინორეჟისორის ფილმების მცირე რეტროსპექტივას სთავაზობს მაყურებელს. ფილმების ჩვენების შემდეგ აუდიტორიას ავტორთან შეხვედრის და მისთვის კითხვების დასმის საშუალება ეძლევა. ხშირად მოწვეული რეჟისორი მასტერკლასსაც მართავს სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პროფესიონალებისთვის.

2011 წელს ამ სექციას სტუმრობდა ცნობილი ფრანგი რეჟისორი ლეოს კარაქსი, წინა წლებში კი მისი სტუმრები იყვნენ: ჰიუ ჰადსონი, ულრიკე ოტინგერი, ბობ რაფელსონი, მაიკ ლი, ჯო რაიტი, პატრიკ კაზალსი, ჰარუტიუნ ხაჩატრიანი.

სპეციალური ჩვენება
სპეციალური ჩვენება

ყოველ წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს კინოს სამყაროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი სტუმრობს – რეჟისორები, ოპერატორები, მსახიობები და პროდიუსერები. სექცია „სპეციალური ჩვენება” წარადგენს მათი შემოქმედებიდან შერჩეულ ერთ ან რამდენიმე ფილმს, რასაც მოყვება შეხვედრა აუდიტორიასთან.
გარდა ამისა, კინოფესტივალი შეძლებისდაგვარად ცდილობს, პატივი მიაგოს დამსახურებული ქართველი კინომოღვაწეების შემოქმედებას. მაგალითად, „სპეციალურ ჩვენებაში” წარმოდგენილი პროგრამით სხვადასხვა დროს აღინიშნა ნატა ვაჩნაძისა და მიხეილ კალატოზიშვილის 100 წლის იუბილე, სერგო ფარაჯანოვის 80 წლის იუბილე, მიხეილ კობახიძისა და ირაკლი კვირიკაძის 70 წლის იუბილე.

Pitch.Doc 
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ მიზანს საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში კინოინდუსტრიის განვითარების სხვადასხვა გზით ხელშეწყობა შეადგენს. ამ მიზნით ფესტივალის ფარგლებში 2009 წლიდან ტარდება ინდუსტრიული სახის ღონისძიება Pitch.Doc, რომლის ორგანიზატორია დოკუმენტური ფილმების საპროდიუსერო კომპანია „საქდოკ ფილმი”.
Pitch.Doc საშუალებას აძლევს კონკურსის წესით შერჩეულ მონაწილეებს, ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში დახვეწონ თავიანთი დოკუმენტური კინოპროექტები გამოცდილი პროფესიონალების რჩევების გათვალისწინებით და შემდეგ საერთაშორისო კომისიას წარუდგინონ, რომელიც ცნობილი კინოდოკუმენტალისტების, საერთაშორისო ფონდებისა და ტელევიზიების წარმომადგენლებისგან შედგება.
სხვადასხვა წლებში Pitch.Doc-ში მონაწილეობდნენ კინოდოკუმენტალისტები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი.

***

გასული 12 წლის მანძილზე ფესტივალმა 500-ზე მეტ რეჟისორს, მსახიობს, კინომცოდნესა თუ პროდიუსერს უმასპინძლა. ამ წლების განმავლობაში ფესტივალის სტუმრები იყვნენ კინოს სფეროს ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან ბობ რაფელსონი, ვანესა რედგრეივი, ლეოს კარაქსი, გრეტა სკაკი, მაიკ ლი, ქშიშტოფ ზანუსი, მიკა კაურისმიაკი, ფრანკო ნერო, ბრუნო დიუმონი, ჰიუ ჰადსონი, ჯაფარ პანაჰი, მარიამ დ’აბო, ფრენკ როდამი, სერგეი სოლოვიოვი, იესიმ უსტაოღლუ, ჰელმა ზანდერს-ბრამსი, ჯო რაითი, ჯიმ სტარკი და სხვები. აგრეთვე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი კინემატოგრაფისტები: ოთარ იოსელიანი, მიხეილ კობახიძე, ირაკლი კვირიკაძე, ნანა ჯორჯაძე, ნინო კირთაძე, მიხეილ კალატოზიშვილი, დიტო ცინცაძე, მერაბ ნინიძე და სხვები.

ფესტივალის მთავარი პარტნიორია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის ორგანიზატორებს მუდმივად უწევენ კონსულტაციას ბერლინალეს „ახალი კინოს ფორუმის” დამაარსებლები ერიკა და ულრიხ გრეგორები, აგრეთვე სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორები, ცნობილი მსახიობები, პროდიუსერები და ამ სფეროს აღიარებული პროფესიონალები. კინოფესტივალი თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გოეთეს ინსტიტუტთან და ფრანგულ ინსტიტუტთან, აგრეთვე ისეთ საერთაშორისო გამოცემებთან, როგორიცაა Hollywood Reporter და Screen Daily.