თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანთან“ ერთად იწვევს მაყურებლებს, მეგობრებს, მხარდამჭერებს, კინემატოგრაფისტებს, კინოს მოყვარულებს, სტუდენტებს, ფესტივალის პარტნიორებს, სპონსორებს განსაკუთრებულ სეანსზე.

ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღის აღსანიშნავად ნაჩვენები იქნება ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, ლინდსეი ანდერსონის „იღბლიანი“ (O Lucky Man!).
შემოგთავაზებთ ახლად აღდგენილ, ციფრულ ვერსიას ქართული სუბტიტრებით.

ევროპული არტ-ჰაუს კინოს დღე წელს მერვედ აღინიშნება. ის ინიცირებულია არტ-ჰაუს კინოთეატრების საერთაშორისო კონფედერაციის (CICAE) მიერ და თანადაფინანსებულია „შემოქმედებითი ევროპის“, „ევრიმაჟის“, „ევროპა სინემას“ და გერმანიის ფედერალური კინოცენტრის მიერ.

12 ნოემბერს ევროპის 40 ქვეყნის 700-მდე კინოთეატრში მოეწყობა არტ-ჰაუს ფილმების სეანსები, გამოფენები, დისკუსიები, შეხვედრები კინემატოგრაფისტებთან და უამრავი სხვა ღონისძიება.

კინოთეატრი „ამირანიც“ უერთდება კინოს ამ ზეიმს და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით მაყურებელს სთავაზობს ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, ლინდსეი ანდერსონის (1923-1984) გახმაურებულ ფილმს „იღბლიანი“.

2023 წელი საიუბილეოა როგორც რეჟისორისთვის, ისე ფილმისთვის. რეჟისორის 100 წლისთავთან ერთად აღინიშნება 50 წელი ეკრანებზე ფილმის გამოსვლიდან.

სეანსის დაწყებამდე მაყურებელს მოკლედ წარვუდგენთ თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამას.

ინფორმაცია რეჟისორისა და ფილმის შესახებ: ინგლისელი რეჟისორი, კინოკრიტიკოსი და ბრიტანული ახალი ტალღის წარმომადგენელი ლინდსეი ანდერსონი ძირითადად თეატრალური სპექტაკლების და სატელევიზიო ფილმების რეჟისორი იყო.

ამასთანავე, წარმატებით მოღვაწეობდა დოკუმენტურ კინოში. შემდეგ მან გადაიღო რამდენიმე ძალიან წარმატებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. „იღბლიანი“ (O Lucky Man!) ტრილოგიის მეორე ნაწილია. ტრილოგიის პირველი ნაწილი იყო ფილმი „თუ“ (1968), რომელმაც 1969 წლის კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო აიღო, ხოლო 1970 წელს წარდგენილი იყო ოქროს გლობუსზე. ტრილოგიის მესამე ნაწილია „ჰოსპიტალი ბრიტანია“ (1982 წ.).

„იღბლიანი“ ტრილოგიის ყველაზე გამორჩეული ფილმია და ბრიტანულ კინემატოგრაფში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ფილმში გრძელდება მალკოლმ მაკდოუელის გმირის, მაიკ ტრევისის ისტორია. მასში მრავლადაა სოციალური სატირის და რეალიზმის ელემენტები.
კინოკრიტიკოსების აზრით, ფილმის წარმატება ასევე განაპირობა ბრიტანელი მუსიკოსის, ჯგუფ „ენიმალსის“ („The Animals“) ყოფილი წევრის, ალან პრაისის სიმღერებმა. 1974 წელს „იღბლიანმა“ ბრიტანული კინოინსტიტუტის პრემია „ბაფტა“ აიღო. იმავე წელს ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე საუკეთესო ორიგინალური მუსიკის ნომინაციაში.

საბჭოთა კავშირში ფილმი ეკრანებზე 1975 წელს გამოვიდა, თუმცა საბჭოთა ცენზურამ ფილმიდან ამოჭრა მთელი რიგი სცენები.

ფილმის ქრონომეტრაჟია 178 წთ.

ბილეთის ღირებულება იგივეა, რაც თბილისის კინოფესტივალის დროს – 5,00 ლარი.